ინდიან უელსი: როჯერმა იბრძოლა, მაგრამ...

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსი" კლასიკური ფინალით დასრულდა: ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ. შარშანაც გადამწყვეტ მატჩში ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სერბმა მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე მოიპოვა ტიტული.

ჯოკოვიჩს კარგად ახსოვდა ორ სეტში წაგებული დუბაის ტურნირის ფინალი, ამიტომაც მაქსიმალურად კონცენტრირებული გავიდა კორტზე და პირველივე გათამაშებიდან ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს. სერბმა მეექვსე გეიმში შეასრულა ბრეიკი, შემდეგ კი ბრწყინვალე სტილში აიღო ორი თავისი მოწოდება.

მაგრამ მაყურებელს სანახაობაც სჭირდებოდა და მიიღო კიდეც მეორე სეტში. ჯოკოვიჩმა მოულოდნელად თამაშში დააბრუნა ფედერერი. ნოვაკი ბრეიკით იგებდა მეორე პარტიას, 5:3
იყო წინ ტაი-ბრეიკზე, მაგრამ თამაში მაინც მესამე სეტში გადავიდა.

ფინალში ჯოკოვიჩმა მისთვის უჩვეულოდ ბევრი ორმაგი შეცდომა დაუშვა - ხუთი. პრობლემა არა რაოდენობაში, არამედ იმ მომენტებშია, როცა ეს გაუგებრობა ხდებოდა. მაგალითად, ორი ასეთი შეცდომა იყო ტაი-ბრეიკზე, როცა ნოვაკი მინი-ბრეიკით გადიოდა წინ.

მესამე პარტიაში ჯოკოვიჩი გაბრაზდა და მაშინვე გააკეთა ბრეიკი. ამას მოჰყვა მარათონული გეიმი ნოვაკის მოწოდებაზე, რომელიც შვეიცარიელის სასარგებლოდ დასრულდა. როჯერი ისევ დაბრუნდა თამაშში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბოლოჯერ. საფინიშო სპურტი ნოვაკისა იყო. 2:3-ზე ფედერერმა ასევე ორმაგი შეცდომით დათმო გეიმი. ბოლოსკენ სერბი დამაჯერებლად აკონტროლებდა თამაშს და დიდი მარაგით აიღო მესამე სეტი - 6:2.

მთავარი სტატისტიკური მომენტი ჯოკოვიჩისთვის - 50-ე ტიტულია ATP-ის ტურში. ნოვაკმა გაუსწრო თავის მწვრთნელს, ბორის ბეკერს, რომელსაც 49 ტიტული აქვს. ჩოგბურთელები 38-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ფედერერი ისევ წინ არის - 20:18.

ჯოკოვიჩმა შეინარჩუნა ტიტული ინდიან უელსში. ახლა თითქმის პაუზის გარეშე იწყება მაიამის "მასტერსი", ოღონდ იქ ფედერერი არ გამოვა. როჯერმა დასვენება და ძალების აღდგენა გადაწყვიტა.

ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 6:7(5), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული