რაფაელ ნადალი მეხუთემდე ჩამოვიდა

AutoSharing Option
ამერიკული ტურნირების სერიის შემდეგ ორივე რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, თუმცა ქალებს შორის კლასიფიკაციის ზედა ნაწილში ხუთეული იგივე დარჩა...

ბრძოლა მეორე ადგილისთვის
ქალების პირველ ხუთეულში ინტრიგა მხოლოდ მარია შარაპოვასა და სიმონა ჰალეპის ბრძოლაა. სხვა მხრივ, ჩოგბურთელები ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს. სერენა უილიამსმა დამაჯერებლად დაიცვა თავისი ქულები, თუმცა ამის გარეშეც დომინირებს პირველ ადგილზე.

შარაპოვამ კი ძალიან წარუმატებლად ითამაშა ამერიკულ ტურნირებზე და რთულია მას უწოდო სერენას მთავარი კონკურენტი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. თან რუსს გრუნტის სერიის ტურნირებზე შარშან მოპოვებული ქულების დაცვის რთული გრაფიკი აქვს: 2014 წელს
მარიამ მოიგო შტუტგარტში, მადრიდსა და როლან გაროსზე. თუმცა მის კონკურენტს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში სიმონა ჰალეპს ასევე ბევრი ქულა აქვს დასაცავი - მადრიდისა და როლან გაროსის ფინალებისთვის.

როგორც ჩანს, დიდი ხანი დარჩება მეოთხე ადგილზე პეტრა კვიტოვა. მისთვის მიმდინარე სეზონი ცუდად მიმდინარეობს, მაგრამ ჩეხს დიდი მარაგი აქვს. პეტრას ქულების მესამედი უიმბლდონზე შარშანდელ მოგებაზე მოდის. ასე რომ, უახლოეს პერიოდში მის ქვემოთ მყოფი ვერც ერთი კონკურენტი ვერ შეძლებს კვიტოვას დაქვეითებას.

სანჩეს-ვიკარიოს ნაკვალევზე
სახელოვანი ესპანელი ჩოგბურთელი არანჩა სანჩეს-ვიკარიო აქამდე ქალთა ტოპ-ათეულის ბოლო ესპანელი წარმომადგენელი იყო. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი TOP10-დან 2001 წელს გამოვარდა და იქიდან მოყოლებული, ვერც ერთი მისი თანამემამულე ვერ ახერხებდა ათეულთან მიახლოებას. 14-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ბარიერი კარლა სუარეს-ნავარომ გადალახა. თან მან მაიამიში უშუალო კონკურენტ ანდრეა პეტკოვიჩს მოუგო და გამოაგდო ის TOP10-დან.

ნადალმა ოთხეული დატოვა
პირველად 2013 წლის წლის იანვარის შემდეგ, რაფაელ ნადალი მეხუთე ადგილამდე დაეშვა, თუმცა ახლა სწორედ ესპანელის დრო დგება. თუ ნადალი იდეალურად ჩაატარებს გრუნტის სეზონს, შეძლებს რამდენიმე ასეული ქულით მარაგის შევსებას. ამასთან, ესპანელს ქულების დაცვის დაძაბული გრაფიკიც აქვს და რამდენიმე წარუმატებლობის შემთხვევაში, რაფა, შესაძლოა, პირველი ათეულის ბოლოში ვიხილოთ.

ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანი მაიამის ფინალისტი ენდი მარეი გახდა. ბრიტანელი დიდი ხანი დარჩება ამ პოზიციაზე, რადგან როჯერ ფედერერი 2500 ქულით არის წინ, ხოლო კეი ნიშიკორი არასტაბილურია და თან 800 ქულას აგებს ბრიტანელთან.

ფედერერის შანსები გრუნტზე
როჯერ ფედერერმა არ ითამაშა მაიამიში და ამით ხელიდან გაუშვა ნოვაკ ჯოკოვიჩთან დიდი ჩამორჩენის შემცირების შანსი. თუმცა გრუნტის სეზონში შვეიცარიელს ყველაზე კარგი სიტუაცია აქვს ტოპ-მოთამაშეებს შორის. შვეიცარიელმა უნდა დაიცვას მონტე კარლოს ფინალი და როლან გაროსის მერვედფინალი.

სხვა ტურნირებზე კი როჯერს შეუძლია მნიშვნელოვნად შეივსოს ქულათა მარაგი. ამით ის უიმბლდონის წინ შეამცირებს სხვაობას ჯოკოვიჩთან. თუმცა მაინც თითქმის გამორიცხული ჩანს ნოვაკთან 4500-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 981
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 7 890
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 7 571
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 060
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 675
6(6). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 200
7(7). ეჟენი ბუშარი (კან) 4 122
8(9). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 420
9(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 385
10(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 340

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 205
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 895
3(4). ენდი მარეი (ბრიტ) 6 060
4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 280
5(3). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 255
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 5 070
7(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 670
8(9). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 510
9(8). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 405
10(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 360

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული