ალექსანდრე მეტრეველი: "მზიურის" კორტები პრობლემებს შეგვიმსუბუქებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას შარშან წარმატებებიც ჰქონდა და ნაკლოვანებებიც, რომელთა აღმოსაფხვრელად ძალა და ენერგია არ დაუშურებიათ.

მაინც რა გაკეთდა ქართულ ჩოგბურთში 2013 წელს? ამის შესახებ გვესაუბრება ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც წელიწადია, ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

- სასიამოვნო ინფორმაციით მინდა დავიწყო: 2014 წელს თბილისში, "მზიურის" ტერიტორიაზე ცხრა ღია და ორი დახურული კორტის მშენებლობა დაიწყება თავისი ადმინისტრაციული შენობით. ისინი მწყობრში ჩადგება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.

თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასპორტო ბაზა ქართული ჩოგბურთის განვითარებისთვის წინგადადგმული მნიშვნელოვანი
ნაბიჯი იქნება, რაც სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქალაქის მერიის დამსახურებაა.

- რადგანაც ბაზით დაიწყეთ საუბარი, იქნებ სხვა ობიექტების შესახებაც გვითხრათ რამე...
- მთელი ჩემი ცხოვრება "დინამოს" აწ უკვე ყოფილ ბაზაზე გავატარე - ის ჩემი მეორე სახლი იყო, რომ არაფერი ვთქვა მამაჩემსა და მისი თაობის სხვა ჩოგბურთელებზე. "დინამოს" კორტები ყოფილ საბჭოეთში საუკეთესო სამეულში შედიოდა ინფრასტრუქტურით, მიკროკლიმატითა და კორტების განლაგებით.

არ შეიძლებოდა მისი დანგრევა. მართალია, სანაცვლოდ მტკვრის სანაპიროზე, "ოლიმპიკის" აუზთან ააშენეს ახალი ბაზა, მაგრამ იგი "დინამოსთან" ახლოსაც ვერ მივა. ქალაქის ცენტრიდან შორსაც არის.

სკოლის შემდეგ მოზარდებს ვერიდან, ვაკიდან, საბურთალოდან თუ სხვა უბნებიდან უჭირთ იქ სავარჯიშოდ სიარული. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ტალანტებს ვკარგავთ. "მზიურის" კორტები ბევრ პრობლემას გადაჭრის.

რაც შეეხება სხვა ბაზებს, ყველა გასხვისებულია და თავისი პატრონი ჰყავს. ფედერაციის ბალანსზე არც ერთი კორტი არ ირიცხება. ამიტომ შეჯიბრებების გასამართავად მოედნებს ვქირაობთ, ზოგჯერ პირადი კონტაქტების საშუალებით ვახერხებთ ტურნირების ჩატარებას.

რამდენჯერმე უსასყიდლოდ დაგვითმეს თავიანთი ბაზები გურამ თოხაძემ, მიხეილ ბუთხუზმა, ლევან რაზმაძემ. ჩვენი ფედერაციაც ვერის პარკის საჩოგბურთო ბაზაზეა შეხიზნული, სადაც ბოლო დროს შეგვექმნა ნორმალური სამუშაო პირობები. ორი წელიწადია, პანტიანში ელგუჯა პეტრიაშვილმა 4 ღია კორტი კეთილმოაწყო თავისი სასტუმროთი. ისიც გვეხმარება. ამიტომ ამ ხალხის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- იანვრის მიწურულს სხვადასხვა ასაკში ევროპის პირველობები გაიმართება. გუნდები, ალბათ, დაკომპლექტებული გეყოლებათ.
- შარშან უტრეხტში, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მარიამ ბოლქვაძემ და ანა ახალკაცმა 44 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის ხელშეწყობის შედეგია. ახლაც სწორედ მათი თანადგომით ვემზადებით ევროპის პირველობებისთვის.

ფესტივალის შემდეგ ახალკაცი გერმანიაში ვარჯიშობდა ცნობილ სპეციალისტ ნიკი პილიჩთან. იგი შარშან, წლის მიწურულს დაბრუნდა თბილისში და გუნდთან ერთად ემზადება კონტინენტის პირველობისთვის.

16-წლიანებში, მის გარდა, საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ გოგონებში მარიამ ბოლქვაძე და მედეა პეტრიაშვილი, ხოლო ბიჭებში - ირაკლი მეტრეველი, ვაჟა შუბლაძე და გუგა თავაძე; 14-წლიანებში - ანა შანიძე, მარიამ დალაქიშვილი, ნინო ნასიპიანი, ზურაბ ტყემალაძე, ნიკა დავლიანიძე და დავით ჭელიძე. ეს ის გუნდია, რომლის წევრებიც 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან.

12-წლიანთა შემადგენლობა ასეთია: ნიკოლოზ ერგენიძე, ლაშა-გიორგი კიკვიძე, ცოტნე ძიმისტარიშვილი, ია სალუქვაძე, ნინო ნაცვლიშვილი და დალიდა ქადარია. ზოგიერთი ჩოგბურთელის დიდი იმედი გვაქვს, რადგან მათ საერთაშორისო ტურნირებში უკვე აჩვენეს საკუთარი შესაძლებლობები: ტყემალაძე 2013 წლის შედეგებით ევროპის 14-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარი სახსრებით და გერმანიაში ექვს ტურნირში იასპარეზა.

დავლიანიძე რეიტინგში 60 საფეხურით დაწინაურდა. შარშანვე ვერის პარკის კორტებზე 12-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი ერთეულებში ანა შანიძემ მოიგო, წყვილებში კი შანიძე და დალაქიშვილი ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

დალაქიშვილმა ზაფხულში ჩეხეთის ტურნირზეც გაიმარჯვა. წინსვლა აქვს ბათუმელ ბოლქვაძესაც. ბოლო დროს იგი სისტემატურად მონაწილეობს პროფესიონალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირებში.

- და მაინც, ქართული ჩოგბურთის განვითარების ინდიკატორად დევისისა და ფედერაციის თასებზე ნაჩვენები შედეგები უნდა დავასახელოთ. აქ კი სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. მით უმეტეს, რომ ქალთა და ვაჟთა გუნდების ზოგიერთ წევრს ფედერაციასთან გარკვეული უთანხმოებაც ჰქონდა.
- დავიწყოთ ფედერაციის თასით. პირველ ევროაფრიკულ ზონაში ვიყავით. ტურნირს ისრაელმა უმასპინძლა. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. გადასასვლელ მატჩში თურქებთან დავმარცხდით. სამწუხაროდ, არ გვყავდა პირველი ნომერი ანა ტატიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

ამის შედეგი იყო, რომ რეიტინგში ორმოცდაათეულიდან უცებ მესამე ასეულში აღმოჩნდა. კიდევ კარგი, რომ წლის მიწურულს რამდენიმე ტურნირში წარმატებით ითამაშა და საკლასიფიკაციო მდგომარეობა გამოასწორა. თუმცა ბრისბენის ტურნირმა და ავსტრალიის ღია პირველობამ დაგვანახვა, რომ ანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კონდიციების აღდგენა. ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა ის ინფორმაცია, თითქოს ტატიშვილმა ნაკრებში ფედერაციასთან უთანხმოების გამო არ ითამაშა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტატიშვილების ოჯახს გარკვეული პრობლემები აწუხებთ და მათ გადასაჭრელად დახმარება სჭირდებათ.

სამწუხაროდ, 2013 წელს ანას უსახსრობის გამო ის თანხაც ვერ მივეცით, 2011-12 წლებში რომ ეძლეოდა. არჩევნების შემდეგ ჩვენი ფედერაციისთვის პირველი სამუშაო წელი იყო, ჩვენც გვქონდა გარკვეული სიძნელეები, რომლებსაც აუცილებლად დავძლევთ.

ანაც აღიდგენს ჩვეულ სპორტულ ფორმას და წლეულს იგი აუცილებლად ითამაშებს საქართველოს ნაკრებში, რომლის უპირველესი ამოცანაა ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში დაბრუნება, რაც ნამდვილად არ გაგვიჭირდება, რადგან ნაკრებში გვეყოლება სოფიო შაფათავაც, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, რეიტინგიც გაიუმჯობესა და წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოხვდა.

ეროვნულ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც წყვილებში 60 საუკეთესოში შედის.

ასე რომ, აპრილში, ფედერაციის თასის ევროაფრიკული ზონის შეჯიბრებაში, რომელსაც ლიტვური შიაულიაი უმასპინძლებს, აუცილებლად გადავალთ პირველ ზონაში. აქვე ისიც მინდა დავძინო, რომ აქედანვე ვიზრუნებთ 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის. ერთეულებში უპირველესი კანდიდატია ტატიშვილი, თუმცა შაფათავასაც აქვს წარმატების მიღწევის შანსები. წყვილებში კი ტატიშვილისა და კალაშნიკოვას დუეტის იმედი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათ ერთად რამდენიმე ტურნირში ითამაშონ, ერთმანეთის მანერები და ხასიათები გაიგონ, რადგან წყვილთა პაექრობაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხებათ ვაჟებს, ერთ დროს დევისის თასის გათამაშებაში ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფის ბინადარნი ვიყავით.

ახლა კი საამაყო არაფერი გვაქვს: შვიდი წელიწადია, ერთ ადგილს ვტკეპნით - მესამე ზონას ვერ გავცდით. შარშან ჯგუფში ჩვენებმა სამი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ მეორე ჯგუფში გადასასვლელი ორთაბრძოლა ნორვეგიასთან დათმეს. პირველი ნომერი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ გვყოლოდა, დარწმუნებული ვარ, სხვა შედეგი იქნებოდა.

- ბასილაშვილს კი პრობლემები აქვს ფედერაციასთან ურთიერთობაში...
- უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰქონდა. ზოგადად, იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ბასილაშვილით რომელიღაც ქვეყანა იყო დაინტერესებული და ნიკაც იქ გადასვლას აპირებდა. ჩვენ შარშან, წლის მიწურულს შევხვდით ბასილაშვილს, ბევრი რამ გავარკვიეთ. ვფიქრობ, ურთიერთობა დალაგდა. ჩვენ გვესმის ნიკასი, იმედია, მანაც გაგვიგო.

გვიხარია, რომ ისევ საქართველოს სახელით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებში. ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. წლეულს, მაისში, უნგრეთი უმასპინძლებს დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ერთი საფეხურით დავწინაურდებით.

მით უმეტეს, რომ ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს - ვლადიმერ გაბრიჩიძე, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვში საქმიანობდა და ახლა ჩვენ გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყოფილ კაპიტან ვიქტორ ბაკშის, რომელმაც ყველაფერი გაიღო საიმისოდ, რომ ძნელბედობის ჟამს ჩვენთვის ვაჟთა გუნდი შეენარჩუნებინა და ხელთ არსებული რესურსით შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეკეთებინა.

- რესურსი ახსენეთ და, ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია თუ იგრძნობა?
- ქალებში ნაკლებად. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის. ვაჟებში მეტია კონკურენცია - სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, შოთა მეფარიძე იბრძვიან ნაკრებში მოსახვედრად. ბასილაშვილი, ცხადია, უკონკურენციოა.

- მეფარიძეზე მინდა გკითხოთ - მას უფლება ჰქონდა, წლეულს ავსტრალიის ღია პირველობაზე 18-წლიანთა შორის ეასპარეზა, მაგრამ მწვანე კონტინენტზე ვერ გაემგზავრა...
- სამწუხაროდ, უსახსრობის გამო - სპონსორი ვერ იშოვა და ჩვენც ვერ აღმოვუჩინეთ დახმარება. შარშან მან პირველად ითამაშა დევისის თასზე, რაც ახალგაზრდა ჩოგბურთელისთვის დიდი სტიმული იყო.

მეფარიძე ჩინეთში წლევანდელი ახალგაზრდების ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის. პირველ-მეორე კატეგორიის ტურნირებში უნდა ითამაშოს, რომ 32 საუკეთესოში მოხვდეს და საგზური გაინაღდოს. ცხადია, ძნელია, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.

ჩინეთში გასამგზავრებლად ალექსანდრე ბაკშისაც აქვს მცირე შანსები, გოგონებში კი კანდიდატი, სამწუხაროდ, არავინ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცრუობთ ბატონო აკა, არანაირი პრობლემა არ მოგიგვარებიათ ტატიშვილთან და ბასილაშვილთან,უფრო მეტიც თქვენი პროვოკაციებით შაფათავასთან და ნაკრების გოგონებტან გააფუცეტ ურთიერთობა
gujaguja
27 იანვარი 2014 10:02
0
ცუდად არის პროფესიონალების საქმე.ერთი ტატიშვილს და ბასილაშვილს კითხეთ რატომ არ ითამაშეს ეროვნულ ნაკრებში
gogagoga
22 იანვარი 2014 03:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული