WBA (მსოფლიო კრივის ასოციაცია), WBO (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია), IBF (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ჩემპიონმა მძიმე წონაში, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ კონკურენტ დარიუშ ვახს 12-რაუნდიან ბრძოლაში აჯობა და სამივე ტიტული თავისთვის დაიტოვა.
ტრადიციულად, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, მსოფლიო საკრივო სამყაროში ესოდენ მნიშვნელოვან პაექრობაზე სასაუბროდ საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტს გიორგი კანდელაკს ვესტუმრეთ.
ვახ, რა ყბა ჰქონია ვახს?!
ჰამბურგში გამართული
შეხვედრის დასაწყისიდან კლიჩკოს უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ მეგონა, მალე დასრულდებოდა.
უკრაინელი სერიოზულ უპირატესობას ფლობდა. მეთოდურად, რაც მთავარია, ზუსტი დარტყმებით ამუშავებდა პოლონელ გიგანტს, თუმცა ვახს ქვასავით გამძლე თავი და ყბა ჰქონია!
კლიჩკომ 274 (!) ზუსტი დარტყმა განახორციელა, ვახმა მხოლოდ 60. საოცარი იყო, როგორ გაუძლო მან ამდენ ზუსტ დარტყმას. დიდი ხანია არ მინახავს მოკრივე, რომელმაც ამდენის ატანა შეძლო და მოწინააღმდეგეს ბრძოლის დროზე ადრე შეწყვეტის საშუალება არ მისცა.
არადა, კლიჩკომ ცალკეულ შემთხვევებში მაინც მოახერხა ვახის წყობილებიდან გამოყვანა. აქედან ნოკაუტამდე კი შორი არაა.
მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონისათვის გაწეული ღირსეული წინააღმდეგობისა, დარიუშ ვახი განსაკუთრებული ნიჭითა და ტალანტით დაჯილდოებული სპორტსმენი არ არის.
ის ჩვეულებრივი მძიმეწონოსანი მოკრივეა, რომლის უმთავრესი პლუსი გიგანტური გაბარიტია. სწორედ ამ გზით დარიუშმა თავის პროფესიულ კარიერაში არაერთი ძლიერი მოკრივე დაამარცხა.
ამ თვალსაზრისით ვახი მაგონებს რუს ნიკოლაი ვალუევს. მის შეტევით პოტენციალზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან რაც მე მის ბრძოლებს ვუყურებ, ერთთავად დაბალ ტემპში კრივობს და ფიზიკური ამტანობით ცდილობს დაღალოს და ქანცი გამოაცალოს მოპირდაპირეს; თუმცა, მეორე მხრივ, ამას რომ დადებითი შედეგი მოაქვს, კარიერული ბალანსიც მეტყველებს - 27 მოგება და არცერთი მარცხი კლიჩკომდე!
მოცემულ შეხვედრაში დავინახეთ, რომ თავის მხრივ ვლადიმერ კლიჩკო სულ უფრო ხვეწს საკუთარ, ისედაც ლამის სრულყოფილებამდე მიყვანილ სტილს და ტაქტიკას.
კრივობს წინ წაწეული ხელით, არ არღვევს დისტანციას და აკონტროლებს სიტუაციას. მანძილის დარღვევა მას 2003 წელს ბრიტანელმა კორი სანდერსმა მარცხად დაუსვა.
მახსოვს, მაშინ სანდერსი ნაწილობრივ უპირატესობის დათმობით, უკუსვლით იბრძოდა, შემდეგ მომენტალურად იფეთქებდა და მიუხტებოდა ხოლმე კლიჩკოს, ავიწროვებდა დისტანციაზე და კონცენტრაციასაც არღვევინებდა.
მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. აღსანიშნავი გახლავთ ისიც, რომ კლიჩკოს უკანასკნელ რვა წელიწადში პირველად მოუწია მწვრთნელ ემანუელ ტომპსონის გარეშე გამოსვლა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვლა.
თავად მაქვს გამოცდილი, რაოდენ ძლიერი სპეციალისტი იყო ეს ადამიანი. იგი ავარჯიშებდა ლენოქს ლუისს და რამდენიმე ორთაბრძოლის წინ მომამზადა მეც. მე და ლუისი კი ერთად ვვარჯიშობდით და ვმეგობრობთ.
სხვათა შორის, ლენოქს ლუისმა ამას წინათ უკრაინელი ძმები დაადანაშაულა, სუსტი მოწინააღმდეგეების შეგნებულად შერჩევაში, თითქოსდა, იმიტომაა მათი ტახტი ამდენი წლის განმავლობაში ურყევი.
ლენოქსი ამერიკული, შემტევი სტილის თაყვანისმცემელია, რომელიც კრივის სანახაობრივ მხარეს, გამარჯვების ნოკაუტის გზით მიღებას ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას.
მისთვის კლიჩკოების ზედმიწევნით დაცვითი სტილი მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს აღიზიანებს, თორემ პროფესიულ კრივში უკრაინელი ძმების დღესდღეობით აშკარა ლიდერობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მიმდინარე ეტაპზე მათი მომგები მოკრივე ნაღდად არ ჩანს.
ახლა ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოდგება ვლადიმერ კლიჩკოსა და ალექსანდრ პოვეტკინის ორთაბრძოლა.
არა მგონია, პოვეტკინმა აჯობოს უკრაინელს, მაგრამ ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას რომ გაუწევს, დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, რომ კლიჩკო უკან-უკან სვლით იკრივებს, პოვეტკინი კი წინ ივლის, რინგის ცენტრში იტრიალებს.
ბოლოს ბრიტანელ დევიდ ჰეისა და ვიტალი კლიჩკოს შესაძლო ორთაბრძოლის თემას მინდა შევეხო; უფრო სწორად, ჰეის სურვილზე, რომ იყოს კლიჩკოს მომდევნო მეტოქე.
უფროსი კლიჩკო ბრიტანელთან რინგზე გასვლას უარობს. ჰეი კი აცხადებს, თითქოს ვიტალი ამ შეხვედრას გაურბის. ჰეის ვიტალისთან შეხვედრის შემთხვევაში მისაღები სოლიდური პრემიალური გასამრჯელოს მიღების სურვილი ალაპარაკებს, თორემ იგი, მიუხედავად ტალანტისა, ვერცერთი ძმის მომგები ნამდვილად ვერაა.
ვლადიმერმა ეს შარშან საქმითაც დაამტკიცა, სხვათა შორის, ჰამბურგისავე რინგზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"