დოლიძემ მეორე ბარიერიც გადალახა

AutoSharing Option
ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში გრძელდება 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები. როგორც გაუწყეთ, პირველი წრის შემდეგ ჩვენებურები მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს მხოლოდ 16-წლიანებში შემორჩნენ. გუშინ ნიკა დოლიძემ ვაჟთა ტურნირის დაძაბულ პაექრობაში ივან დივკოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) სძლია 6:4, 4:6, 7:6 და დღეს მე-4 წრეში მე-4 ნომრად განთესილ პორტუგალიელს _ ფრედერიკო ფერეირა სილვას დაუპირისპირდება.

ამ ასაკში ბარბარე ერისთავისა და ანი გოგვაძის წყვილმა, სამწუხაროდ, მეორე ბარიერი ვერ გადალახა. თბილისელთა დუეტი ლატვიელებთან - მადარა სტრაუმესა და ქსენია ტიხომიროვასთან 3:6, 0:6 დამარცხდა.

ასპარეზობის პირველი დღე უიღბლო
გამოდგა ვაჟებში მე-12 ნომრად განთესილ მიხეილ ხმიადაშვილისთვის, რომელმაც რუს მეტოქესთან წააგო. გუშინ იგი დამამშვიდებელ ჯგუფში (კონსოლეიშენი) ჩაერთო და ლატვიელ ლაპინს კრისტაპსთან არკვევდა ურთიერთობას. ორთაბრძოლა ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დამთავრდა _ 7:6, 6:3.

ერთეულთა თანრიგში მთავარ ტურნირზე განცდილი მარცხის შემდეგ ანი გოგვაძე და ბარბარე ერისთავი დამამშვიდებელში, შესაბამისად, ჩეხ ტერეზა სმიტკოვასა და ხორვატ ნედა კოპრჩინას შეხვდებიან.

ჩეხეთში ასპარეზობის მეორე დღეც წარუმატებელი გამოდგა თოთხმეტწლიანებისთვის. დამამშვიდებელში ლიზა ნადიბაიძემ სამ სეტში წააგო ულრიკე ჰოეიერთან (დანია) _ 1:6, 6:1, 7:10, ირინე ყარანგოზიშვილი კი ბერძენ ანგელიკი კაირისთან დამარცხდა _ 4:6, 3:6, შედარებით უკეთ ითამაშეს ბიჭებმა. მათ ერთი წრის გავლა მაინც მოახერხეს. ალექსანდრე ბაკშიმ მირჩა რესულოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აჯობა _ 6:2, 3:6, 10:4, თუმცა, მერე სლოვენიელ მაქს თეკავიჩს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა _ 1:6, 0:6. შოთა მეფარიძემ ამავე ჯგუფში დაძაბული პაექრობის შემდეგ ჩამოიცილა გზიდან ნორვეგიელი ფრედერიკ შეფერი _ 7:6, 6:3. მეორე წრეში კი ბოსნიაჰერცეგოვინელ აზიზ კიჯამეტოვიჩთან ორ სეტში ისე დატოვა კორტი, რომ მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო - 1:6, 0:6.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული