მაიამის "მასტერსი": ჯოკოვიჩი ოდნავ გააწვალეს

AutoSharing Option
მამაკაცებმა მაიამის "მასტერსზე" მესამე წრე დაასრულეს და სრულად დაკომპლექტდა მერვედფინალური წყვილები.

კვლავ უპრობლემოდ მიიწევს წინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა პირველი პარტია 26 წუთში მოუგო სტივ დარცისს, თანაც ისე, რომ ბელგიელს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია. მეორე პარტიაში კი სტივს მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, როცა ბრეიკით 5:4 დაწინაურდა და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მაგრამ ჯოკოვიჩმა ეს გაუგებრობა მალე აღმოფხვრა და 88 წუთში საბოლოო გამარჯვება გაიფორმა - 6:0, 7:5.

მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება, რომელმაც 3:5-დან გადაარჩინა პირველი
სეტი ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩის წინააღმდეგ და ასევე 88 წუთში ასეთი ანგარიში დააფიქსირა - 7:5, 6:4. ახლა უკრაინელს ჯოკოვიჩის დამარცხება სჭირდება შარშანდელი შედეგის გასამეორებლად.

* * *
როგორც ჩანს, ფორმაში შედის ესპანელი დავიდ ფერერი, რომელმაც არც ისე წარმატებით დაიწყო 2015 წლის სეზონი. მეექვსე ნომრად განთესილს მეტოქედ ლუკაშ როსოლი ჰყავდა და ჩეხმა სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა 33 წლის ვეტერანს. როსოლმა შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ფერერმა ექვსი ასეთი საფრთხის მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ, 92 წუთში გაიმარჯვა - 6:4, 7:5. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეოთხე შეხვედრა და დავიდმა მეოთხედ მოუგო ჩეხს.

ფერერი მერვედფინალში ფრანგ ჟილ სიმონს შეხვდება, რომელმაც 6:3, 6:4 დაამარცხა კოლუმბიელი ალეხანდრო ფალა. სიმონს ამ მატჩის მოსაგებად ოთხიდან სამი ბრეიკპოინტის გამოყენება ეყო.

* * *
სეზონში მე-20 გამარჯვება მოიპოვა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ, თანაც ეს ძალიან იოლად გააკეთა. აზიელმა 63 წუთში გაანადგურა სერბი ვიქტორ ტროიცკი - 6:2, 6:2. ნიშიკორი ბრწყინვალედ თამაშობდა გადამწყვეტ ქულებზე - ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ასევე იოლად გააღწია მერვედფინალში ნიშიკორის შემდეგმა მეტოქემ - დავიდ გოფენმა. ბელგიელს 76 წუთი დასჭირდა პოლონელი იერჟი იანოვიჩის დასამარცხებლად - 6:4, 6:3. გოფენმა გაიმეორა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე თავისი საუკეთესო შედეგი - 2013 წელს, ცინცინატიში მან ასევე მერვედფინალში ითამაშა.

* * *
მაიამის "მასტერსს" შემორჩენილმა ერთადერთმა ამერიკელმა ჯონ ისნერმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ. თან ამის გაკეთება ურთულესი მეტოქის - გრიგორ დიმიტროვის დამარცხებით შეძლო. მეტოქეებს ორ-ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. ისნერმა ეს შანსები 100 პროცენტით გამოიყენა, დიმიტროვმა კი ვერც ერთი ბრეიკი ვერ აიღო. ამის მიზეზი ის არის, რომ კარგად მუშაობდა ისნერის მთავარი იარაღი - მოწოდება. ამერიკელმა 15 ეისით დაასრულა 76-წუთიანი მატჩი - 7:6(2), 6:2.

ისნერს მერვედფინალში კანადელ მილოშ რაონიჩთან შეხვედრა მოუწევს, რომელსაც შეეძლო ფრანგი ჟერემი შარდის მარტივად დამარცხება, მაგრამ მეორე სეტში 5:4-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა. ჩოგბურთელებს მესამე სეტის ჩატარება მოუწიათ და მილოშმა ტაი-ბრეიკზე გატეხა ფრანგის წინააღმდეგობა - 6:1, 5:7, 7:6(3).

საინტერესოა, რომ ურთიერთშეხვედრებში ისნერი 2:0-ს უგებს რაონიჩს.

კაცები
1/16-ფინალი
ჯონ ისნერი (აშშ, 22)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 9) 7:6(2), 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტივ დარცისი (ბელ) 6:0, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 5)-ჟერემი შარდი (საფ, 31) 6:1, 5:7, 7:6(3); დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 26) 6:4, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 4)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 32) 6:2, 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:5, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ, 18)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 6:4, 6:3.

1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-დოლგოპოლოვი; სიმონი (12)-ფერერი (6); ნიშიკორი (4)-გოფენი (18); ისნერი (22)-რაონიჩი (5); მანარინო (28)-ტიმი; ანდერსონი (15)-მარეი (3); ბერდიხი (8)-მონფილსი (17); მონაკო-ვერდასკო (29).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული