აზარენკა დამაჯერებლად გავიდა დოჰას ტურნირის ფინალში, მაგრამ იქ ტიტულისკენ გზა გადაუღობა ჩეხმა ლუსი საფაროვამ. ეს უკანასკნელი ბელორუსთან ურთიერთშეხვედრებში 0:6-ს აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში უკეთესი სტარტი გამოუვიდა - 3:1. მალე აზარენკამ სიტუაცია გამოასწორა, 4:3 დაწინაურდა და მიღებაზე 30:0-ს იგებდა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი შეხვედრაში
მეორე სეტში კი ყველაფერი გადაწყვიტა ვიქტორიას ტრავმამ. ფეხის ტკივილის გამო ის თითქმის ვერ გადაადგილდებოდა კორტზე და ასეთ მდგომარეობაში სამი გეიმის აღება ნამდვილი გმირობა იყო.
ამ ფინალის შემდეგ აზარენკა 38-ე ადგილზე გადავა WTA-ს კლასიფიკაციაში, ლუსი კი პირად რეკორდს დაამყარებს - მე-11 ჩოგანი გახდება.
დოჰა (ყატარი)
ფინალი
ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:4, 6:3.
* * *
ზემოთ ნახსენებმა მარია შარაპოვამ გასულ კვირას, მოულოდნელად, აკაპულკოს ტურნირზე თამაში გადაწყვიტა. აქ მას სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. ძალიან იოლად გაიარა პირველი ორი რაუნდი და მეოთხედფინალის პირველ სეტში გაანადგურა მაგდალენა რიბარიკოვა, მაგრამ მეორე სეტში შეცდომების დაშვება დაიწყო და წააგო პარტია. მესამე სეტის დროს რუსმა კორტზე ექიმი გამოიძახა, რაღაც პრეპარატი მიიღო და მაინც მოიგო მატჩი, თუმცა მეორე დღეს კორტზე გასვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ნაწლავის ვირუსი დასახელდა.
ასე რომ, ფრანგი კაროლინ გარსია უბრძოლველად გავიდა ფინალში და იქ შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის შეხვდა. გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა - ბაშჩინსკიმ, რომელიც მატჩიდან მატჩამდე უმატებდა, მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ფრანგისთვის.
აღვნიშნავთ აკაპულკოს ტურნირის ორგზის ჩემპიონის, სარა ერანის სუსტ გამოსვლას - მან უკვე მეორე წრეში წააგო მონიკა პუიგთან - 1:6, 1:6. როგორც ჩანს, იტალიელმა ვერ მოასწრო აღდგენა რიო-დე-ჟანეიროს ტურნირის შემდეგ, რომელშიც სარამ მთავარი პრიზი მოიპოვა.
აკაპულკო (მექსიკა)
ფინალი
ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 5)-კაროლინ გარსია (საფ, 1) 6:3, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"