მისმა ფირმამ ორგანიზება გაუკეთა საკრივო შოუს, რომელიც გასულ უქმეებზე ამერიკის ქალაქ ვერონაში გაიმართა.
საღამოს მთავარ შეხვედრაში დომინიკელმა არხენიოს მენდესმა 58.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში IBF-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ქულებით დაამარცხა კანადელი არაშ უსმანი.
თავად ტაისონმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ დიდ კრივში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
თავის ამოცანებზე საუბრისას ლეგენდამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ახალგაზრდა მოკრივეებმა მისი მსგავსი შეცდომები არ გაიმეორონ.
როგორც ცნობილია, "რკინის მაიკმა" თავისი დიადი და სკანდალური კარიერა 2005 წელს დაასრულა და მას შემდეგ სხვადასხვა პროფესიაში ცდის ძალებს: მას პერიოდულად იღებენ კინოფილმებში, ჩნდება სცენაზე საკუთარი სპექტაკლით, მონაწილეობას იღებს ტელეშოუებში, ახლა კი პრომოუტერობას მიჰყო ხელი.
უფრო მეტიც, მაიკმა თითქოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო და 40 კილოგრამი ზედმეტი წონა მოიკლო. მაგრამ უკვე ნახსენები საკრივო შოუს დროს ტაისონმა მოულოდნელი აღიარება გააკეთა - მას კვლავ აწუხებს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.
"ხანდახან ისევ ცუდ ბიჭად ვრჩები, - მოჰყავს ტაისონის სიტყვები USA Today-ს. - ბევრი სისულელე ჩავიდინე და იმედია, ღმერთი მაპატიებს. მინდა საკუთარი ცხოვრების წესი შევცვალო. სიკვდილის პირას ვიმყოფები იმის გამო, რომ გამოუსწორებელი ლოთი ვარ.
ექვსი დღეა ალკოჰოლი და ნარკოტიკი არ მიმიღია და ეს სასწაულია. ვიტყუებოდი, როცა ვამბობდი, რომ ფხიზელი ვარ. ეს ჩემი მეექვსე დღეა და იმედია, აღარ დავუბრუნდები მავნე ჩვევებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"