კუზნეცოვამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ მართალია, საშუალო დონის მოთამაშეთა სიაში შედის, მაგრამ ერთი კონკრეტული ტურნირისთვის კარგად შეუძლია მომზადება. რუსმა ექვსი წლის წინ დატოვა ტოპ-ათეული და მას შემდეგ, ახლოსაც არ ყოფილა იქ დაბრუნებასთან, მაგრამ, ახლა, თუ ფინალში აზარენკას მოუგებდა, ორშაბათიდან ისევ აღმოჩნდებოდა TOP10-ში.
მაგრამ ეს რთული ამოცანა იყო, რადგან ბელარუსმა აშკარად საუკეთესო თამაში აჩვენა მარტში და დღეს სწორედ ის არის
ურთიერთშეხვედრებში ჩოგბურთელებს თანაფარდობა ჰქონდათ - 4:4, თუმცა ბოლო სამი მატჩი ბელარუსმა მოიგო.
აზარენკამ შესანიშნავად დაიწყო და ძალიან სწრაფად დაწინაურდა ორმაგი ბრეიკით - 3:0. თუმცა უფრო წინ გასვლა ბელარუსმა ვერ მოახერხა, რადგან მოწოდება ღალატობდა, ბევრი ორმაგი ჰქონდა და პირველი ჩაწოდებაც არ მისდიოდა.
საბოლოოდ, პირველ სეტში კუზნეცოვამ სამი ბრეიკი შეასრულა. სამაგიეროდ, აზარენკას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მიღებაზე. რუსის მოწოდებაზე ბელარუსმა პირველ სეტში ყველა გეიმი მოიგო - 6:3.
მეორე პარტიაში ვიქტორიამ ის ნაკლიც გამოასწორა, რაც პირველ სეტში ჰქონდა და არც ერთი საკუთარი გეიმი აღარ მისცა მეტოქეს. მართალია, პირველი გეიმი რუსმა მოიგო, მაგრამ ბელარუსმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა და 4:1 დაწინაურდა. კორტზე ბრძოლის მცირე ნიშანიც არ ჩანდა და 77 წუთში ყველაფერი დასრულებული იყო - 6:3, 6:2. აზარენკა მეტოქეზე გაცილებით ნაკლებს ცდებოდა და დიდი უპირატესობა ჰქონდა "ვინერსების" რაოდენობით - 6:3, 6:2.
აზარენკა ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ მოიგო ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირები. მანამდე ეს შეძლეს შტეფი გრაფმა და კიმ კლაისტერსმა. ბელარუსი ბრუნდება ტოპ-ხუთეულში და თან, სათავეში ჩაუდგა "ჩემპიონთა რბოლას".
* * *
პარალელურად, მაიამიში მამაკაცთა ნახევარფინალები გაიმართა. შესანიშნავი თვე გამოუვიდა დავიდ გოფენს, რომელიც ზედიზედ ორი "მასტერსის" ნახევარფინალში გავიდა. მარტში უფრო წარმატებული მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო.
სწორედ ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს ფინალის პირველი საგზურისთვის. მათი ბოლო მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა - ნოვაკი მესამე სეტში ორმაგი ბრეიკით აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო მოგება.
ბელგიელმა ახლაც მოახერხა ბრძოლა. პირველ პარტია 75 წუთი გაგრძელდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გათამაშება ტაი-ბრეიკის დროს 4:4-ზე შედგა, როცა გოფენმა მარტივი სმეში ვერ ჩააგდო. სერბმა ისარგებლა ამ საჩუქრით და გამოსტაცა პარტიაში მოგება ბელგიელს.
გოფენი არც მეორე პარტიის პირველ ნახევარში ჩამორჩებოდა რეიტინგის ლიდერს. ნოვაკი მხოლოდ მას შემდეგ ათამაშდა, რაც დროის გაყვანისთვის გაფრთხილება მიიღო. სერბი აშკარად გაბრაზდა და გაფრთხილების შემდეგ, ბრეიკი გააკეთა, რითაც მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ნოვაკის მეტოქე კეი ნიშიკორისა და ნიკ კირგიოსის მატჩში ირკვეოდა. იაპონელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. აქტიურად მოქმედებდა და ნიკს ინიციატივას არ აძლევდა. ავსტრალიელმა ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ, ამასთან, ოთხჯერ დათმო საკუთარი გეიმი - 3:6, 5:7. 84 წუთში ნიშიკორიმ კარიერაში "მასტერსის" ტურნირის მეორე ფინალი გაინაღდა. პირველი იყო 2014 წლის მადრიდში, როცა რაფაელ ნადალთან დამარცხდა.
ქალები
1/2 ფინალი
სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19) 7:5, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 6:2, 7:5.
ფინალი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15) 6:3, 6:2.
კაცები
1/4 ფინალი
კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-გაელ მონფილსი (საფ, 16) 4:6, 6:3, 7:6(3); ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-მილოშ რაონიჩი (კან, 12) 6:4, 7:6(4).
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ გოფენი (ბელ, 15) 7:6(5), 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24) 6:3, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"