მსოფლიოს ჩემპიონმა რვა ბანკი გაქურდა

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ჯეიმს პეიჯი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დააკავეს. ის ეჭვმიტანილია ბოლო სამი თვის განმავლობაში რვა ბანკის გაძარცვაში. ჯერჯერობით პეიჯს ბრალი წაუყენეს ერთ ეპიზოდში. მოკრივე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

პოლიციის აზრით, 42 წლის პეიჯმა ძარცვების სერია 2013 წლის 6 მარტს დაიწყო. მოკრივემ პოლიციისგან მეტსახელი მიიღო - "ბანდიტი ღილებზე" - ამერიკელი ბანკებს გრძელსახელოებიან და საყელოიან პერანგში გამოწყობილი ძარცვავდა.

2012 წელს პეიჯი ციხიდან გამოვიდა, სადაც 11 წელი იჯდა ქალაქ ატლანტაში Bank of America-ს გაძარცვის გამო (2001
წლის დეკემბერში). 2012 წლის ნოემბერში ის რინგზე დაბრუნდა და ბრძოლა გამართა აზერბაიჯანელ რაჰმან იუსუბოვთან, მაგრამ მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

პეიჯი 1998 წელს 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გახდა WBA-ს ჩემპიონი. მაშინ მან რუსი ანდრეი პესტრიაევი დაამარცხა. ამერიკელმა სამჯერ წარმატებით დაიცვა ტიტული, მაგრამ 2000 წელს არ ჩაატარა აუცილებელი დაცვა და საჩემპიონო ქამარი ჩამოერთვა. 2001 წელს პეიჯმა ბრძოლა გამართა ენდრიუ ლუისთან, დამარცხდა და სწორედ ამის შემდეგ გახდა მძარცველი. სულ პეიჯმა პროფესიულ რინგზე 30 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 25 (19 - ნოკაუტით) და ხუთი წააგო.

ტაისონის რეკორდს დაემუქრნენ
18 წლის ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ჰიუგი ფიურიმ განაცხადა, რომ დაამხობს ლეგენდარული მაიკ ტაისონის რეკორდს და გახდება მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. 1986 წელს ტაისონმა საჩემპიონო ქამარი 20 წლისა და 144 დღის ასაკში მოიპოვა.

"დრო საკმარისად მაქვს. ძალიან ახალგაზრდა ვარ და ყოველი ბრძოლის შემდეგ ვპროგრესირებ. მე ამას გავაკეთებ - დავამხობ მაიკ ტაისონის რეკორდს და გავხდები ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში”, - განაცხადა ფიურიმ.

ბრიტანელმა (ის არის ცნობილი მძიმეწონოსნის, ტაისონ ფიურის ბიძაშვილი) პროფესიულ რინგზე ხუთი ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (ოთხი - ნოკაუტით). 15 ივნისს ის შეხვდება ჩეხ ტომაშ მრაჟეკს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული