წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ყველაზე მოსალოდნელი, ლოგიკური და სამართლიანი ფინალი შედგა. სეზონის მეორე ნაწილში, სწორედ ეს ჩოგბურთელები ხვდებდნენ ერთმანეთს დიდი ტურნირების გადამწყვეტ მატჩებში: უიმბლდონზე, ცინცინატიში, ამერიკის ღიაზე.
ლონდონში ისინი უკვე მეორედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჯგუფურ ეტაპზე ფედერერმა უკეთ ითამაშა - სამივე მატჩი მოიგო, მათ შორის, ჯოკოვიჩი დაამარცხა. თუ როჯერთან წაგებას არ ჩავთვლით, სერბიც კარგად გამოიყურებოდა, ამიტომაც, ფინალის წინ, ბუკმეიკერები უპირატესობას მაინც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანიჭებდნენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩში, ნოვაკი აშკარად შორს იყო
პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ ეს თამაში არ დაემგვანებოდა ჯგუფური ეტაპის შეხვედრას. ნოვაკს პირველივე გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მესამეში კი მისი უპირატესობა უკვე ტაბლოზეც აისახა. ფედერერი აშკარად ცუდად აწვდიდა, დაბალი ჰქონდა პირველი მოწოდების სიზუსტის პროცენტი. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ ჯოკოვიჩმა პირველ სეტში ორჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება.
სერბმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ წარმატება უკანა ხაზზე კარგმა თამაშმა მოუტანა. ის ცდილობდა მეტოქის მარცხენა ხელზე ეთამაშა, რითაც შვეიცარიელს შეტევების საშუალებას არ აძლევდა. როჯერი მაინც ცდილობდა ბადესთან გასვლას, მაგრამ ნოვაკის პასუხი კარგი შემოვლითი დარტყმები იყო.
მეორე სეტში ფედერერმა მოწოდება გააუმჯობესა და პირველი სამი საკუთარი გეიმი იოლად აიღო. თუმცა მიღებაზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მთელი მატჩის განმავლობაში, როჯერმა მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
გარდამტეხი შეიძლებოდა ყოფილიყო მერვე გეიმი, რომელშიც ჯოკოვიჩმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ამ რთულ მომენტში ფედერერს მოწოდება დაეხმარა - ოთხჯერ შესანიშნავად ჩააწოდა და გეიმი გადაარჩინა. თუმცა ამ მომენტმა შვეიცარიელს ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ მოუტანა. 5:4-ზე ჯოკოვიჩმა ორი მატჩბოლი მიიღო. პირველ ცდაზე სერბი მიღებისას შეცდა, მეორეზე კი ბრძოლაც არ მოუწია, რადგან ფედერერმა ორმაგი შეცდომა დაუშვა - 6:3, 6:4.
ჯოკოვიჩმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მას არ უჩვენებია ფინალში განსაკუთრებული თამაში, უნებლიე შეცდომები უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე "ვინერსები", მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
ამ წაგების გამო, ფედერერი მესამე ადგილზე დარჩა კლასიფიკაციაში, ენდი მარეიმ კი კარიერაში პირველად დაასრულა სეზონი მეორე ნომრის რანგში. პირველი კი ჯოკოვიჩია, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:3, 6:4.
ჯოკოვიჩის 21 მილიონი რეკორდია
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. უფრო ზუსტად, მსოფლიოს პირველმა ნომერმა ბოლო 12 თვის განმავლობაში, ტურნირებზე გამოსვლით 21 646 000 დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო. აქამდე, რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა - 14 570 000 დოლარი 2013 წლის სეზონში.გარდა ამისა, ჯოკოვიჩი მეორე ადგილს იკავებს მთლიანად კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით (94 050 000) და მხოლოდ როჯერ ფედერერს (97 303 000) ჩამორჩება.
ჯოკოვიჩმა სეზონში 88 მატჩი ჩაატარა და 82 მოიგო (93.2 პროცენტი). ეს პროცენტული მაჩვენებელი მეხუთეა ისტორიაში ჯონ მაკინროის (1984, 96.5%), ჯიმი კონორსის (1974, 95.9%) და როჯერ ფედერერის (2005, 94.8% და 2006, 93.2%) შემდეგ.
გასულ სეზონში, ჯოკოვიჩმა 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა. ასევე ფინალამდე მიაღწია როლან გაროსზე.
მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ენდი მარეის ჯოკოვიჩი 7915 ქულით უსწრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"