სერენას ძირითადი კონკურენტები იქნებიან ვიქტორია
მაიამის ტურნირს ერთი დანაკლისი აქვს – ტრავმის გამო არ ითამაშებს სამანტა სტოსური. სამაგიეროდ, ტურს უბრუნდება ჩინელი ნა ლი, რომელიც ბადის იმ მეოთხედში მოხვდა, რომელშიც სერენა უილიამსს ვხედავთ. ასევე, უნდა გავიდეს კორტზე საბინ ლისიცკი, რომელმაც მემფისის ტურნირის ფინალში მიიღო ტრავმა. მას მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ განთესილთა შორის მოხვედრილიყო. ამიტომაც გერმანელს პირველი წრიდან უწევს ტურნირში ჩართვა.
ჟუსტინ ანენის ბედნიერება
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 30 წლის ბელგიელი ჟუსტინ ანენი დედა გახდა. მან და მისმა მეუღლემ - ბენუა ბერტუცომ გოგონას ლალი დაარქვეს.
"ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და როგორც იქნა, მსოფლიოს მოევლინა პატარა ფერია, სახელად ლალი. ის თავს კარგად გრძნობს და მან ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო ბედნიერი გახადა", - დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულმა კარიერის დასრულების შესახებ 2011 წლის იანვარს გამოაცხადა.
ფედერერი მონტე კარლოს გამოტოვებს
შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო მონაწილეობას არ მიიღებენ მონტე კარლოს მასტერსში, რომელიც 13-21 აპრილს გაიმართება. ჩოგბურთელებს არ დაუსახელებიათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც იცით, ფედერერი ასევე ტოვებს მაიამის მასტერსს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მონტე კარლოში თამაშს არ აპირებენ იაპონელი კეი ნიშიკორი და ამერიკელი სემ კუერი.
შეგახსენებთ, რომ შარშან მონტე კარლოს მასტერსი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ფინალში 6:3, 6:1 გაანადგურა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
50-მილიონიანი ამერიკა
ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები 2017 წლისთვის საერთო საპრიზო ფონდის 50 მილიონამდე გაზრდას აპირებენ, - წერს სააგენტო AP.
ახალი თანხა თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, რაც "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე 2012 წელს გათამაშდა. ცვლილება თანდათანობითი იქნება - წელს საპრიზო ფონდი 8.1 მილიონით გაიზრდება (25.5 მილიონიდან 33.6 მილიონამდე). ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, როგორ განაწილდება პრემიალური თანხები. ტურნირის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არ განუხილავთ საპრიზო თანხის გაზრდის საკითხი “დიდი სლემის” სხვა ჩემპიონატების ორგანიზატორებთან.
გარდა ამისა, 2015 წელს აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაცია დაუბრუნებს ამერიკის ღია პირველობას ძველ განრიგს. როგორც იცით, ასოციაციამ ქალთა ფინალი შაბათიდან კვირაზე გადაიტანა, კაცების ფინალი – კვირიდან ორშაბათზე. 2015 წლიდან დაბრუნდება ძველი გრაფიკი და ტურნირი 14 დღე გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეიტინგი: რა შეიცვალა და რას ველოდებით