ინდიან უელსი: რუსების შავი დღე

AutoSharing Option
ინდიან უელსში ქალები მამაკაცებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან და მათ მესამე წრეში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა. აქაც იყო ერთი სენსაცია - ბრძოლას გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი აგნიეშკა რადვანსკა, რომელმაც ვერ გაუძლო ბრიტანელი ჰიზერ უოტსონის ზეწოლას. პოლონელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან.

აგნიეშკამ პირწმინდად დათმო სისწრაფეში, აგრეთვე, მისთვის არადამახასიათებელ შეცდომებს უშვებდა. სწორედ ამის გამო წააგო მან სასტარტო სეტის პირველი და ბოლო გეიმები, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე სეტში კი ბრიტანელს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდა (პოლონელი 4:2-ს იგებდა), მაგრამ არ დაიბნა და
მეტოქის ორ ბრეიკს სამით უპასუხა. ამით უოტსონმა კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა TOP10-ის მოთამაშესთან მატჩში - 6:4, 6:4.

გუშინ შავი დღე ჰქონდათ რუს ჩოგბურთელებს - ამ ქვეყნის სამი წარმომადგენელი გამოეთიშა ბრძოლას. მათ შორის ორი განთესილი იყო - ეკატერინა მაკაროვა და სვეტლანა კუზნეცოვა, რომელსაც ამერიკელმა სლოუნ სტივენსმა მოუგო. ეს უკანასკნელი ძალიან კარგ ფორმაშია, რადგან წინა რაუნდში გერმანელ ანჟელიკ კერბერს გაუსწორდა და ახლა, მერვედფინალში სერენა უილიამსს შეხვდება.

სლოუნისა და სერენას მატჩი მერვედფინალის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ სტივენსმა ავსტრალიის ღიაზე დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, თუმცა 2013 წელს, აშშ-ის ღიაზე სერენამ რევანში აიღო.

უმცროსმა უილიამსმა გუშინ 53 წუთში გაანადგურა ყაზახი ზარინა დიასი. აქ ბრძოლა პირველი სეტის 1:1-მდე იყო, რის შემდეგაც ამერიკელმა 13-დან 12 გეიმი აიღო - 6:2, 6:0. სერენა კვლავაც დაუმარცხებელია 2015 წელს.

როგორც ზემოთ ვთქვით, გამოეთიშა ბრძოლას ეკატერინა მაკაროვა. მან შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკისთან წააგო. ამ ჩოგბურთელის გამოსვლა ინდიან უელსის ტურნირის ერთ-ერთი ინტრიგაა. ბაშჩინსკის 14-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. ამ სერიაში შედის ფედერაციის თასზე ორი მატჩის მოგება, ორ ტურნირზე (აკაპულკოსა და მონტერეიში) გამარჯვება და ინდიან უელსზე მერვედფინალში გასვლა. შვეიცარიელის მომდევნო მეტოქე უკრაინელი ელინა სვიტოლინა იქნება, რომელმაც მოულოდნელად მოუგო ჩეხ ლუსი საფაროვას.

მერვედფინალის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი წყვილია - სიმონა ჰალეპი-კაროლინა პლიშკოვა. რუმინელი ჩოგბურთელი, ჯერჯერობით, რთულად მიიწევს წინ. მას ჯერ დარია გავრილოვასთან მოუწია სამი სეტის ჩატარება, ახლა კი იგივე დასჭირდა ვარვარა ლეპჩენკოს წინააღმდეგ - 6:1, 3:6, 6:1.

ძალიან რთულია ჰალეპისა და პლიშკოვას მატჩში ფავორიტის გამოყოფა. ჩეხის მთავარ იარაღს - მოწოდებას გუშინ ესპანელი გარბინ მუგურუსა ვერ გაუმკლავდა და 5:7, 4:6 დამარცხდა.

ქალები
1/16-ფინალი
ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7) 6:4, 6:4; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:6(4), 6:7(5), 6:0; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 19) 7:5, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 26) 6:1, 3:6, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ზარინა დიასი (ყაზ, 28) 6:2, 6:0; სლოუნ სტივენსი (აშშ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 22) 7:6(4), 1:6, 6:4; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 27)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8) 3:6, 7:5, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ, 23)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 10) 7:6(5), 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული