"საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის" ნომინაციაში გაიმარჯვა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 2014 წელს უიმბლდონზე გაიმარჯვა და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. ჯოკოვიჩის კონკურენტები იყვნენ: ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი), მოტოგრანპრის ჩემპიონი მარკ მარკესი (ესპანეთი), ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), გოლფისტი რორი მაკილროი (ბრიტანეთი) და ჭოკით მხტომელი რენო ლავილენი (საფრანგეთი), რომელიც 2014 წლის თებერვალში 6.16 მეტრზე გადახტა და
ქალებს შორის ანალოგიურ ნომინაციაში გაიმარჯვა ეთიოპიელმა მორბენალმა გენზებე დიბაბამ. მისი მთავარი მიღწევა ის იყო, რომ 2014 წლის ზამთრის სეზონში სამ დისციპლინაში (1500 მ, 3000 მ, 2 მილი) გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, თან ეს ორი კვირის ინტერვალით მოახერხა. ნომინანტებს შორის იყვნენ: ვალერი ადამსი (ბირთვის კვრა, ახალი ზელანდია), მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბოლა, ნორვეგია), სამთო მოთხილამურე ტინა მაზე (სლოვენია), ჩოგბურთელები - ნა ლი (ჩინეთი) და სერენა უილიამსი (აშშ).
32 წლის ნა ლიმ გუშინდელ ცერემონიაზე მიიღო პრიზი "განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის". ლი, რომელმაც შარშან დაასრულა კარიერა, ერთადერთი ჩინელი ჩოგბურთელია, ვისაც "დიდი სლემის" ტურნირი მოუგია. იმის გამო, რომ ცერემონია შანხაიში იმართებოდა, შეიძლება ეს პრიზი განვიხილოთ, როგორც რევერანსი ორგანიზატორების მისამართით.
ასევე, გამოვლინდა "წლის საუკეთესო გუნდი". ამ ნომინაციაში გაიმარჯვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა. სხვა ნომინანტები იყვნენ: შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრები, საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი", NBA-ს ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი", ევროპის ნაკრები გოლფში და ფორმულა 1-ის საჯინიბო "მერსედესი".
დაბოლოს, "წლის გარღვევის" ნომინაციაში "ოსკარი" მიიღო ფორმულა 1-ის გუნდის, "რედ ბულის" წევრმა, ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ, რომელმაც 2014 წლის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ამ ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი, შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრები, ამერიკელი სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინი, ფეხბურთელები - მარიო გიოტცე (გერმანია) და ხამეს როდრიგესი (კოლუმბია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"