ავთანდილ შოშიაშვილი: ქართული კრივი რეგიონების მხრებზე დგას

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში საქართველოს კრივის ფედერაციის ყრილობა უნდა გაიმართოს.

უკანასკნელი წლების შედეგებისა და ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი პარადოქსული ფაქტის ფონზე კრივის გულშემატკივარი ვერ იფიქრებს, ქართულ კრივში ყველაფერი კარგადააო.

ყრილობის წინ "ლელოს" მკითხველს თავის მოსაზრებებს უზიარებენ რეგიონების კრივის სკოლების მწვრთნელები ავთანდილ შოშიაშვილი (გორი), რუბენ ქიქავა (ფოთის) და გელა ცარციძე (ჭიათურა).

ავთანდილ შოშიაშვილი: "თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კრივი რეგიონების მხრებზე დგას. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მომუშავე მწვრთნელების წარმატებულ მუშაობაზე, მათთვის სამუშაო პირობების ხელშეწყობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

შიდაქართლელები, მაგალითად, ყოველ წელიწადს ორ საკმაოდ კარგ
ტურნირს ვმასპინძლობთ გორსა და ვარიანში.

ესაა გიორგი კანდელაკის სახელობისა და გიორგი კარელიძის ხსოვნის ტურნირები ჭაბუკთა შორის. ასეთი შეჯიბრებები რეგიონებში, სამწუხაროდ, იშვიათობაა. არადა, ყველგან, სადაც კრივია განვითარებული, თუნდაც ერთი ასეთი შეჯიბრება რომ ეწყობოდეს, ქართული კრივს სასიკეთოდ წაადგებოდა.

მით უფრო, რომ ახლა რეგიონებში საამისოდ ტექნიკური ბაზაცაა და ინვენტარიც საკმ
არისია. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება შეჯიბრებები ახალგაზრდა მოკრივეთა შორის.

დიდებში კი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატია და მეტი არაფერი! ცხადია, გარკვეული სახსრებია საჭირო, რომლის მობილიზებასაც, იმედია, შეძლებს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა. 80-იან წლებში თბილისში იმართებოდა საერთაშორი
სო ტურნირი გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" პრიზზე.

ჩვენს დედაქალაქში არაერთი ძლიერი საკრივო ქვეყნიდან ჩამოსულან საასპარეზოდ. უცხოელებთან ერთად იმ რინგზე გამოსული ბევრი კარგი ჩვენი მოკრივე (კანდელაკი, ბარავი, სეთური, ტლაშაძე) გვინახავს.

აი, თუნდაც ასეთი შეჯიბრება მნიშვნელოვანია ჩვენი წინსვლისთვის. ვფიქრობ, საქართველოს პირველ ნაკრებს შეკრებების უცხოეთში გამართვაზე მეტად ქვეყნის შიგნით მათი ორგანიზება უფრო არგებს. ოღონდ გუნდი შეკრებაზე უწინდელივით წონაში ორი საუკეთესო მოკრივით კი არა, სამი-ოთხი ნომრით უნდა იყოს წარმოდგენილი.

ქვეყნის ნაკრების შედეგებში რომ უკუსვლაა, ცხადია. მასობრიობა ურიგო არაა; მთავარია, რა შედეგს აღწევენ სპორტსმენები".


რუბენ ქიქავა: "უკეთესობისკენ სვლის იმედი გვაქვს. აუცილებელია დავიბრუნოთ წარმატებები საერთაშორისო რინგზე, ისეთი, როგორიც ადრე გიორგი კანდელაკს, რამაზ ფალიანს და სხვებს ჰქონდათ.

ჩვენს რეგიონში ზურაბ სარსანიას სახელობის ტრადიციულ ტურნირს ვმასპინძლობთ ჭაბუკთა ასაკში. ასეთი შეჯიბრებები სხვაგანაცაა, მაგრამ ახალგაზრდებში და დიდებშიც უდავ
ოდ გვჭირდება შეჯიბრებები".

გელა ცარციძე: "ჭიათურაში კრივი ნორმალურად ვითარდება. სტაბილურად ასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს, რამდენიმე მათგანი ასაკობრივ ნაკრებებშიც არის მიწვეული.

ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარა ქალაქისთვის ეს ურიგო არაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გვინდა. დროულად უნდა მოგვარდეს შეკრებებზე ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში პირველ ნომრებთან ერთად მათი უშუალო კონკურენტების დასწრების საკითხი.

ასეთი მიდგომა კლასის ზრდის თვალსაზრისით ახეირებს როგორც წონით კატეგორიაში ლიდერს, ისე მის მდევარსაც. აუცილებელია სპორტის აკადემიის აღდგენა და მწვრთნელთა დონის ასამაღლებელი კურსების გამართვა.

იმედია, კრივის ფედერაციის ახალარჩეული ხელმძღვანელობა დროულად მოაგვარებს პრობლემებს, ამაღლდება დისციპლინაც და გამოირიცხება ისეთი კაზუსები, როგორიც ლონდონის ოლიმპიადაზე მოხდა, როდესაც ერთადერთ ქართველ ლიცენზირებულ მოკრივეს წონა ვერ ჩააბარებინეს. ეს მართლაც უდიდესი სირცხვილი იყო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული