ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ტურნირში სტარტზევე დამარცხდა

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1.397.250 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალები მოსინჯა ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

სტარტზე იგი ავსტრალიელ მეტიუ ებდენს დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა დაძაბულ ბრძოლაში წააგო - 6:7, მეორე სეტი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
ანტალიის ვაჟთა 10.000-იან ტურნირში ასევე კვალიფიკაციიდან ჩაება პაექრობაში ვაჟა შუბლაძე. პირეველ წრეში მან იოლად სძლია გერმანელ სებასტიან გრალს - 6:3, 6:3. მეორე წრეში ჩეხ იან კუნჩიკთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ჩიმკენტში ამჟამად ოთხი ქართველი ჩოგბურთელი იმყოფება. სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ქალთა 10.000-იან ტურნირში იასპარეზებენ. ქვაცაბაია მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტზე კამილა ბოლატოვას შეხვდება, მესამე ნომერი გორგოძე კი დანელ აშიროვას (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ქვაცაბაია და გორგოძე, როგორც ასპარეზობის რეიტინგფავორიტები, პირველ წრეში გზიდან რუსების - ანა იაკოვლევას და ქსენია შარიფოვას ჩამოშორებას შეეცდებიან.

ვაჟები 15.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. ალექსანდრე მეტრეველს განთესვით მეორე ნომერი აქვს და სტარტზე არშან არაშოვს (ყაზახეთი) გამოცდის, გიორგი ცივაძის მეტოქე კი უზბეკი ოდილ აკრამოვია.

მეტრეველი წყვილებშიც მეორე ნომერია ივან გახოვთან (რუსეთი) ერთად. პირველ წრეში ისინი ტიმურ კიუამოვსა და ტიმურ რაზმაიტოვს (ორივე-რუსეთი) შეხვდებიან. ცივაძე ბელორუს იაჰორ იაციკთან არის შეამხანაგებული და სტარტზე ალექსეი ფილენკოვისა (რუსეთი) და აბდუვორის საიტმუჰამედოვის (უზბეკეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული