ქართველმა მოფარიკავეებმა ანკარაში ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
თურქეთში ყოველწლიურად იმართება ნორჩ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირები. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა.

12-წლამდელთა შეჯიბრებაზე მასპინძლებმა რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და ქუვეითის წარმომადგენლები მიიწვიეს.

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას 18 გოგო-ბიჭი იცავდა. შვიდი მათგანი საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის, 3 - თბილისის მერიის (ეს უკვე ზედიზედ მე-4 შეჯიბრებაზე) და 8 ქუთაისის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა ანკარაში.

საქართველოს ნორჩმა მუშკეტერებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლები მოიხვეჭეს. განსაკუთრებით, გოგონებმა იყოჩაღეს: გუნდურ რაპირაში მარიამ ცუხიშვილმა (რუსთავი), ლია ჯიჯეიშვილმა და ანა მელიამ (ორივე - თბილისი) რამდენიმე მეტოქეს სძლიეს,
მათ შორის, ფინალში თურქეთის პირველ გუნდს 45:35 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

გუნდურ დაშნაში ჩვენმა გოგონებმა (ნინო გაბუნია, ანა ბიბიჩიძე, თათია ჩხეტიანი - სამივე ქუთაისი) მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობა დათმეს რუმინელებთან 32:45 და მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ინდივიდუალურ პირველობებში, ასევე, ბრინჯაო ერგოთ მარიამ ცუხიშვილსა (რაპირა, მწვრთნელი ზურაბ ჯაგაშვილი) და თბილისელ ნიკა შენგელიას (ხმალი, მწვრთნელი ქეთევან ერემეიშვილი). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ფარიკაობის სექციაში მოვარჯიშე გელა მჟავიამ დაშნაში 140 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული