ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იგი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა და იქვე ვარჯიშობდა ფარიკაობაში. სტუდენტთა შორის არაერთხელ მიაღწია წარმატებას - შარშან ამერიკის უნივერსიადაც კი მოიგო, წლეულს მეორე ადგილი დაიკავა. და აი, კახიანი მოხმალავე ქალთა შორის ევროპაში უძლიერესია!
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა გუშინ დიღომში, ტანვარჯიშის დარბაზში აფრიალდა, სადაც მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
ასპარეზობის პირველ დღეს პაექრობებში საქართველოს
პირველ წრეში მან გზიდან ჩამოიშორა აზერბაიჯანელი სევინჯ ბუნიატოვა (15:10), შემდეგ მაყურებლებში გაისტუმრა უნგრელი რენატა კატონა (15:13) და იტალიელი ლორეტა გულოტა (15:13), რითაც ქართველი მოხმალავე ოთხ საუკეთესოში მოხვდა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, თუმცა ამას არ დასჯერდა და ნახევარფინალში უნგრელ ლიზა პუშტაის მოუგო - 15:12, გადამწყვეტ პაექრობაში კი რუმინელი ბიანკა პასკუს მძლეველი (15:10) როსელა გრეგორიო (იტალია) დაჯაბნა - 15:8 და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოვიდა ლიკა ჯიჯეიშვილიც - ექვსიდან ოთხი მეტოქე დაჯაბნა: დესპინე გეორგიადუ (საბერძნეთი, 5:1), იულია ბაკასტოვა (უკრაინა, 5:2), მალგორზატა კოზაჟუკი (პოლონეთი, 5:3) და ჰანა ივანიშანკა (ბელორუსი, 5:1), ხოლო მომავალ მედალოსნებს - ლიზა პუშტაისა (უნგრეთი, 3:5) და ლიზა გრეგორიოს (იტალია, 4:5) ვერ გაუმკლავდა. პლეი ოფის სტარტზე კი სოფია პოზდნიაკოვასთანაც დამარცხდა (6:15).
საქართველოს ფარიკაობის მესვეურები დიდ იმედებს ამყარებდნენ დარია ანტონოვაზეც, მაგრამ მან, როგორც ანა აფრასიძემ, ჯგუფში ექვსივე შეხვედრა წააგო.
12 ივნისს სარბიელზე გავიდნენ რაპირით მოფარიკავე ვაჟებიც. მასპინძლებს 23-წლამდელებში წლევანდელი ევროპის პირველობის მესამეპრიზიორი ლუკა ღაღანიძის ეიმედებოდათ. მანაც ჯგუფში იოლად აჯობა მაიკლ ჰოვანესიანს (სომხეთი, 5:2), რენე პრანზის (ავსტრია, 5:2), ბურაკ ბაბაოღლუს (თურქეთი, 5:3) და კამალ მონოტის (დიდი ბრიტანეთი, 5:1). ხოლო ანდრე სანიტასა (გერმანია, 0:5) და ალექსანდრ ჩოუპენტიჩთან (ჩეხეთი) დამარცხდა, რომლებსაც პლეი ოფში მატე ჰარისთან (უნგრეთი) წაგებაც (11:15) მიაყოლა.
ჯგუფში ორი მოგებით პლეი ოფში მოხვდა ლაშა გალუაშვილიც, მაგრამ იქ ალექსეი ჩერემისინოვს (რუსეთი, 5:15) ვერ გასცდა. არჩილ უგულავა და სანდრო სიხარულიძე თითო მოგებას დასჯერდნენ.
რაც შეეხებათ მედალოსნებს, ნახევარფინალში იტალიელმა დანიელე გაროზომ თანაგუნდელი ჯორჯო ავილა დაჯაბნა - 15:9, ტიმურ საფინმა (რუსეთი) ჯერემო კადოტოს (საფრანგეთი) მოუგო - 15:7. გადამწყვეტ პაექრობაში გაროზომ 15:12 გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კვარცხლბეკი
12 ივნისი
ხმალი. ქალები
1.თეოდორა კახიანი (საქართველო), 2. როსელა გრეგორიო (იტალია), 3. ლიზა პუშტაი (უნგრეთი), ბიანკა პასკუ (რუმინეთი), 22. ლიკა ჯიჯეიშვილი (საქართველო), 51. დარია ანტონოვა (საქართველო), 54. ანა აფრასიძე (საქართველო)
რაპირა. ვაჟები
1. დანიელე გაროზო (იტალია), 2. ტიმურ საფინი (რუსეთი), 3.ჯორჯო ავილა (იტალია), ჯერემი კადოტო (საფრანგეთი), 38. ლუკა ღაღანიძე (საქართველო), 55. ლაშა გალუაშვილი (საქართველო), 57. არჩილ უგულავა (საქართველო), 62. სანდრო სიხარულიძე (საქართველო)
13 ივნისი
რაპირა (ინდივიდუალური), ქალები (20 ქვეყანა, 43 მონაწილე.
ქართველები: მარიამ ცუხიშვილი, თეონა გოგლიძე).
დაშნა (ინდივიდუალური), ვაჟები (32 ქვეყანა, 98 მონაწილე.
ქართველები: დავით არველაძე, გიორგი ქაფიანიძე, ლევან ფცქიალაძე, მიქაელ მიქაელიანი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"