ასე იქმნება სახელგანთქმული დინასტიები თეატრში, კინოში, სპორტში... სპორტსმენების მაგალითები მართლაც ძალიან ხშირია, რადგან ბავშვი საკუთარი თვალით ხედავს ცოცხალ მაგალითს და უნებლიედ სპორტის მიმდევარი ხდება. ამ მხრივ არც ჩოგბურთია გამონაკლისი.
დღეს გთავაზობთ მასალას ვარსკვლავური ნათესავების შესახებ, რომლებმაც ჩოგბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში გამოიჩინეს თავი.
რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი ნათესაური წყვილი შექმნეს რაფაელ ნადალმა და მისმა ბიძამ, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ცნობილმა ფეხბურთელმა მიგელ ანხელ ნადალმა. ესპანეთის
სამწუხაროა, რომ ჩოგბურთელი დავიდ ფერერი და იმავე "ბარსელონაში" უფროსი ნადალის პარტნიორი ალბერტ ფერერი ნათესავები არ არიან, თორემ ძალიან საინტერესო სურათს მივიღებდით. რაფამ უკვე დიდი ხანია აჯობა ტიტულებითა და პოპულარობით თავის ბიძას.
* * *
საფრანგეთის ნაკრების ორ ლიდერს - გაელ მონფილსსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას მამები სპორტსმენები ჰყავდათ. თუ რუფინ მონფილსმა ფეხბურთში განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია, დიდიე ცონგა ხელბურთში კონგოს ნაკრების წევრი იყო. მართალია, არ ვიცით ხელბურთის რა დონეა აფრიკის ამ ქვეყანაში, მაგრამ ეროვნული ნაკრები ყოველთვის მაღალი დონეა."საფეხბურთო" ნათესავები ჰყავს კიდევ ორ ცნობილ ჩოგბურთელს. ფრანგი მიკაელ ლოდრას მამას 1973-74 წლების სეზონში "პარი სენ-ჟერმენში" მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. სამაგიეროდ, ენდი მიურეის ბაბუამ როი ერსკინმა გასული საუკუნის 50-იან წლებში შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა. მართალია, ეს "სელტიკისა" და "რეინჯერსის" შემადგენლობაში არ მომხდარა, მაგრამ მაინც.
სახელოვანი ბაბუა ჰყავდა ლატვიელ ერნესტ გულბისს. რიგის სკა-ს შემტევი მცველი ალვილს გულბისი ზედიზედ სამჯერ იგებდა კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასს. ეს 1958-60 წლებში მოხდა. უფროს გულბისს სსრკ-ის ნაკრებშიც იწვევდნენ. იქ დიდი ხანი არ უთამაშია, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო.
* * *
რა თქმა უნდა, ეს სია არასრული იქნება მშობელი ჩოგბურთელების გარეშე. ასეთი ორია და ისინი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ალექსანდრეა, ორივე ცნობილი მწვრთნელი. ორივე ავარჯიშებდა ალექსანდრ მედვედევს. ორივეს ვაჟს ჰქვია ალექსანდრე და გვარებიც ჰგავს ერთმანეთს. ერთია ბოგომოლოვი, მეორე - დოლგოპოლოვი. თუმცა უკრაინელი უფრო ახალგაზრდაა და ნიჭიერი რუს ამერიკელ ალექსზე. სამაგიეროდ, უფროსი ბოგომოლოვი ლარისა სავჩენკოსთან და ევგენი კაფელნიკოვთან მუშაობდა.* * *
ქალებს შორის "სპორტული" ნათესავების მხრივ უფრო საინტერესოდ არის საქმე. ჩამოთვლა დავიწყოთ მსოფლიოს პირველი ჩოგანით კაროლინ ვოზნიაცკით. ის საერთოდ დანიელად იმის წყალობით დაიბადა, რომ მისი მამა, ფეხბურთელი პიოტრ ვოზნიაცკი ოდენსეს "ბოლდკლუბენში" გადავიდა. ეს კლუბი ერთ დროს დანიის ჩემპიონი იყო, მაგრამ ახლა ქვეყნის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. ამის ფონზე კაროლინის ძმა - პატრიკი, რომელიც მეორე ლიგის კლუბ "ჰვიდოვრეში" გამოდის, ნამდვილ ვარსკვლავად გვევლინება. ამ სპორტული ოჯახის ისტორიას დავასრულებთ ანა ვოზნიაცკით. ჩოგბურთელის დედა ფრენბურთში პოლონეთის ნაკრების წევრი იყო. თუმცა ოჯახური ტრადიციის მიხედვით, სწორედ მისი გამოსვლის წლებში ერთ დროს ეს უძლიერესი გუნდიც ქვემოთ დაეშვა. სხვათა შორის, ანას წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლონეთის ეროვნული ნაკრები ელიტას დაუბრუნდა და ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. იქნებ "დიდი სლემის" ტურნირებზე კაროლინ ვოზნიაცკის უიღბლობის მიზეზი ჩოგბურთელში არ უნდა ვეძიოთ?!
* * *
კიმ კლაისტერსს "დიდი სლემის" ტურნირებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში აქვს. თუმცა მისი მშობლებიც გაცილებით მაღალ დონეზე გამოდიოდნენ. კიმის დედა - ელს ვანდეკეტსბეკი ტანმოვარჯიშე იყო და ბელგიის ჩემპიონატი მოიგო. მამა - ლეო კლაისტერსი უფრო ცნობილი გახლდათ. "მეხელენის", "ლიეჟისა" და სხვა კლუბების ცენტრალური მცველის კარიერა ბელგიური ფეხბურთის ოქროს ეპოქას დაემთხვა. "მეხელენთან" ერთად ლეომ 1988 წელს მოიგო თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ორ ჩემპიონატსა და ევროპის 1984 წლის პირველობაზე. სამწუხაროდ, 2008 წლის იანვარში ლეო კლაისტერსი ფილტვის კიბოთი დაავადდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
სხვათა შორის, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიისა და სსრკ-ის მატჩში ლეო კლაისტერსი შეცვლაზე შევიდა მოედანზე და შეიძლება სერგეი ბალტაჩას წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ კიევის "დინამოს" ლეგენდა და ბრიტანელი ჩოგბურთელის ელენა ბალტაჩას მამა იმ ტურნირის ტრავმის გამო ტოვებდა. სამწუხაროდ, ელენა ორი წლის წინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის სპორტული ოჯახიდან იყო: მამის გარდა ფეხბურთს თამაშობს მისი ძმა - სერგეი. დედა - ოლგა ბალტაჩა კი ხუთჭიდსა და შვიდჭიდში ოლიმპიადებზე გამოდიოდა.
* * *
საერთოდ, საბჭოთა სპორტულმა წყვილებმა ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი გამოზარდეს. მაგალითად, ვერა ზვონარევას მამა - იგორი ბურთის ჰოკეის თამაშობდა, დედა - ნატალია ბიკოვა ბალახის ჰოკეის მოთამაშე იყო და 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოთხი წლით ადრე, მონრეალის თამაშებზე 4x400 მეტრზე ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიგო ნადეჟდა ილინამ - ნადეჟდა პეტროვას დედამ. სვეტლანა კუზნეცოვას მშობლებმა ბედი ველოსპორტს დაუკავშირეს. დედამისი გალინა ცარიოვა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ოცი რეკორდის მფლობელი იყო, ჩოგბურთელის მამა - ალექსანდრ კუზნეცოვი კი ცნობილი მწვრთნელი.რუსებს არ ჩამორჩებიან "სოციალისტური ბანაკის" სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას მშობლებმა ცხოვრება სპორტის საწყლოსნო სახეობებს დაუკავშირეს. მამა - კირილ ენჩევი ბულგარეთის ჩემპიონი იყო აკადემიურ ნიჩბოსნობაში, დედა - რადოსვეტა ჩინკოვა ცურვაში. სერბი ბოიანა იოვანოვსკის მამა ზორან იოვანოვსკი ფეხბურთს თამაშობდა, ანდრეა პეტკოვიჩის მამამ (ისიც ზორანი) კი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორი მატჩი ითამაშა დევისის თასზე იუგოსლავიის ნაკრების რიგებში: ერთი მოიგო, მეორე - წააგო, თუმცა ლეგენდარულ ილიე ნასტასესთან მარცხი სულაც არ იყო სამარცხვინო.
* * *
სხვათა შორის, ავსტრალიის ღია პირველობისა და როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონის ნა ლის მამა ბადმინტონს თამაშობდა და მისი ქალიშვილი სპორტულ კარიერას სწორედ ამ სახეობაში იწყება. ხოლო "სპორტული" ნათესავების რაოდენობის მხრივ აშკარა რეკორდსმენად უნდა მივიჩნიოთ ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო ვანდევეგე. მისი ოჯახი თავიდანვე კალათბურთთან იყო დაკავშირებული. სპორტსმენის ბაბუა და მისი ბიძაშვილი - ერნი ვანდევეგე და მელ ჰათჩინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, კერძოდ, "ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავები იყვნენ. კოკო ბიძამ, ერნი "კიკი" ვანდევეგემ კი NBA-ში 13 სეზონის გატარება მოასწრო და შემდეგ "ნიუ ჯერსი ნეტსის" მწვრთნელობასაც გამოკრა ხელი, თუმცა ეს საქმე მაინც და მაინც კარგად არ გამოუვიდა.
მართალია, ბოლო ცნობა სპორტს არ უკავშირდება, მაგრამ ჩოგბურთელის ბებია - კოლინ კეი ჰათჩინსი 1952 წელს "მის ამერიკა" გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"