ახალი ტურნირი ჩოგბურთში - როგორც რაიდერის თასი

AutoSharing Option
2017 წლის სექტემბერში, ჩოგბურთში მამაკაცებს შორის ახალი გუნდური ტურნირი გაიმართება. მისი ფორმატი გადმოღებულია გოლფის სახელგანთქმული გუნდური ტურნირიდან - რაიდერის თასისგან: ევროპის ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ. ტურნირის სახელწოდება იქნება - ლეივერის თასი.

თითო გუნდში ექვს-ექვსი მოთამაშე იქნება - ოთხ-ოთხი ATP-ის საუკეთესო რეიტინგის მიხედვით და კიდევ ორი - კაპიტნის არჩევანით. სამი დღის განმავლობაში, გუნდები ყოველდღე ითამაშებენ სამ-სამ ერთეულთა მატჩს და ერთ წყვილთა შეხვედრას. იმ შემთხვევაში, თუ 12 მატჩის შემდეგ თანაფარდობა იქნება, გამარჯვებული გამოვლინდება დამატებითი წყვილთა მატჩით.

ამ ტურნირის იდეა ეკუთვნის სააგენტო
Team8-ს, რომლის მთავარი კლიენტია როჯერ ფედერერი. ორგანიზება კი Tennis Australia-ს მხარდაჭერით მოხდება, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას ატარებს. კიდევ ერთი ორგანიზატორი იქნება ბრაზილიელი ბიზნესმენი, დევისის თასზე ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი ხორხე პაულუ ლემანი. ტურნირი ყოველწლიური უნდა იყოს, გარდა ოლიმპიური წლებისა. მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როდ ლეივერი აირჩევს გუნდების პირველ ორ კაპიტანს.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის. სახეზე გვაქვს ჩოგბურთისთვის უნიკალური კონცეპცია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამ ტურნირს არ ექნება საგამოფენო ხასიათი", - განაცხადა ლეივერმა.

"მეც მინდა, რომ ტურნირს სერიოზული ხასიათი ჰქონდეს. მასში სპორტული აზრი უნდა იდოს. ვფიქრობ, ტოპ-ჩოგბურთელები მხარს დამიჭერენ და თამაშს დათანხმდებიან. თან ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელს ევროპას.

ჩემი აზრით, პროექტი ძალიან საინტერესოა. არასოდეს მითამაშია წყვილში რაფასთან, ნოვაკთან ან ენდისთან ერთად. ეს შეიძლება პირველად მოხდეს. შესანიშნავი იქნება!" - ამბობს როჯერ ფედერერი New York Times-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული