რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მერვედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ფინალებით დასრულდა "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა.

მამაკაცთა ფინალშიც ფავორიტი წინასწარ იყო ცნობილი. რაფაელ ნადალმა მთავარი მატჩი ნახევარფინალში მოიგო და ბევრს არ სჯეროდა, რომ მისი თანამემამულე დავიდ ფერერი შეძლებდა რაფასთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.

ამ მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი ამყარებდა.

ფინალში თამაშის გამოცდილების მხრივ, მეტოქეებს შორის უდიდესი განსხვავება იყო. ფერერს 42 (!) ცდა დასჭირდა იმისთვის, რომ "დიდი სლემის" ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე მიეღწია. გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრებში ნადალი 19:4-ს უგებდა დავიდს. ამ 23 მატჩიდან 17 გრუნტის
კორტებზე მოდიოდა და აქ ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო: 16:1! ეს ერთადერთი გამარჯვება ფერერმა 2004 წელს, შტუტგარტის ტურნირზე მოიპოვა.

ფერერმა დამაჯერებლად აიღო ფინალის სასტარტო გეიმი, მაგრამ 1:1-ზე აჩქარდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ნადალს ბრეიკით დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა იქვე, რაფას შეცდომების დრო დადგა და ახლა უკვე ფავორიტმა წააგო საკუთარი გეიმი.

მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ნადალი მხოლოდ მაშინ ცდებოდა, როცა რისკზე მიდიოდა; ფერერს კი მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც იტყვიან, ხელი უკანკალებდა და მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. არადა, მთელი ტურნირის განმავლობაში, დავიდს არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

შედეგად, ყოველ პარტიაში ბრძოლა მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე იყო. პირველში დავიდი 3:2-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო. მეორეში ნადალი 3:0 და 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ოდნავ მოდუნდა და საკუთარი გეიმი წააგო, მაგრამ იქვე მიიღო მეტოქისგან საჩუქარი ორი ორმაგი შეცდომის სახით და "მშრალი" ანგარიშით გაიფორმა ბრეიკი.

ფერერი რაღაცის შეცვლას ცდილობდა მესამე სეტში, 0:2-დან გაათანაბრა ანგარიში, ბრეიკ-პოინტი მოიპოვა მეშვიდე გემში, თუმცა ამ დროს საკმაოდ იოლი ფორჰენდი გააფუჭა და ამით გაწბილებულმა, შემდეგი გეიმი ორმაგი შეცდომით დაასრულა. ნადალს ისღა რჩებოდა, მატჩზე ჩაეწოდებინა, რაც გააკეთა კიდეც.

პარიზის ღია პირველობა
ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:3, 6:2, 6:3.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



კაცების ფინალი ციფრებში
- რაფაელ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ერთი ტურნირი რვაჯერ მოიგო (2005-08, 2010-13). შვიდ-შვიდი გამარჯვება აქვთ ექვს ჩოგბურთელს, მაგრამ მხოლოდ ორმა - პიტ სამპრასმა (1993-95, 1997-2000) და როჯერ ფედერერმა (2003-07, 2009, 2012) - მოიგო შვიდი ტიტული "ღია ერაში" (უიმბლდონზე).

- "დიდ სლემის" ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით (12), ნადალი ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა - ის ამ პოზიციას ავსტრალიელ როი ემერსონთან იყოფს. ლიდერია ფედერერი (17), შემდეგ მოდის სამპრასი (14).

- "დიდ სლემზე" თავისი მე-12 ტიტული ნადალმა 27 წლისა და 6 დღის ასაკში მოიპოვა. ფედერერმა იგივე უფრო ახალგაზრდა ასაკში შეძლო (26 წლის და 32 დღის), სამპრასმა (27 წლის, 326 დღის) და ემერსონმა (30 წლის, 226 დღის) - უფრო გვიანდელ ასაკში.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ჩატარებული ფინალების რაოდენობით, ნადალი (17) უტოლდება ავსტრალიელ როდ ლეივერს, ჩამორჩება ფედერერს (24), ივან ლენდლსა (19) და სამპრასს (18), მაგრამ უსწრებს შვედ ბიორნ ბორგს (16), ავსტრალიელ კენ როზუოლსა (16) და ამერიკელ ანდრე აგასის (15).

- ნადალმა კარიერაში 57-ე ტიტული მოიგო. წელს მის ანგარიშზე 7 გამარჯვებაა (სან პაულუ, აკაპულკო, ინდიან უელსი, ბარსელონა, მადრიდი, რომი, როლან გაროსი). მეორე მაჩვენებელი (3 ტიტული) აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს (ავსტრალიის ღია, დუბაი, მონტე კარლო).

- ნადალმა წელს 43-ე მატჩი მოიგო. ამ მაჩვენებლით ის დიდი უპირატესობით უსწრებს დავიდ ფერერს (37 მოგება), ნოვაკ ჯოკოვიჩსა (33) და შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას (30).

- ეს იყო მეოთხე ესპანური ფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე. წინა სამი ესპანური დერბიც როლან გაროსზე გაიმართა. 1994 წელს სერხი ბრუგერამ მოუგო ალბერტო ბერასატეგის - 6:3, 7:5, 2:6, 6:1; 1998 წელს კარლოს მოიამ დაამარცხა ალექს კორეჩა - 6:3, 7:5, 6:3; 2002 წელს ალბერტ კოსტამ სძლია ხუან-კარლოს ფერეროს - 6:1, 6:0, 4:6, 6:3.

- "დიდი სლემის" ტურნირებზე ყველაზე მეტი "ეროვნული" ფინალი ჰქონდათ ამერიკელებსა (16) და ავსტრალიელებს (10). ესპანეთი (4) - მესამეა. თითოჯერ ჩატარდა არგენტინული, გერმანული და შვედური ფინალი.

- უცნაურია, მაგრამ ATP-ის ახალ რეიტინგში როლან გაროსის ჩემპიონი ნადალი მეოთხე ადგილს დაუთმობს ფინალისტ ფერერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული