- მამაჩემი კარატეს ასწავლიდა და 11 წლისამ გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი სპორტის ამ სახეობაში. ეტყობა, გენეტიკურად გამომყვა ამის სიყვარული. პირველად რომ მივედი ვარჯიშზე, ძალიან გამიჭირდა, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი შემართებით დავიწყე ვარჯიში.
გოგონებს იშვიათად იზიდავთ სპორტის ეს სახეობა, ბევრი ვერც უძლებს. ამიტომ მხოლოდ მე შემოვრჩი გოგონებიდან ტაიკვანდოს.
პირველ შეჯიბრებაზე რომ გავედი,
- რა მიღწევები გაქვს სპორტის ამ სახეობაში?
- ვარ ევროპის და საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ასევე, შავი ქამრის მფლობელი. 10 მედალი და უამრავი სიგელი მაქვს. დღეში 3 საათზე მეტხანს ვვარჯიშობ. კომუნალური დავალიანების გამო დარბაზში არ გვაქვს შუქი, სიცივეა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დარბაზშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ, მაგრამ 8 წელია, სპორტის ამ სახეობას მივდევ და არ მინდა, ამდენი შრომა წყალში ჩავყარო. მინდა ვასახელო საქართველო და ჩემი მწვრთნელებიც. რაც ფინანსურად გამიჭირდა, ჩემი მწვრთნელი ირაკლი ტუღუში ვარჯიშის ფულს არც კი მახდევინებს.
- შეჯიბრებაზე გასამგზავრებელ ხარჯებს ვინ გინაზღაურებს?
- საქართველოში ტაიკვანდო დაუფასებელია. პარლამენტარი გუგული მაღრაძე გავიცანი ცოტა ხნის წინ და, ჩემი ამბავი რომ გაიგო, დახმარებას დამპირდა.
დედაჩემმა საქართველოს პარლამენტსაც მიმართა განცხადებით. თავდაპირველად ეს საქმე განსახილველად გადაეცა ლერი ხაბელოვს. მან კი, როგორც ვიცი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს გადაუგზავნა და ველოდები პასუხს.
მეტისმეტად მძიმე სოციალურ პირობებში მიწევს ცხოვრება, საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი. გურიის მუნიციპალიტეტი მიწევდა ცოტაოდენ ფინანსურ დახმარებას, ოზურგეთში ბინის ქირას ისინი მიხდიდნენ. შემდეგ დაფინანსება შემიწყვიტეს, მაგრამ ამჟამინდელი გუბერნატორის დავალებით, ისევ მეხმარებიან. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სათანადო დაფინანსება არა აქვს.
იხილეთ ვიდეო
- როგორი რეაქცია აქვს ხალხს, შენს პროფესიას რომ იგებს?
- რადგან ტაიკვანდოს ჩემპიონი ერთადერთი გოგო ვარ, ყველა განსაკუთრებული პატივისცემით მექცევა. გურია პატარაა და ყველა მიცნობს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, მანქანა გაუჩერებიათ, გადმოსულან და გულთბილი სიტყვები უთქვამთ.
- როგორც ვიცი, ოჯახსაც შენ არჩენ...
- უმძიმეს სოციალურ პირობებში გავიზარდე. თავდაპირველად თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ იძულებულნი გავხდით, სახლი გაგვეყიდა და ოზურგეთში, ნათესავის ბინაში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. მანამდე ხან სად ვცხოვრობდით და ხან სად. საკუთარი ჭერი არ გამაჩნია, დედასაც მე ვარჩენ. თავის გატანა ხომ გვინდა? ამიტომ დავიწყე მიმტანად მუშაობა ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში.
დიდი შემოსავალი არა მაქვს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ღამის 4 საათამდე ვმუშაობ, მერე სახლში ვბრუნდები და დღის პირველ ნახევარში ვვარჯიშობ. ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს. ამის პარალელურად მაინც ვვარჯიშობ და ვემზადები დიდი შეჯიბრებისთვის.
- კლიენტები შენი დამსახურებების შესახებ რომ იგებენ, რას გეუბნებიან?
- ოზურგეთელები კი მიცნობენ, მაგრამ უცხო ადამიანებიც ხშირად გვსტუმრობენ და როცა ჩემი ჩემპიონობის ამბავს იგებენ, გაოცებულნი რჩებიან. ეს რესტორანი ძალიან პრესტიჟულია ოზურგეთში და თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნებიც ხშირად გვაკითხავენ.
- ვინ დადის თქვენს რესტორანში მაღალჩინოსნებიდან?
- ქალბატონი გუგული მაღრაძე სწორედ აქ გავიცანი. ჩემი ამბავი გულთან მიიტანა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას და სტიპენდიის დანიშვნას დამპირდა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც ხშირად დადის ჩვენთან. კახი კალაძეც აქ გავიცანი. ძალიან თბილად მომექცა და წარმატებები მისურვა.
მიხეილ სააკაშვილიც დადის ჩვენს რესტორანში. უშუალო ადამიანია, კარგად ვიცნობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი წარმატებების შესახებ არაფერი სმენია...
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)