ნოვაკ ჯოკოვიჩს განათლება სჭირდება

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განათლების მიღების სურვილი გამოთქვა, აგრეთვე პრესასთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"არ მაქვს უმაღლესი განათლება და ვნანობ ამის გამო. სრულად კმაყოფილი ვარ საკუთარი საჩოგბურთო კარიერით, მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ მესმის, რომ უნდა გავაგრძელო მუშაობა საკუთარ განათლებაზე. ნათესავები და მეგობრები ძალიან მეხმარებიან ამაში. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი საქციელი - ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება რაღაც წერტილამდე მიგვიყვანოს. უნდა იცოდე სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და არ ეჩხუბო მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდი დღე გაქვს. მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა, რაღაც ახლის გაგება.
ამასწინ საქსოფონი მაჩუქეს და ჩავთვალე, რომ ეს არის მასზე დაკვრის შესწავლის კარგი შესაძლებლობა. ახლა, ვითვისებ ამ ინსტრუმენტს.

ჩემი ბავშვობა ძალიან განსხვავდებოდა ATP-ის ტურში კოლეგების უმრავლესობის ბავშვობისგან. ეს დამეხმარა შემენარჩუნებინა მოკრძალებულობა და დავრჩენილიყავი ნორმალურ ადამიანად. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მით უმეტეს, საკუთარი თავის ქება. რამდენიმე წელი ვცხოვრობდი ბელგრადში იმ დროს, როცა ქალაქი ნატო-ს მიერ იბომბებოდა. ფინანსური პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბავშვობიდან კარგი მოგონებებიც დამრჩა. რთულმა ბავშვობამ მასწავლა ცხოვრებაში კარგი და მნიშვნელოვანი ამბების დაფასება.

მესმის და ვიღებ იმას, რომ უნდა ვიცხოვრო პრესისა და გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ, მაგრამ არსებობს პირადი სივრცე. დღემდე ისეთ ადამიანად დავრჩი, როგორიც ადრე ვიყავი. მომწონს ლაპარაკი იმაზე, რასაც ვფიქრობ, ძალიან მგრძნობიარე ვარ და შეიძლება უჩვეულო ადამიანადაც მოგეჩვენოთ. ჩემს გარშემო ხალხმა იცის, რომ ვინარჩუნებ პატიოსნებასა და სამართლიანობას სხვების მიმართ. მაგრამ, ბოლო დროს არ შემიძლია ვილაპარაკო ყველაფერზე, რასაც ვფიქრობ, რადგან ზოგიერთი რამ ბუმერანგივით მიბრუნდება.

დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, პრესას აქვს მიდრეკილება გააბუქოს ნებისმიერი საკამათო მომენტი და გააღვივოს მტრობა ჩოგბურთელებს შორის. ხშირად სიტყვები და ფრაზები ამოვარდნილია კონტექსტიდან და თავდაყირაა დაყენებული. იდეალური სიტუაცია იქნება, თუ ვილაპარაკებ იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ იძულებული ვარ თავი შევიზღუდო", - განაცხადა სერბულ პრესასთან ინტერვიუში ჯოკოვიჩმა.

ფედერერი უარყოფს
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უარყო გერმანელი ლეგენდის ბორის ბეკერის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ შვეიცარიელს პრობლემები აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ამავდროულად, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა დაადასტურა, რომ ადრე მას მართლაც არ მოსწონდა სერბის საქციელი კორტზე.

"ასეთი განცხადებები უადგილოდ მიმაჩნია, - განაცხადა ფედერერმა. - მან არ შეიძლება იცოდეს, როგორი ურთიერთობები გვაქვს მე და ნოვაკს. ეს სიმართლეა, რომ თავიდან არ მომწონდა ჯოკოვიჩის მოქმედება კორტზე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ბევრ დროს ერთად არ ვატარებთ. ურთიერთობების სხვადასხვა წრე გვაქვს, მაგრამ როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენს შორის მეგობრული და ნორმალური საუბარი მიმდინარეობს".

ნადალი: მეათე უიმბლდონზე
ესპანელი რაფაელ ნადალი შეიძლება ისევ შეხვდეს "დიდი სლემის" ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩსა ან როჯერ ფედერერს უკვე მეოთხედფინალურ ეტაპზე.

როლან გაროსზე წაგების შემდეგ ნადალი პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიო რეიტინგის ათეულის ბოლოში დაეშვა.

მოახლოებულ უიმბლდონზე განთესვის ნომრის მინიჭებისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ ჩოგბურთელის ადგილს ATP-ის კლასიფიკაციაში, არამედ ბალახის კორტებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებს და იმ ქულების 75 პროცენტს, რომელიც ამავე საფარზე მოპოვებულია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში.

ინტერნეტ-რესურსის Tennis World USA-ის გამოთვლებით, უიმბლდონზე ესპანელი განთესვის მხოლოდ მეათე ნომერს მიიღებს. პირველი სამეული რეტინგის სამეულს დაემთხვევა: პირველი იქნება ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეორე როჯერ ფედერერი და მესამე - ენდი მარეი.

ნადალი 2011 წლიდან მოყოლებული, უიმბლდონზე მერვედფინალურ ეტაპზე შორს არ წასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი კაცი, წაიკითხეთ! ნახეთ რა კარგი ადამიანი და ღირსეული პიროვნებაა ნოვაკ ჯოკოვიჩი, ეგ არის სწორი ცხოვრება და სწორი მაგალითი. აი კაცი რომელი კაცად დარჩა და არ გადაიქცა "დონედ".
Givargi
04:00 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული