სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე მეორეა

AutoSharing Option
წლეულს ახალგაზრდა მოხმალავეთა მსოფლიოს თასზე რვა ეტაპი გაიმართა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპისა და მსოფლიოს პირველობები იყო.

სწორედ ამ ორ შეჯიბრებას უნდა გამოევლინა ქართველ სანდრო ბაზაძესა და რუს კამილ იბრაგიმოვს შორის უძლიერესი.

ევროპის პირველობის ფინალში მათი დაპირისპირება ბაზაძის გამარჯვებით დამთავრდა. ამჟამად ხორვატიულ პორეცში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბაზაძე მეოთხედფინალში უნგრელ ანდრაშ სზატმართან დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა, იბრაგიმოვმა კი გადამწყვეტ პაექრობაში სწორედ ამ უნგრელს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა, მსოფლიოს თასზე 157 ქულა დააგროვა და მთავარი პრიზი დაისაკუთრა, ბაზაძე რუსეთელს 10 ქულით
ჩამორჩა და მეორეზე გავიდა...

12 აპრილს პორეცში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე გუნდური შეჯიბრებებიც დაიწყო.

სანდრომ და მისმა თანაგუნდელებმა ხმალში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაჯაბნეს 45:14 და დღეს დიდი ბრიტანელების მძლეველ (45:36) უკრაინელებს დაუპირისპირდებიან.

- ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ სამხრეთაფრიკელებს იოლად მოვუგეთ, - გვითხრა საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ, რომელსაც ხორვატიაში შევეხმიანეთ. - დღეს უკრაინელებს შევხვდებით.

ეს გუნდი არაერთხელ დაგვიმარცხებია, მათ შორის შარშან თბილისში ევროპის თასის ეტაპზე. თუმცა უწინდელი დადებითი ბალანსი უნდა დავივიწყოთ. ეს მსოფლიოს პირველობაა და ფსიქოლოგიური წნეხი ორმაგადაა გაზრდილი. ბიჭები იმედიანად არიან, განწყობა კარგია, დანარჩენს პაექრობა გვიჩვენებს.

- მსოფლიოს თასზე სანდროს მეორე ადგილს გილოცავთ...
- გმადლობთ.

- გვითხარით, პირად პირველობაში უნგრელთან შეხვედრისას რა მოხდა?
- ალბათ, ნახეთ, რომ არბიტრებმა სანდროს უსამართლოდ ქულა წაართვეს და მეტოქეს მისცეს, რასაც სპორტსმენის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მსაჯებმაც არ დააყოვნეს - ორჯერ წითელი ბარათი უჩვენეს, რამაც მუქთად უნგრელის მარაგის ორი ქულით გაამდიდრა.

მართალია, სანდროს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ზომიერების გრძნობა არბიტრებსაც მოეთხოვებათ, მით უმეტეს - მსოფლიოს ჩემპიონატზე...

აქვე გაცნობებთ, რომ გუშინ პაექრობები დაასრულეს რაპირით მოფარიკავეებმა. წინა დღით, როგორც გაუწყეთ, ლუკა ღაღანიძემ ჯგუფში ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, მერე პლეი ოფის პირველ შეხვედრაში უკრაინელ ანდრეი პოდშივალოვს (15:10) აჯობა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ტეფიკ ბურაკ ბაბაოღლუს დანებდა 11:15 და 25-ე ადგილს დასჯერდა. არჩილ უგულავა 79-ე იყო.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. ალექსანდრ მასიალასი (აშშ), 2. ლორენცო ნისტა (იტალია), 3. ალექსანდრ ჩოუპენიტჩი (ჩეხეთი), კირილ ლიჩაგინი (რუსეთი).

ხმალში ცდიდა ძალებს ქრისტინე ნოზაძე. მან ჯგუფში მხოლოდ ერთადერთ გამარჯვებას მიაღწია ბრაზილიელ გაბრიელა ალგაზართან (5:3), მაგრამ პლეი ოფში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული