არ მოინდომა, თორემ...

AutoSharing Option
მნიშვნელობით მეორე შეხვედრა გერმანიაში გაიმართა - სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას ხვდებოდა. ბრძოლა ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორსაც კრივის აბსოლუტურად ყველა მოყვარული წინასწარმეტყველებდა.

საწყის რაუნდებში კლიჩკო არ ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას და მშვიდად მოქმედებდა შორი დისტანციიდან. ჩემპიონს სულ მცირე უპირატესობა ჰქონდა და ამას ისე მიაღწია, რომ საქმეში არ გვინახავს მისი ძლიერი დარტყმები. უკრაინელი საფირმო ჯებით ამუშავებდა მოწინააღმდეგეს, თუმცა დარტყმებს სერიოზულ ძალას არ ატანდა.

მაგრამ, როგორც კი კლიჩკომ საკუთარი დარტყმების ძალა გაიხსენა, იტალიელი პრეტენდენტი მაშინვე რინგზე
აღმოჩნდა - პირველმა აქცენტირებულმა ორმაგმა დარტყმამ ჩემპიონს პირველი ნოკდაუნი მოუტანა. ფრანჩესკო თითქმის არ ცდილობდა შეტევას (ის პერიოდულად დისტანციიდან იქნევდა ხელებს, მაგრამ ეს დარტყმები ძალიან იოლად იკითხებოდა ვლადიმერის მიერ) და მის მოქმედებაში არ შეიმჩნეოდა რაიმე ტაქტიკა თუ სტრატეგია.

ნოკდაუნის სიტუაცია მეხუთე რაუნდში განმეორდა. ამჯერად უკრაინელის მარცხენა გვერდითმა დარტყმამ დააწვინა რინგზე იტალიელი. ვლადიმერმა მეტოქისთვის სწრაფად ბოლოს მოღება არ მოისურვა, რითაც ბრძოლის დასასრული ერთი რაუნდით გადაავადა. მეექვსე სამწუთეულში ჩემპიონის მორიგი აქცენტირებული შეტევა ვიხილეთ - სტანდარტული ორმაგი მარცხენა ჰუკით გამყარებული და პრეტენდენტი მესამედ მოხვდა ნოკდაუნში, რის შემდეგაც რეფერიმ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად მიიჩნია.

ასე რომ, ვლადიმერ კლიჩკომ, მოლოდინისამებრ, იოლად დაიცვა თავისი საჩემპიონო ქამრები; პიანეტა კი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნა. კლიჩკო მთელი სერიოზულობით რომ მოჰკიდებოდა ამ ბრძოლას, იტალიელი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ასე რომ, ახლა ყველა ელოდება ვლადიმერისა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის დაპირისპირებას, რომლის მიმართ უკრაინელს სულ სხვა მიდგომა ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკო-პოვეტკინის გამართვის დრო დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული