კლიჩკოებივით ჩვენც გვყავს ძმები

AutoSharing Option
ვარიანელი ძმები 25 წლის შალვა და 23 წლის ლევან ჯომარდაშვილები პროფესიულ კრივში საქართველოს ქამრების მფლობელები არიან.

პროფესიულ რინგზე ჩატარებული ბრძოლების რაოდენობით შალვას საქართველოდან მეორე მაჩვენებელი აქვს.

ლევანმა კი სულ ახლახან ესპანეთში WBC-ს ინტერკონტინენტალის ჩემპიონის წოდების მოპოვებით გამოიჩინა თავი. ძმებს ვარიანში კრივის კლუბ "ჩემპიონის" დარბაზში შევხვდით.

ლევანი: ესპანეთში ლუის როდრიგესთან შესახვედრად პირადი მწვრთელ გელა სხირტლაძესთან ერთად ვიმყოფებოდი.

რასაკვირველია, ძნელია იფიქრო მოგებაზე, როცა დარბაზში ქომაგები არ გყავს. გამარჯვება საკუთარი თავის რწმენამ შემაძლებინა.

სხვათა შორის, როდრიგესი ჩემამდე წაუგებელი იყო. იგი საკმაოდ გამოცდილიცაა, 33
წლისაა. მის ბრძოლის სტილზე ბევრი არაფერი მსენოდა, ამიტომ მწვრთნელის მითითებით, პირველ-ორ რაუნდში დაზვერვითი ტაქტიკა ავირჩიე. მერე უპირატესობა თანდათან ავკრიფე, მეექვსეში რაუნდში კი ზუსტი დარტყმით მეტოქეს წარბი გაუსკდა. ჩემი უპირატესობა აშკარა იყო და ბოლოს, სამივე მსაჯმა გამარჯვებულად მაღიარა. მძიმე წონაში WBC-ს ინტერკონტინენტალის ჩემპიონის ოქროს მედალი მე გადმოცეს.

- ალბათ კრივი გიორგი კანდელაკის მიბაძვით შეიყვარეთ...
- შალვა: დიახ, გიორგი კანდელაკის მიბაძვით ჩვენი თაობიდან არაერთმა დაიწყო ვარიანში კრივში ვარჯიში. სპორტის სიყვარული მამამ ჩაგვინერგა, რომელიც გულშემატკივარობით გამორჩეული კაცია.

5-6 წლისანი მიგვიყვანა კრივზე გელა სხირტლაძესთან, რომელიც დღემდე ჩვენი მწვრთნელია. გვავარჯიშებს ვარიანის კრივის სკოლის დირექტორი გია კობახიძეც.

ჩვენ დარბაზში ლიახვის ხეობის სოფლებიდან, გორიდან, კასპიდან და კახეთიდანაც კი დადიოდნენ. კახელები გიორგის შემწეობით ვარიანშივე ცხოვრობდნენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთხანს ვარიანის დარბაზში სავარჯიშოდ 500-მდე ბავშვიც იკრიბებოდა.

- სამოყვარულო რინგზე როგორი შედეგები გქონდათ?
- შალვა: 13 წლისა პირველად გავხდი დიდებში საქართველოს ჩემპიონი. ეს იყო 1999 წელს. გიორგი კანდელაკის თხოვნა რომ არა, ორგანიზატორებს ასპარეზობის უფლების მოცემა არ უნდოდათ. მათდა გასაკვირად ყველას ვაჯობე!

შემდეგ რამდენჯერმე კიდევ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი, გავიმარჯვე არაერთ საერთაშორისო ტურნირში. გამოვდიოდი 69 კგ-ში, 2005 წელს პროფესიონალებში გადასვლიდან კი 72 კგ-ში ვარ. პროფესიონალებში 40 ბრძოლა ჩავატარე, 33 მოვიგე, 5 წავაგე, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

- ლევანი: სამოყვარულოში შალვას დარი შედეგებით არ მქონია. პროფესიულ კრივში 17 წლისა გადავედი. 35 ბრძოლა მაქვს გამართული, 28 მოვიგე, 7-ჯერ დავმარცხდი. პროფესიულ რინგზე წარმატება უფრო რეზონანსულია, ვიდრე სამოყვარულოში, აქ სანახაობაც მეტია. ჩვენთან პაექრობა უფრო შემტევია, უჩაფხუტოდ და პატარა ხელთათმანებით.

- საქართველოს ქამრები როდის მოიპოვეთ?
- ლევანი: მე აქამდე ამ ტიტულისთვის არც მებრძოლა, ქამრის მოსაპოვებლად პირველად 13 ივნისს შევხვდი გოჩა მჭედლიშვილს და მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოვუგე.

შალვამ საქართველოს ქამარი 2007 წელს შემოირტყა, რამდენჯერმე დაცვაც მოუწია, თუმცა აღარ დაუთმია. საგულისხმოა, რომ სამშობლოში არც თანამემამულესთან და არც უცხოელთან ჯერ არ წაგვიგია.

- თითქმის ქართული პროფესიული კრივის ჩასახვიდან ხართ რინგზე. როგორ გგონიათ, ნორმალურად მიდის განვითარების პროცესი?
- შალვა: განვითარება დამაკმაყოფილებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ წლებში მოკრივეები საწყის რაუნდებშივე იღლებოდნენ, ხოლო ამჟამად 12 რაუნდსაც ნორმალურად ვჩხუბობთ და შედეგები უცხოეთის რინგზეც ურიგო არა გვაქვს.

ყოველივე ეს პროფესიული კრივის ასოციაციის და მისი ხელმძღვანელის გიორგი კანდელაკის დამსახურებაა. ისინი თითოეულ თეთრს ადებენ ერთმანეთზე, რომ ჩვენ ასპარეზი გაგვიხსნან და გვიპატრონონ.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქართველობო!!! ვამაყობთ თქვენით
გიგი
09:37 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული