ცივაძის "ოქროს" შემოდგომა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასრულდა ჩოგბურთელთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი ედუარდ კამალოვი) რომელშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა უძლიერესმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ქალებში, როგორც გაუწყეთ, ფინალამდე დათმო ტიტული შარშანდელმა ჩემპიონმა სოფიო შაფათავამ. იგი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძესთან დამარცხდა. ეს უკანასკნელი გადამწყვეტ პაექრობაში თათია მიქაძეს დაუპირისპირდა. პირველი სეტი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ მიქაძემ მოიგო - 7:5, მეორეში გორგოძემ იყოჩაღა - 6:4, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო და მესამე ხელი 3:6 დათმო, რითაც ვერცხლს დასჯერდა. ოქრო, ცხადია, მიქაძეს
ერგო. თათიამ ამ ცოტა ხნის წინათ თბილისში ბათუმის ნავთობტერმინალის პირველობაც მოიგო წყვილებში სოფიო შაფათავასთან ერთად, ერთეულებში კი ფინალი წააგო მაკა ჩახნაშვილთან. რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის პაექრობას, შაფათავა სათამაშოდ არ გამოცხადდა და ბრინჯაო დიანა დავითაიას უბრძოლველად დარჩა.

ვაჟთა ნახევარფინალში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი გიორგი ცივაძე იოლად გაუსწორდა ზურაბ ზედანიას - 6:0, 6:0, მეორე ნომრად განთესილმა ნოდარ ითონიშვილმა კი გიორგი ჯავახიშვილი დაჯაბნა 6:4, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში მხოლოდ პირველი ხელი აღმოჩნდა დაძაბული, რომელიც ითონიშვილმა 7:6 მოიგო, ქვეყნის ჩემპიონზე ამან ცივი შხაპივით იმოქმედა. მეორე-მესამე სეტებში იგი აშკარად ჯობდა მეტოქეს, გაიმარჯვა კიდეც 6:1, 6:3 და ტიტული შეინარჩუნა. მესამე ადგილზე ზედანიას მძლეველი (6:3, 6:3) ჯავახიშვილი გავიდა.

ჩემპიონები და პრიზიორები მედლებითა და თასებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა დააჯილდოვა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული