მადრიდის "მასტერსის" ფინალისტებმა წარმატებული სტარტი აიღეს. ენდი მარეიმ დამაჯერებლად დაამარცხა მიხაილ კუკუშკინი, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ცოტა იწვალა სტეფან რობერის წინააღმდეგ - 7:5, 7:5. რაფაელ ნადალს რთული ბრძოლა ჰქონდა მეორე რაუნდში ნიკ
რომის ტურნირის ბადე ისე შედგა, რომ მეოთხედფინალში ჯოკოვიჩისა და ნადალის შეხვედრა იგეგმებოდა. სერბი იტალიის დედაქალაქში შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. ისეც კი მოხდა, რომ ტომაშ ბელუჩისთან მერვედფინალის პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო. ნოვაკს აშკარად მომატება სჭირდებოდა ნადალის დასამარცხებლად, რაც შეძლო კიდეც. პრინციპულმა მეტოქეებმა შესანიშნავი სპექტაკლი აჩუქეს მაყურებელს.
მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ორ სეტში წააგო, ის ახლოს იყო მოგებასთან. პირველ სეტში 4:2-ს იგებდა და მეორე ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ შესაძლებლობები ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩმა ჯერ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, 6:5-ზე კი დაუჯერებელი სეტბოლი მოიგო.
მეორე სეტი არანაკლებ დაძაბული გამოვიდა, მაგრამ სცენარი იგივე იყო - დებიუტი ისევ ნადალს დარჩა, მაგრამ ბოლომდე საქმის მიყვანა ვერ შეძლო. ესპანელს საკუთარ მოწოდებაზე ხუთი სეტბოლი ჰქონდა, თუმცა ყველა გაფლანგა, ტაი-ბრეიკზე კი ოდნავ უარესად გამოიყურებოდა - 7:5, 7:6(4).
თრილერი ელოდა სერბს შემდეგ წრეში. ის კეი ნიშიკორის მადრიდშიც შეხვდა და ორ პარტიაში რთულ ბრძოლაში მოიგო. რომში მსოფლიოს პირველ ნომერს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. პირველ სეტში 2:6 წააგო, მაგრამ მეორეში აშკარად ჯობდა მეტოქეს, თუმცა ეს ანგარიშში არ აისახებოდა - ჯოკოვიჩი ვერაფრით ახერხებდა ბრეიკის შესრულებას. მან ცხრა ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეათეზე კეიმ ბადეს გაარტყა ბურთი. ეს ბრეიკ-პოინტი, ერთდროულად, სეტბოლიც იყო.
ისე ჩანდა, რომ გადამწყვეტ სეტს ნოვაკი იოლად მოიგებდა, მით უმეტეს, რომ 3:0 წაიყვანა ანაგრიში. მაგრამ იაპონელმა იოლად დანებება არ მოისურვა, დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, მოიგერია მატჩბოლი და უკეთ დაიწყო ტაი-ბრეიკი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა უმტყუნეს. იაპონელმა ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ერთი ორმაგი. ჯოკოვიჩმა სამსაათიან ბრძოლაში მოიპოვა ფინალის საგზური- 2:6, 6:4, 7:6(5).
ფინალში ჯოკოვიჩი ეთამაშებოდა კიდევ ერთ პრინციპულ მეტოქეს - ენდი მარეის. ბრიტანელს უფრო იოლი ბადე ჰქონდა და ეს კარგად გამოიყენა. მეოთხედფინალში მან დავიდ გოფენს აჯობა, ნახევარფინალში კი ლუკას პუიე გაანადგურა - 6:2, 6:1. აღვნიშნავთ, რომ გოფენმა მესამე წრეში ტომაშ ბერდიხი მამაკაცთა ჩოგბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით დაამარცხა - 6:0, 6:0. ჩეხი თავის ხანგრძლივ კარიერაში პირველად დამარცხდა ასეთი ანგარიშით.
* * *
ფინალის დღეს მარეის 29-ე დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთა. არადა, ნოვაკი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი მატჩისთვის ენდი უფრო დასვენებული და მონდომებული იყო. პირველ პატიაში ის ბრწყინვალედ აწვდიდა და პირველ მოწოდებაზე ქულების 92 პროცენტი აიღო. მან ისე მოიგო პარტია, რომ ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია - 6:3.
მეორე სეტისთვის თამაშის სურათი ოდნავ შეიცვალა. ნოვაკმა მეტოქის მოწოდებაზე ბრძოლა დაიწყო - მეორე გეიმში ერთი ბრეი-პოინტი ჰქონდა, მეოთხეში - სამი. ენდიმ ყველა საფრთხე მოიგერია და შემდეგ თავად გააკეთა ბრეიკი.
ბრიტანელმა მთელი ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ჯოკოვიჩს კი პერიოდული გამონათებები ჰქონდა. მატჩის ბოლოს, ენდიმ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და როლან გაროსის წინ, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:3. მარეი გრუნტის სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება: მონტე კარლოში - ნახევარფინალი (წააგო ნადალთან), მადრიდში ფინალი (წააგო ჯოკოვიჩთან) და მოგება რომში.
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 7:5, 7:6(4); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-დავიდ გოფენი (ბელ, 12) 6:1, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 13) 6:3, 7:5; ლუკა პუიე (საფ)-ხუან მონაკო (არგ) უარი.
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 6) 2:6, 6:4, 7:6(5); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ლუკა პუიე (საფ) 6:2, 6:1.
ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:3, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"