მაიამი: ნოვაკის დამარცხება შეიძლებოდა

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიულ ტურში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა ავსტრიელი დომინიკ ტიმია, რომელსაც სერიოზული გამოცდა ჰქონდა ჩასაბერებელი მაიამის "მასტერსის" მერვედფინალში.

მე-14 ნომრად განთესილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. საბოლოოდ ანგარიშის მიუხედავად (6:3, 6:4 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ), ტიმმა ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა და მინიმუმ, ერთი სეტის მოგებას იმსახურებდა. სხვათა შორის, ამ მატჩამდე ეს ჩოგბურთელები ლიდერობდნენ ტურში მოგებების რაოდენობით (22 მატჩი).

სერბმა მეტოქის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა ეს უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. პირველ პარტიაში ტიმს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (ჯოკოვიჩს
მხოლოდ ორი) და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ჯოკოვიჩისა იყო, მაგრამ, ამჯერად, ტიმმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ მომდევნო გეიმში კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მიეცა მეტოქისთვის. ტიმი მაინც არ დანებდა და მეათე გეიმში, როცა ჯოკოვიჩი მატჩზე აწვდიდა, დიდი ბრძოლა გაუმართა კლასიფიკაციის ლიდერს. გეიმი 15 წუთი გაგრძელდა და ჯამში 19 ქულა გათამაშდა. ტიმს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ჯოკოვიჩს ოთხი მატჩბოლი და სერბმა მეოთხე ცდაზე მაინც გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური.

საბოლოოდ, დომინიკმა 15 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და 14 შანსი გაანიავა. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან საშუალო დონის ჩოგბურთი აჩვენა - მხოლოდ ექვსი "ვინერსი" და 34 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აქედან ცხრა ორმაგი შეცდომა იყო.

ნოვაკის მომდევნო მეტოქე იქნება ტომაშ ბერდიხი, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 22:2-ს უგებს და ბოლო ცხრა მატჩში ჰყავს დამარცხებული.

* * *
გუშინ, ასევე გაიმართა ქალების ორი მეოთხედფინალი. რუსულ დერბიში სვეტლანა კუზნეცოვამ ეკატერინა მაკაროვა დაამარცხა, ტიმეა ბაშჩინსკიმ კი გააგრძელა ფავორიტების შინ გამგზავრება - აგნიეშკა რადვანსკას შემდეგ, შვეიცარიელმა სიმონა ჰალეპს აჯობა.

ბაშჩინსკის რუმინელთან ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული, თან ისე, რომ არც ერთ სეტში ოთხი გეიმიც კი არ აუღია, მაგრამ ეს სტატისტიკა უკვე პირველ სეტში გამოასწორა, რომელშიც 4:6 წააგო. ამის შემდეგ კი შვეიცარიელი კიდევ უფრო წინ წავიდა და აქტიურობის ხარჯზე 6:3, 6:2 მოიგო მეორე და მესამე სეტები.

კაცები
1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 14) 6:3, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17) 6:2, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რიშარ გასკე (საფ, 10) 6:4, 3:6, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-დამირ ძუმჰური (ბოს) 6:0, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-ორასიო სებალიოსი (არგ) 7:5, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 16)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26) 6:7(5), 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 18)-ლუკა პუიე (საფ) 6:0, 6:1; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 7:6(3), 6:3.

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ბერდიხი (7); გოფენი (15)-სიმონი (18); რაონიჩი (12)-კირგიოსი (24); ნიშიკორი (6)-მონფილსი (16).
ქალები

1/4 ფინალი
ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 5) 4:6, 6:3, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30) 6:7(3), 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული