ფრანგული ექსპანსია

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის მეორე დღე ცოცხალი და მოულოდნელობებით გაცილებით მეტად გაჯერებული გამოდგა, ვიდრე სასტარტო. შედარებისთვის: თუკი პირველ დღეს განთესილ ჩოგბურთელთაგან მხოლოდ ფერნანდო გონსალესი და ლეიტონ ჰიუიტი დამარცხდნენ, მეორე დღემ გრანდები უფრო თამამად იმსხვერპლა – მარკოს ბაღდატისი, რადეკ შტეპანეკი, ერნესტს გულბისი, ხუან მონაკო, ნა ლი, ნადია პეტროვა, ლუციე შაფაროვა და იაროსლავა შვედოვა ტურნირს პირველივე წრის შემდეგ გამოეთხოვნენ.


განთესვის შუქ-ჩრდილები
ჩოგბურთში მიღებული განთესვის პრინციპი სამართლიანიცაა და უსამართლოც. სამართლიანი იმიტომ, რომ უძლიერესი ჩოგბურთელები ტურნირის საწყის სტადიებზე ერთმანეთთან დაშორებულნი არიან. მეორე მხრივ, 32 მოწინავეში
თუ არ აღმოჩნდი და ვთქვათ, 33-ე ხარ, სავსებით რეალურია, 34-ე ნომერი შეგხვდეს. და პირიქით – 90-ე ჩოგანს ბედმა შეიძლება რეიტინგის მე-600 ადგილზე მყოფი მეჩოგნე დაგიყენოს მეტოქედ. ამიტომაცაა, რომ იგივე რადეკ შტეპანეკს (განთესვის 28-ე ნომერი) პირველივე წრეში მასზე არანაკლებ გამოცდილი, ფრანგი ჟულიენ ბენეტო შეხვდა, ვინც პლანეტის 37-ე ჩოგანია. შეხვდა და მოუგო კიდეც. და საერთოდ, ფრანგებმა Uშ Oპენ-ის მეორე დღეს რჩეულთა შორის სერიოზული საკადრო წმენდა ჩაატარეს.

Vive Le France!
ამ მიმოხილვის სათაურში სიტყვა ექსპანსია რომ არის, უფრო გასაგებად გავლენის სფეროს გაფართოებას ნიშნავს და სწორედ ეს აქცია განახორციელეს ფრანგმა ვაჟკაცებმა. ტურნირიდან ზემოთ ნახსენები შტეპანეკის, გულბისისა და ბაღდატისის გავარდნა სწორედ ფრანგების სინდისზეა. პრინციპში, მიუხედავად მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომრობისა, კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი ამერიკის ღია პირველობებზე მუდამ სუსტად გამოიყურებოდა (მეორე წრის იქით არასდროს წასულა) და არნო კლემანთან წაგება მოულონდელი სწორედ მისი რეიტინგის გამოა. მარკოსმა ამერიკული საჰარდო სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა (ვაშინგტონში ფინალში იყო, ცინცინატიში – ნახევარფინალში) და თითქოს ნიუ იორკშიც უნდა ჰქონოდა წარმატების იმედი, მაგრამ ცუდმა ფიზიკურმა მომზადებამ და მეტოქის მებრძოლმა ხასიათმა ბაღდატისი თამაშგარეთ დატოვა.

რადეკ შტეპანეკი ძალზე სუსტ სეზონს ატარებს და განთესილთა შორის შარშანდელი წარმატებების ხარჯზე მოხვდა, ბენეტო კი ის კაცია, ვინც 29 წლის ასაკში კარიერის პიკს უწია და მისგან სიურპრიზები კიდევაა მოსალოდნელი.

23 წლის ჟერემი შარდიმ თავისზე ერთი წლით უმცროს ერნესტს გულბისს ერთობ იოლად – სამ სეტში სძლია. ლატვიელს არაფერი გამოსდიოდა და ფრანგს ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში გაუმართა...

სირცხვილია, ხუან...
განთესილ ვაჟთაგან კიდევ ხუან მონაკო დამარცხდა და აი, ეს მართლაც სენსაცია იყო. მერე რა, რომ არგენტინელი ჰარდის დიდოსტატად არ მიიჩნევა და მისი ნამდვილი პროფილი საგრუნტო სეზონის დროს ჩანს ხოლმე. უბრალოდ, თუ ჩოგბურთელი გქვია, ორი წლის წინათ რეიტინგის მე-14 საფეხურზე იმყოფებოდი და დღეს 32-ე ჩოგანი ხარ, არ უნდა მარცხდებოდე მსოფლიოს 205-ე ჩოგანთან. პიტერ პოლანსკის ვერც ვუნდერკინდს უწოდებს კაცი – ერთ კანადურ სოფელში დაბადებული ბიჭი უკვე 22 წლისაა და აქამდე მისი მთავარი მიღწევები რეიტინგის 164-ე ჩოგნობა და სულ ახლახან, მშობლიურ ტორონტოში ავსტრიელი იურგენ მელცერის ძლევა იყო. ახლა ამას ხუან მონაკოს დამარცხება და Uშ Oპენ-ის მეორე წრეში გასვლაც დაემატება...

ტამირას დაბრუნება
სამი წლის წინ "ფლაშინგ მიდოუსზე" ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ქალთა ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავის აკაშკაშება იყო – ტამირა პასეკმა მე-4 წრეს უწია. ტანზანიელი მამის შვილმა ავსტრიაში ისწავლა ჩოგბურთის ანა-ბანა და 16 წლის ასაკში ნიუ იორკის კორტებზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, თანაც რამდენიმე თვით ადრე იგივე შედეგს უიმბლდონზეც მიაღწია. მაშინ ტამირამ დიდ ჩოგბურთში კაროლინე ვოზნიაცკისთან, უფროს რადვანსკასთან და ვიკა აზარენკასთან ერთად თამამად შემოაბიჯა და 16 წლისამ რეიტინგის 35-ე საფეხურამდე ასვლაც მოასწრო, მაგრამ მერე ამ გოგონამ რამდენიმე ტრავმა მიიღო, სპორტული ზრდა შეაჩერა და წლეულს მეოთხე ასეულში დაქვეითება და მეორეში (198-ე ადგილზე) ასვლაც მოასწრო. ეტყობა, მიმდინარე Uშ Oპენ-ის პირველ წრეში მსოფლიო ოცდაათეულში შემავალი ჩეხი ლუციე შაფაროვას ძლევა, მისი დაბრუნების დასაწყისია...

ნა ლი თუ ლი ნა?
ჩინეთში ისევეა, როგორც უნგრეთში და თურქეთში – ჯერ გვარს აცხადებენ და მერე - სახელს. ჰოდა ჩინელი ჩოგბურთელი გვარად არის ლი და სახელად ნა ჰქვია. სწორად კი ლი ნა იქნება. თუმცა, ასეა თუ ისე, 28 წლის ჩინელი ჯერჯერობით ყველაზე მაღალრეიტინგიანია ნიუ იორკის კორტებთან გამოთხოვებულთაგან. მისი მძლეველი კატერინა ბონდარენკო თავის დაზე ნაკლებადაა ავტორიტეტული და ამდენად, მისგან ტოპ-ათეულის წევრი ჩინელის დამარცხებას არავინ ელოდა.

საჩოგბურთო სამყარო ნადია პეტროვას მარცხმაც გააკვირვა. რუს ვეტერანს ბოსნიური წარმოშობის ახალგაზრდა გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა მეტად დაძაბული მატჩი მხოლოდ ტაიბრეკზე მოუგო. აი, ამ შემთხვევაში კი საპირისპიროდ მოხდა: ყაზახი იაროსლავა შვედოვა 22 წლისაა და 31-ე რეიტნგსაც ფლობს, მაგრამ 29 წლისა და კლასიფიკაციაში 148-ე საფეხურზე მყოფ ჩოგბურთელთან კი წააგო. ლოურდეს დომინგეს ლინომ შვედოვას სამ სეტში აჯობა.

სერბული დერბი
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ვიქტორ ტროიცკის შეხვედრა არტურ ეშის კორტზე შედგა და 3 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. ამ შერკინებისას ნიუ იორკში 35-გრადუსიანი სიცხე იდგა და ორივე სერბს ძლიერ გაუჭირდა საუკეთესო თვისებების გამოვლენა. მსოფლიოს მესამე ჩოგანი კი მარცხს რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა. ტროიცკიმ თანამემამულე 23 ეისით "დაბომბა", სეტებში 2:1-ს იგებდა და მეოთხე სეტში ჯერ 2:0 მიყავდა ანგარიშში, მერე – 3:1, ორი ბრეიკის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვიქტორს ალბათ სიცხემ მოუღო ბოლო. ჯოკოვიჩმა ეს სეტი გადაარჩინა და მეხუთეში კი მეტოქე უკვე უპრობლემოდ დაამარცხა.

გაბაშვილიო, ჩაკვეტაძეო...
რუსეთის სახელით მოასპარეზე და წარმოშობით ქართველებმა გაბაშვილმა და ჩაკვეტაძემ ტურნირი პირველი წრის მატჩებით დაიწყეს და დაასრულეს კიდეც. ანა ბოლო დროს ფორმას თითქოსდა იბრუნებდა, მაგრამ 1 საათსა და 1 წუთში აგნეშკა რადვანსკას უმცროს და ურსულასთან დამარცხდა. ცნობისთვის, ურსულამ ბოლო თვეები ზურგის სეიოზული ტრავმის გამო გააცდინა, მაგრამ დაბრუნდა და აი... თემურ გაბაშვილმა კი პუბლიკის დიდი სიმპათია დაიმსახურა – მან ხომ თვით რაფაელ ნადალი ანერვიულა. მართალია, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა თამაში სამ სეტში მოიგო, მაგრამ სეტიცაა და სეტიც – გაბაშვილთან ურთულესი დაპირისპირება 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ფავორიტები მეორე წრეში არიან
ობიექტურები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ხსნებული ნადალისა და ჯოკოვიჩის გარდა, ტურნირის მეორე დღეს მოასპარეზე ვაჟთაგან ტურნირის ფავორიტის სტატუსს არავინ იმსახურებს. აი, ქალთა ნახევარში კი ასეთებს უხვად უთამაშიათ. ყველამ იმარჯვა, თუმცა მათმა ნახევარმა – გაჭირვებით. მარია შარაპოვას და ელენა იანკოვიჩს 3-3 სეტი დაჭირდათ შესაბამისად ავსტრიელი გროტისა და რუმინელი ჰალეპის დასამარცხებლად. სამაგიეროდ, ტურნირის პირველი ჩოგნის სტატუსით მოსარგებლე კაროლინე ვოზნიაცკიმ ამერიკელ ჩელსი გალიქსონს მხოლოდ ორი გეიმი "გაატანა", სლოვაკ კუცოვას ოდნავ მეტი (3) რუსმა ვერა ზვონარიოვამ დაუთმო, მაინცდამაინც არც აგნეშკა რადვანსკას გასჭირვებია პარა სანტონხას ძლევა...

I წრე
კაცები
რაფაელ ნადალი (1, ესპანეთი)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუსეთი) 7(7):6(4), 7(7):6(4), 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (3, სერბეთი)-ვიქტორ ტროიცკი (სერბეთი) 6:3, 3:6, 2:6, 7:5, 6:3; არნო კლემანი (საფრანგეთი)-მარკოს ბაღდატისი (16, კვიპროსი) 6:3, 2:6, 1:6, 6:4, 7:5; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-კრისტოფ ვლიხენი (ბელგია) 6:3, 6:2, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (8, ესპანეთი)-ფაბიო ფონინი (იტალია) 1:6, 7:5, 6:1, 6:4, 4:6, 6:3; მარდი ფიში (19, აშშ)-იან ჰაიეკი (ჩეხეთი) 6:0, 3:6, 4:6, 6:0, 6:1; დენის ისტომინი (უზბეკეთი)-მაქსიმო გონსალესი (არგენტინა) 7:5, 7:5, 6:1; ედუარდო შვანკი (არგენტინა)-რობი ჯინეპრი (აშშ) 6:4, 7(7):6(3), 4:6, 6:3; ტომი რობრედო (ესპანეთი)-ლუკაშ როსოლი (ჩეხეთი) 6:4, 6:3, 6:1; ფელისიანო ლოპესი (23, ესპანეთი)-სანტიაგო ხირალდო (კოლუმბია) 6:4, 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (10, ესპანეთი)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა) 6:2, 6:2, 6:3; ბენიამინ ბეკერი (გერმანია)-დანიელ ბრანდსი (გერმანია) 7(7):6(1), 7(7):6(5), 6:4; დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპანეთი)-იარკო ნიემინენი (ფინეთი) 7(7):6(1), 6:4, 6:3; ბენუა პერი (საფრანგეთი)-რაინერ შუტლერი (გერმანია) 6:3, 6:3, 4:6, 3:6, 7(7):6(2); ფლორან სერა (საფრანგეთი)-ფლორიან მაიერი (გერმანია) 7:5, 6:2, 6:0; დავიდ ნალბანდიანი (31, არგენტინა)-რიკ დე ვუსტი (სამხრეთ აფრიკა) 7(7):6(4), 3:6, 6:4, 6(6):7(8), 6:4; პიტერ პოლანსკი (კანადა)-ხუან მონაკო (30, არგენტინა) 6:2, 7(7):6(5), 6:3; ფილიპ პეცშნერი (გერმანია)-დუშან ლოიდა (ჩეხეთი) 6:3, 6:1, 6:1; ჟერემი შარდი (საფრანგეთი)-ერნესტს გულბისი (24, ლატვია) 6:2, 7(7):6(1), 6:4; ჟულიენ ბენეტო (საფრანგეთი)-რადეკ შტეპანეკი (28, ჩეხეთი) 6:4, 6:2, 4:6, 6:4; ადრიან მანარინო (საფრანგეთი)-პერე რიბა (ესპანეთი) 3:6, 6:1, 6:4, 4:6, 7(7):6(1); პაბლო კუევასი (ურუგვაი)-ჟულიუ სილვა (ბრაზილია) 7(7):6(0), 6:1, 6:2.
ქალები
კაროლინე ვოზნიაცი (1, დანია)-ჩელსი გალიქსონი (აშშ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (14, რუსეთი)-იარმილა გროტი (ავსტრია) 4:6, 6:3, 6:1; ელენა იანკოვიჩი (4, სერბეთი)-სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) 6:4, 4:6, 7:5; კატერინა ბონდარენკო (უკრაინა)-ნა ლი (8, ჩინეთი) 6:2, 4:6, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია)-ნადია პეტროვა (17, რუსეთი) 6:2, 4:6, 7(7):6(4); ვერა ზვონარიოვა (7, რუსეთი)-ზუზანა კუცოვა (სლოვაკეთი) 6:2, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (11, რუსეთი)-კიმიკო დატე-კრუმი (იაპონია) 6:2, 4:6, 6:1; საბინე ლისიცკი (გერმანია)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:1, 6:0; მარია კირილენკო (23, რუსეთი)-ბარბორა ზაჰლავოვა-სტრიცოვა (ჩეხეთი) 7:5, 6:4; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (22, ესპანეთი)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 3:6, 6:0; ბეატრის კაპრა (აშშ)-კაროლინა შპრემი (ხორვატია) 6:1, 6:3; ურსულა რადვანსკა (პოლონეთი)-ანა ჩაკვეტაძე (რუსეთი) 6:3, 6:3; მირიანა ლუჩიჩი (ხორვატია)-ალიშა მოლიკი (ავსტრალია) 7(7):6(5), 6:1; შუაი პენი (ჩინეთი)-შელბი როჯერსი (აშშ) 6(5):7(7), 7(7):6(3), 6:3; ბეთანი მატეკ-სენდსი (აშშ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპანეთი) 4:6, 6:4, 6:1; ივონე მოისბურგერი (ავსტრია)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 3:6, 7:5, 6:0; ტამირა პასეკი (ავსტრია)-ლუციე შაფაროვა (26, ჩეხეთი) 2:6, 7:5, 6:2; არავან რეზაი (18, საფრანგეთი)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკეთი) 7(7):6(5), 7(9), 6(7); აგნეშკა რადვანსკა (9, პოლონეთი)-არანჩა პარა სანტონხა (ესპანეთი) 6:4, 6:3; კაი-ჩენ ჩანი (ტაივანი)-კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 6:2, 6:4; პატი შნიდერი (შვეიცარია)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 6:1, 6:3; იულია გიორგესი (გერმანია)-რომინა ოპრანდი (იტალია) 6:3, 6:4; კაია კანეპი (31, ესტონეთი)-ალიზე კორნე (საფრანგეთი) 3:6, 6:1, 6:0; იანინა ვიკმაიერი (15, ბელგია)-ალა კუდრიავცევა (რუსეთი) 6:1, 6:2; იუნ-ძიან ჩანი (ტაივანი)-ენ კეოთავონგი (ბრიტანეთი) 2:6, 6:1, 6:1; აკგიულ ამანმურადოვა (უზბეკეთი)-შანელ სხეპერსი (სამხრეთ აფრიკა) 6:3, 6:4; სოფია არვიდსონი (შვედეთი)-სორანა კრისტეა (რუმინეთი) 6:1, 6:2; ივეტა ბენეშოვა (ჩეხეთი)- ნურია იაგოსტერა ვივესი (ესპანეთი) 6:3, 7(8):6(6); ლოურდეს დომინგეს ლინო (ესპანეთი)-იაროსლავა შვედოვა (30, ყაზახეთი) 6:4, 3:6, 6:2; ალექსანდრა დულგერუ (25, რუმინეთი)-ჟიული კოენი (საფრანგეთი) 6:3, 6:1; ანასტასია სევასტოვა (ლატვია)-რეგინა კულიკოვა (რუსეთი) 6:0, 2:0, კულიკოვამ თამაში შეწყვიტა; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)-შტეფანი ფიოგელე (შვეიცარია) 6:2, 4:6, 7:5.

ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული