ოქსანა კალაშნიკოვას მარსელის ტურნირის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი რჩება

AutoSharing Option
ფოტოზე: ოქსანა კალაშნიკოვა
ქართველი ჩოგბურთელები მიმდინარე კვირას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ტურნირებში ცდიან ძალებს.

თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა მარსელში იმყოფება და 100.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის. პირველ ტურში მან ამერიკელი ნიკოლ მელიჩარი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2, მეორეში მანონ არგანგოლის (საფრანგეთი) სძლია - 0:6, 6:3, 6:2 და დღეს ვივიან ჰეისენს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში მიზანსაც მიაღწევს.

წყვილებში ჩვენებური რუს ევგენია როდინასთანაა შეამხანაგებული და განთესვით მეოთხე ნომერი აქვს. რუსულ-ქართულ დუეტს სტარტზე ვერონიკა სეპედე როიჯისა (პარაგვაი) და ასია მუჰამადის (აშშ) ტანდემი გაუწევს
მეტოქეობას.

სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია იტალიური ბრეშას 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებნენ. შაფათავამ ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია: იტალიელებს - ნიკოლ ფოსა ჰუერგოს (6:1, 6:1) და დებორა ჩიესას (6:3, 6:1), გუშინ კი ანდრეა გამიზს (ვენესუელა) დანებდა - 0:6, 1:6 და ძირითად ბადეში ვერ გააღწია.

ერთეულთა ტურნირს უფრო ადრე გამოეთიშნენ გორგოძე და ქვაცაბაია - ისინი სტარტზევე დამარცხდნენ, შესაბამისად, ფრანგ მირთი გეორგესსა და ვენესუელელ ანდრეა გამიზთან. წყვილებში შაფათავა და ქვაცაბაია მირთი გეორგესსა (საფრანგეთი) და მარტინა ტრევისანს (იტალია) ეთამაშებიან, ხოლო გორგოძე და ნასტია კოლარი (სლოვენია), რომლებმაც გასულ კვირას მარიბორში 25.000-იანი ასპარეზობის წყვილთა პაექრობა მოიგეს, ბრეშას ტურნირზე მეოთხე ნომრად არიან განთესილნი და მარტინა გარეგაროს და კრისტინა ფერანდოს (ორივე - იტალია) დაუპირისპირდებიან.

დღეიდან თურქულ ადანაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებენ თამარ ჭალაგანიძე და ანა ქადაგიძე.

ჭალაგანიძე გზიდან დიანა მარია მიხაელის (რუმინეთი) ჩამოშორებას შეეცდება, ხოლო ქადაგიძე გოზალ აინიტდინოვასთან (ყაზახეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ქადაგიძე რუმინელ მიხაილთან ერთად პირველ წრეში თავისუფალია, მეოთხედფინალში კი რეიტინგფავორიტებს - აილა აქშუსა და მელის სეზერს (ორივე - თურქეთი) შეხვდება; ჭალაგანიძე და მაფალდა ფერნანდესი (პორტუგალია) სამინა ქენგსა (ავსტრალია) და ლიზა მარია მაეცკეს (გერმანია) გამოცდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული