ინდიან უელსი: როჯერ ფედერერი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" მეოთხედფინალური ეტაპი ისე ვითარდებოდა, რომ შესაძლებელი იყო ძველი დროის გახსენება, როცა დიდი ტურნირების ნახევარფინალში "დიდი ოთხეულის" წევრები იყრიდნენ თავს.

თავდაპირველად ბოლოს წინა ეტაპზე ერთმანეთზე გავიდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი, შემდეგ იქ იოლად შეაბიჯა როჯერ ფედერერმა, მაგრამ რაფაელ ნადალმა, რომელიც ბოლო პერიოდში ვერ ბრწყინავს, სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და მისთვის არადამახასიათებლად ყველა მნიშვნელოვანი ქულა წააგო მილოშ რაონიჩთან და თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა. არადა, ესპანელს წინა ექვსი მატჩი მოგებული ჰქონდა კანადელისთვის.

ნადალისგან განსხვავებით, ფედერერს ერთი წაგება (ცხრა მატჩში)
ჰქონდა რაონიჩთან. ეს სულ ახლახანს - პარიზის შარშანდელი "მასტერსის" მეოთხედფინალში მოხდა, თუმცა ამის შემდეგ ფედერერმა ორჯერ აუღო რევანში კანადელს - წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე და წელს ბრისბენის ტურნირის ფინალში, როცა როჯერმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება იზეიმა.

ინდიან უელსის ნახევარფინალის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა. მილოშს კარგად მისდიოდა მოწოდება და მეტოქეს მიღებაზე შანსს არ აძლევდა. თითქოს საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში რაონიჩი ანერვიულდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დათმო საკუთარი გეიმი და მთლიანად სეტი.

მეორე პარტია როჯერის უპირატესობით დაიწყო. ლეგენდამ თავიდანვე შეასრულა ბრეიკი და დარჩენილ გეიმებში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია - 7:5, 6:4. ფედერერი მეორმოცედ გავიდა "მასტერსის" სერიის ტურნირების ფინალში. აღსანიშნავია, რომ დუბაის ტურნირიდან მოყოლებული, ფედერერს ზედიზედ 19 სეტი აქვს მოგებული.

* * *
ისევე როგორც შარშან, როჯერი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. სერბი ძალიან იოლად გაუსწორდა ენდი მარეის. 2013 წლის უიმბლდონის ფინალის მოგების შემდეგ, ბრიტანელი ვერაფრით ახერხებს ნოვაკის დამარცხებას. ჯოკოვიჩის მოგებათა სერია მარეისთან უკვე ექვს მატჩამდე ავიდა.

ამჯერად, კლასში დიდი სხვაობა ჩანდა. მარეი დასაშვებზე გაცილებით მეტ შეცდომას უშვებდა და ნოვაკს არ გასჭირვებია 5:1 დაწინაურება. მართალია, მან სეტზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მიღებაზე დაასრულა პარტია.

მეორე სეტში ენდიმ მოახერხა უფრო სტაბილურად თამაში, მაგრამ ნოვაკს მაინც უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. თან ენდიმ თავიდანვე დათმო საკუთარი გეიმი და მისი დაბრუნების შანსი თითქმის არ ჰქონდა - ბრეიკ-პოინტებს ჯოკოვიჩი კარგი მოწოდებებით იგერიებდა. პირველი მატჩბოლი ბრიტანელმა ეისით მოიგერია, მაგრამ ნოვაკმა დამაჯერებლად ჩააწოდა მატჩზე.

ასე რომ, ფედერერმა მიიღო შარშანდელ ფინალში წაგებისთვის რევანშის აღების საშუალება. მაშინ ჯოკოვიჩმა მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გაიფორმა ტიტული. საინტერესოა, რომ აქედან მოყოლებული, როჯერი და ნოვაკი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ შვეიცარიელმა მოიგო. პირად შეხვედრებშიც ფედერერი წინ არის - 20:17.

კაცები
1/4 ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან, 6)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3) 4:6, 7:6(10), 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9) 6:4, 6:0; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12) 6:3, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 32) უარი.

1/2 ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 6) 7:5, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 4) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული