ანა ტატიშვილმა ბუდაპეშტის ტურნირში მხოლოდ სასტარტო მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ბუდაპეშტში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), ანა ტატიშვილმა ერთეულთა თანრიგში მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო რეკა-ლუკა იანისთან (უნგრეთი), მეორე წრეში კი შაჰარ პეერთან (ისრაელი) დამარცხდა ორ სეტში - 1:6, 1:6.

თბილისელმა ჩოგბურთელმა ნინა ბრატჩიკოვასთან (რუსეთი) ერთად წყვილებში აგნეს ბუკტას და რეკა-ლუკა იანის (ორივე - უნგრეთი) 7:5, 6:3 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

საფრანგეთში ბიარიცის 100.000-იან ქალთა ტურნირს გამოეთიშა სოფიო შაფათავა - წყვილებში ალექსანდრინა ნაიდენოვასთან (ბულგარეთი) შეამხანაგებულმა მეოთხედფინალური პაექრობა ლაურა ტორპეს (საფრანგეთი) და შტეფანი ფოგტის (ლიხტენშტეინი) დუეტთან დათმო - 4:6,
6:1, 2:10.

ფოგთი-ტორპეს ტანდემმა სტარტზე პირველ ნომრად განთესილი მენდი მინელა (ლუქსემბურგი) და ალექსანდრა პანოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:7, 7:6, 10:8.

სტამბულის 25.000-იან ტურნირში ასპარეზობდა ოქსანა კალაშნიკოვა. თბილისელმა სპორტსმენმა ზედიზედ სძლია თურქ იპეკ სოიღუს (6:4, 6:3) და სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვას (6:4, 6:3), მაგრამ მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ კატერინა კოზლოვას (უკრაინა) ვერ გასცდა - 4:6, 3:6 წააგო.

სამაგიეროდ, ჩვენებურმა წყვილებში მიაღწია ნახევარფინალს: უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკთან ერთად ოქსანა ტურნირის რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში მათ მეტოქე არ ჰყავდათ. მეორეში მელის სეზერსა (თურქეთი) და ჟასმინა ტინჯიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აჯობეს (6:3, 6:1) და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ბასაკ ერეიდინთან (თურქეთი) და ელიზავეტა კულიჩკოვასთან (რუსეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ალინა ფომინა (უკრაინა), ანია პრისლანი (სლოვენია) და კაგლა ბუიკაკჩაი, პემრა ოზგენი (ორივე - თურქეთი) შეხვდებიან ერთმანეთს.

* * *
თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მეორე წრეს ვერ გასცდა ალექსანდრე მეტრეველი - პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ ჰენრიკე კუნჰასთან დამარცხდა - 4:6, 6:7.

ამავე ტურნირის სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას გიორგი ცივაძე - რუმინელ კოსტინ პავალთან წააგო 6:7, 1:6.

ქართველი ჩოგბურთელი კარპატელთან მეორედაც დამარცხდა, ამჯერად წყვილებში. მეტრეველთან ერთად იგი კოსტინ პავალისა და დავიდ სოფაურის (ავსტრალია) დუეტს ვერ გაუმკლავდა - 6:7, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული