საფრანგეთის ღია პირველობა 122 წლისაა. პირველად 1891 წელს ჩატარდა და მაშინ ეს იყო ერთდღიანი ეროვნული ტურნირი. რაც ყველაზე საინტერესოა, პირველი გამარჯვებული გახდა... ინგლისელი, ვინმე ჰენრი ბრიგსი.
გასული საუკუნის 20-იანი წლების შუაში, ტურნირი დამაჯერებელი ნაბიჯებით მიდიოდა იქითკენ, რომ მალე არსებობას შეწყვეტდა: უცხოელი ჩოგბურთელები დიდად არ სწყალობდნენ მას, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე კი ასეთი ტურნირები
სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია ის ფურორი, რაც ჟაკ ბრუნიონის, ჟან ბოროტრას, ანრი კოშესა და რენე ლაკოსტის თამაშმა გამოიწვია. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პარიზის მთავრობა მიხვდა - მოძველებული საჩოგბურთო კლუბი, Stade de France 1928 წელს გასამართი მატჩ-რევანშის დასწრების ყველა მსურველს ვერ დაიტევდა. ამიტომაც ახალი არენის აშენება გადაწყდა.
ამ საქმისთვის პორტ-დ'ოტოის გვერდით სამი ჰექტარი მიწა გამოიყო. სამუშაოების დიდი ნაწილის დაფინანსება Stade de France-მა თავის თავზე აიღო. მანვე მოითხოვა, რომ ახალი სტადიონისთვის კლუბის ერთ-ერთი ძველი წევრის, საფრანგეთის არმიის სერჟანტის, ქვეყნის ისტორიაში უპირველეს მფრინავად და ეროვნულ გმირად მიჩნეული როლან გაროს სახელი მიენიჭებინათ. ეს სახელი დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი და ალბათ, ღირს, როლან გაროს გმირობებზე უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ.
დღეს ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ 1915 წლამდე პილოტები ერთმანეთის თვითმფრინავების ჩამოგდებას ჩვეულებრივი პისტოლეტით ან კარაბინით ცდილობდნენ. მუსიე გარომ კი თავის საფრენ აპარატზე ტყვიამფრქვევი დაამაგრა და პირდაპირ მოწინააღმდეგეების თვითმფრინავების პროპელერებს უმიზნებდა ტყვიებს. ეფექტი შთამბეჭდავი გამოვიდა.
პირველივე ბრძოლაში ფრანგმა ერთი გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო, სამი კი გააქცია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მან კიდევ სამი საფრენი აპარატი გაანადგურა და ძალიან მალე როლან გარო შიშის ზარს სცემდა გერმანელ პილოტებს.
1918 წლის 5 ოქტომბერს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და როლან გარო დაიღუპა. მისი ხსოვნა დღეს სათანადოდ არის უკვდავყოფილი, Roland Garros ხომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სავაჭრო მარკად გადაიქცა.
"დიდი სლემის" ოთხივე ტურნირს საკუთარი მოკლე დახასიათება აქვს. აშშ-ის ღია პირველობა - ყველაზე მდიდარი, ავსტრალიის ღია პირველობა - ყველაზე ეგზოტიკური, უიმბლდონი - ყველაზე პრესტიჟული და სნობური; Roland Garros-ს კი, როგორც ჭეშმარიტ პარიზელს, ყველაზე მეტად ასეთი შეფასება შეეფერებოდა - "ყველაზე რომანტიკული".
თავად ჩოგბურთელები ამბობენ, რომ ამ სტადიონზე ყოველთვის ზეიმის ატმოსფერო სუფევს, მაგრამ ეს ყველას აზრი არ არის. მაგალითად, ამერიკელ პიტ სამპრასს Roland Garros-თან უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ამაში გასაკვირი არაფერია - "დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონს პარიზში არასოდეს მოუგია.
ტურნირის ჩატარების დონეზე არც გულშემატკივრები წუწუნებენ. ორი კვირის განმავლობაში მათი საერთო რაოდენობა 400 ათას ადამიანს აჭარბებს. ორგანიზატორებიც ცდილობენ, კომპლექსის ტერიტორიაზე ყოფნა მაქსიმალურად კომფორტულად აქციონ. დასაწყისისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ კორტების გარშემო ავტოტრანსპორტისთვის დაახლოებით 5 ათასი ადგილია გამოყოფილი.
Roland Garros-ის მთელ ტერიტორიაზე უამრავი საინფორმაციო ტაბლო დგას, რომლებზეც on-line-რეჟიმში აისახება ყველა მატჩის მიმდინარეობა. საინფორმაციო უზრუნველყოფის განხრით, განსაკუთრებით გამოსაყოფია ექვსი უზარმაზარი ეკრანი - პირველ, მეორე და მეოთხე კორტებთან და კიდევ სამი - Suzanne-Lenglen-ის კორტთან. ამ ეკრანებზე, შედეგების გარდა, დღის პროგრამა, მოთამაშეების ფოტოები და ბიოგრაფიები აისახება.
გასაკვირი იქნება, რომ აქ მოგვარებული არ იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კვების საქმე Roland Garros-ზე უმაღლეს დონეზეა დაყენებული. კომპლექსის ტერიტორიაზე უამრავი კვების პუნქტია, რომელიც ნებისმიერის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებს დააკმაყოფილებს. აქ უბრალოდ ყავისა და კრუასანის მირთმევა შეიძლება, ან ბანალურ სასადილოში (რომლებსაც მარტივი სახელი აქვთ - Le Buffet) შესვლა.
აქვეა საკმაოდ კარგი რესტორნები - როგორც საშუალო, ასევე მაღალი კლასის. პირველს განეკუთვნება Le Tribune, სადაც სადილი კაცზე დაახლოებით 40 ევრო ჯდება, ხოლო უმაღლესი კლასის რესტორანია - Roland Garros, რომელიც ცოტა ხნის წინ უახლოეს არქიტექტურულ სტილზე გადაკეთდა. აქ უკვე მაღალი ფასებია და ეს არც არის გასაკვირი - იქაურ შეფ-მზარეულს ხუთ საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული დიპლომები უმაგრებს ზურგს, მომსახურე პერსონალიც კარგად არის გაწვრთნილი.
მოკლედ - გადაიხადე და დატკბი სიმშვიდით, ექსკლუზიურობით და ტერასებიდან ბრწყინვალე ხედით, რომელიც ეგზოტიკურ მცენარეებზე გადის.
სხვა რა კომფორტია... ტრიბუნებს ქვემოთ სათავსოებში გარე სამყაროსთან კავშირის რამდენიმე კვანძია (კორტის ტერიტორიაზე აკრძალულია მობილურის ხმარება), სუვენირების მაღაზიები, არანორმალურად დიდი რაოდენობის ტუალეტები, ფოტოფირების ექსპრეს-გამჟღვანებისა და დაბეჭდვის პუნქტები და რა თქმა უნდა, Tenniseum, ანუ ჩოგბურთის მუზეუმი.
Roland Garros-ის საბილეთო პროგრამა, ისევე, როგორც "დიდი სლემის" დანარჩენ ტურნირებზე, საკმაოდ დემოკრატიულია. საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებზე დასწრება თითქმის უფასოა - 4 ევრო დღიური აბონემენტისთვის. შემდეგ კი ფასები დამოკიდებულია იმ სტადიებზე, რომლებზეც ტურნირი იმყოფება; აგრეთვე - მომსახურების იმ დონეზე, რომლის მიღებასაც გულშემატკივარი ითხოვს.
პრინციპში, ფინალურ მატჩზე მოხვედრაც არ არის რთული. შეგიძლიათ საერთოდ არ დაჯავშნოთ ბილეთი. გარშემო უამრავი გადამყიდველია და ისინი სიამოვნებით მოგყიდიან ბილეთს 100-150 ევროდ.
სხვა გზით წასვლაც შეიძლება - "სწორი" მოქალაქეებისთვის. ტურისტული სააგენტოების ყველაზე უბრალო VIP-პაკეტი დასწრების დღის მიხედვით ფასდება - 600 ევროდან (ტურნირის პირველი ორი დღე) 1050 ევრომდე (ფინალი). ამ თანხად შეიძლება, ცენტრალურ კორტზე პირველი კატეგორიის ადგილი მიიღოთ, ისარგებლოთ სპეციალური შესასვლელით, რესტორანში ისადილოთ...
თუ მაქსიმუმის გადახდა გსურთ, ფასი ერთი ადამიანისთვის დაახლოებით 2000 ევროა დღეში. ზემოთ ჩამოთვლილი კომფორტის გარდა, ამ პაკეტით შეიძლება ისარგებლოთ დახურული პავილიონით, პარკინგის ადგილით, პირადი მცველით. გარდა ამისა, პავილიონში აუცილებლად არის ტელეფონი, ფაქსი და... რომელიმე მოთამაშე. რა თქმა უნდა, სუპერვარსკვლავი არა, მაგრამ მაინც პროფესიონალი. სხვათა შორის, მასთან ერთად თამაშიც შეიძლება.
და თუ სრული პროგრამით დაიხარჯებით, ტურნირზე ორი კვირა ყოფნა დაახლოებით 30 ათასი ევრო ღირს.
ბოლო 30 წლის ფინალი
1983 ნოა (საფ)-ვილანდერი (შვედ) 6:2, 7:5, 7:6
1984 ლენდლი (ჩეხ)-მაკინროი (აშშ) 3:6, 2:6, 6:4, 7:5, 7:5
1985 ვილანდერი (შვედ)-ლენდლი (ჩეხ) 3:6, 6:4, 6:2, 6:2
1986 ლენდლი (ჩეხ)-პერნფორსი (შვედ) 6:3, 6:2, 6:4
1987 ლენდლი (ჩეხ)-ვილანდერი (შვედ) 7:5, 6:2, 3:6, 7:6
1988 ვილანდერი (შვედ)-ლაკონტი (საფ) 7:5, 6:2, 6:1
1989 ჩანგი (აშშ)-ედბერგი (შვედ) 6:1, 3:6, 4:6, 6:4, 6:2
1990 ანდრეს გომესი (ეკვ)-აგასი (აშშ) 6:3, 2:6, 6:4, 6:4
1991 კურიე (აშშ)-აგასი (აშშ) 3:6, 6:4, 2:6, 6:1, 6:4
1992 კურიე (აშშ)-კორდა (ჩეხ) 7:5 6:2 6:1
1993 ბრუგერა (ესპ)-კურიე (აშშ) 6:4, 2:6, 6:2, 3:6, 6:3
1994 ბრუგერა (ესპ)-ბარასატეგი (ესპ) 6:3, 7:5, 2:6, 6:1
1995 მუსტერი (ავსტრია)-ჩანგი (აშშ) 7:5, 6:2, 6:4
1996 კაფელნიკოსი (რუს)-შტიხი (გერ) 7:6(4), 7:5, 7:6(4)
1997 კუერტენი (ბრა)-ბრუგერა (ესპ) 6:3, 6:4, 6:2
1998 მოია (ესპ)-კორეჩა (ესპ) 6:3, 7:5, 6:3
1999 აგასი (აშშ)-მედვედევი (უკრ) 1:6, 2:6, 6:4, 6:3, 6:4
2000 კუერტენი (ბრა)-ნორმანი (შვედ) 6:2, 6:3, 2:6, 7:6(6)
2001 კუერტენი (ბრა)-კორეჩა (ესპ) 6:7(3), 7:5, 6:2, 6:0
2002 ა. კოსტა (ესპ)-ფერერო (ესპ) 6:1, 6:0, 4:6, 6:3
2003 ფერერო (ესპ)-ფერკერკი (ჰოლ) 6:1, 6:3, 6:2
2004 გაუდიო (არგ)-კორია (არგ) 0:6, 3:6, 6:4, 6:1, 8:6
2005 ნადალი (ესპ)-პუერტა (არგ) 6:7(6), 6:3, 6:1, 7:5
2006 ნადალი (ესპ)-ფედერერი (შვეიც) 1:6, 6:1, 6:4, 7:6(4)
2007 ნადალი (ესპ)-ფედერერი (შვეიც) 6:3, 4:6, 6:3, 6:4
2008 ნადალი (ესპ)-ფედერერი (შვეიც) 6:1, 6:3, 6:0
2009 ფედერერი (შვეიც)-სიოდერლინგი (შვედ) 6:1, 7:6(1), 6:4
2010 ნადალი (ესპ)-სიოდერლინგი (შვედ) 6:4 6:2 6:4
2011 ნადალი (ესპ)-ფედერერი (შვეიც) 7:5, 7:6(3), 5:7, 6:1
2012 ნადალი (ესპ)-ჯოკოვიჩი (სერ) 6:4, 6:3, 2:6, 7:5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი ოთხეული ისევ გაერთიანდა