პირველ სეტში გადამწყვეტი ბრეიკი ვერდასკომ მეათე გეიმში გააკეთა და ამაში მას მარეიც დაეხმარა, რომელმაც ესპანელის სეტბოლზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეორე პარტიაში პირველი ბრეიკი მარეიმ გააკეთა და 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ვერდასკომ მეექვსე გეიმში დაიბრუნა დაკარგული. ენდის სერიოზული პრობლემები ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე და მერვე გეიმში ისევ მისცა მეტოქეს
დრამატულ მეცხრე გეიმში მასპინძელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერდასკომ ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და არა მხოლოდ გეიმი გადაარჩინა, არამედ სეტიც მოიგო - 6:3, რითაც შოკში ჩააგდო ცენტრალურ კორტზე შეკრებილი პუბლიკა. მარეი, რომელსაც ფერნანდოსთან ურთიერთშეხვედრებში 9:1 მიჰყავდა ანგარიში, თითქმის უშანსოდ აგებდა მეოთხედფინალს.
მესამე სეტი ბრიტანელმა ორმაგი შეცდომით დაიწყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მისი ერთადერთი ჩავარდნა პარტიაში. ენდიმ ორი ბრეიკი აიღო და მხოლოდ ერთი გეიმი მისცა ესპანელს. სამაგიეროდ, მეოთხე სეტში მარეის ისევ შეექმნა პრობლემები და პირველ და მესამე გეიმებში ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. მასპინძელი ჩოგბურთელი გაუმკლავდა ნერვულ დაძაბულობას და 3:3-ზე, მეშვიდე გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა.
ვერდასკომ მეხუთე სეტი აგრესიულად დაიწყო და დიდი ხანი მიღებაზე შანსს არ აძლევდა ფავორიტს. კვანძი მე-11 გეიმში გაიხსნა, როცა 20-დარტყმიანი გათამაშებით ენდიმ ბრეიკ-პოინტი მიიღო და ეს შანსი გამოიყენა, შემდეგ კი მატჩზე ჩაწოდებაც შეძლო.
მარეის კარიერაში ეს იყო მეშვიდე შემთხვევა, როცა მან 0:2-დან შეძლო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. უიმბლდონზე მან ეს მეორედ გააკეთა - პირველად 2008 წელს, ფრანგი რიშარ გასკეს წინააღმდეგ.
ბრიტანელი ჩოგბურთელი ზედიზედ მეხუთედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში და იქ პოლონელ იერჟი იანოვიჩს შეხვდება, რომელიც კარიერაში მხოლოდ მეხუთე "დიდ სლემს" თამაშობს და ოთხ საუკეთესოს შორის პირველად გააღწია.
იანოვიჩს საკმაოდ ნერვული მატჩი ჰქონდა თანამემამულე ლუკაშ კუბოტის წინააღმდეგ, თუმცა მაინც მოახერხა სამ სეტში მოგება - 7:5, 6:4, 6:4. აღსანიშნავია, რომ ეს იყო იერჟისთვის მე-40 გამარჯვება პროფესიულ ტურში. პოლონელი 22 წლის და 236 დღისაა და ასე ახალგაზრდა ასაკში, უიმბლდონის ნახევარფინალში 2009 წლის შემდეგ არავის უთამაშია.
იანოვიჩმა თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა, მის მეტოქეს კი მთელი მატჩის განმავლობაში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ასევე, აღსანიშნავია იანოვიჩის 30 ეისი და 58 "ვინერსი". ამ მოგებით მან გაინაღდა ახალ რეიტინგში ადგილი ტოპ-ოცეულში.
რაც შეეხება მარეისა და იანოვიჩის ურთიერთშეხვედრებს, ანგარიშია - 1:1. პოლონელმა ბრიტანელი შარშან, პარიზის მასტერსზე დაამარცხა.
* * *
მეორე ნახევარფინალში სუპერწყვილი მივიღეთ - ნოვაკ ჯოკოვიჩი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ.
შემთხვევით არ ამბობდა წინა მატჩის მოგების შემდეგ სერბი - ახლა უფრო კარგად ვთამაშობ, ვიდრე 2011 წლის უიმბლდონზე, როცა ტიტული მოვიგეო. ჯოკოვიჩმა ჩეხი ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ორ საათსა და 15 წუთში 7:6(5), 6:4, 6:3 მოიგო.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საწყის სეტში ოთხი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, სადაც მცირე უპირატესობას მიაღწია - 7:5. ნოვაკს ერთადერთი ჩავარდნა მატჩში მეორე სეტის სტარტზე ჰქონდა, ბერდიხი ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა - 3:0 (ჩეხს მთელი მატჩის განმავლობაში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა), მაგრამ მომდევნო შვიდ გეიმში სერბმა სამი ბრეიკის აღება მოასწრო და 6:4 მოიგო, მესამე სეტის მოსაგებად კი მეტოქის მოწოდების ერთხელ აღებაც საკმარისი აღმოჩნდა და ჯოკოვიჩი ზედიზედ მეოთხედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.
სერბმა შეხვედრა 16 ეისითა და 38 "ვინერსით" დაასრულა და ბერდიხთან ურთიერშეხვედრებში 14:2 წაიყვანა ანგარიში.
რაც შეეხება ხუან მარტინ დელ პოტროსა და დავიდ ფერერის შეხვედრას, ის ძალიან ჰგავდა ჯოკოვიჩისა და ბერდიხის დაპირისპირებას. აქაც მატჩი ორი საათი და 15 წუთი გაგრძელდა, წაგებულ ჩოგბურთელს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ფერერმა ვერ შეძლო. ჩატარდა ერთი ტაი-ბრეიკი და ის ასევე 7:5 დასრულდა. განსხვავება კი ის იყო, რომ დელ პოტრომ სამი ბრეიკი გააკეთა (ჯოკოვიჩმა - ოთხი) და ნოვაკზე ერთით ნაკლები გეიმი წააგო.
მოკლედ, არგენტინელი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ BBC-ზე მატჩის კომენტატორმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ აღნიშნა, რომ დღევანდელი დელ პოტრო ძალიან ჰგავს ოთხი წლის წინანდელს, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობა მოიგოო.
ჯოკოვიჩი და დელ პოტრო მეთორმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. სერბი წინ არის - 8:3, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შარშან უიმბლდონის კორტზე არგენტინელმა ლონდონის ოლიმპიადის მე-3 ადგილისთვის მატჩი მოუგო სერბს. მათი ბოლო შეხვედრაც (წელს, ინდიან უელსის ნახევარფინალში) დელ პოტროს გამარჯვებით დასრულდა.
1/4-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 7:6(5), 6:4, 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:2, 6:4, 7:6(5); იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 7:5, 6:4, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 4:6, 3:6, 6:1, 6:4, 7:5.
1/2-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-დელ პოტრო (8); იანოვიჩი (24)-მარეი (2).