კათოლიკედ დავიბადე, დედაჩემი კათოლიკე იყო. მართალია, მამაჩემი მაინც და მაინც ვერ ერკვეოდა ამ საკითხებში, მაგრამ "სამხრეთ ბაპტისტებიდან" (აშშ-ის უმსხვილესი პროტესტანტული ორგანიზაციის - სამხრეთ ბაპტისტთა კონვენციის წევრები.
ის აერთიანებდა 16 მილიონ ამერიკელ ბაპტისტს, უმეტესად, სამხრეთ შტატებიდან) მოდიოდა და ჯიუტად ითხოვდა, რომ მე, ჩემი და და ძმა მონათლული
- თუ გონებას არ კარგავ, ეს ნიშნავს, რომ შენში ეშმაკია ჩასახლებული, - მითხრა დეიდაჩემმა.
- ჯანდაბა, არ ვაპირებ გონების დაკარგვას, - არ ვიშლიდი ჩემსას.
- მისმინე, თუ გონებას არ დაკარგავ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შენში ეშმაკია და მაშინ, ხელ-ფეხს შეგიკრავენ და ცეცხლში ჩაგაგდებენ, - დამემუქრა ჩემი და.
- რა? - გავოცდი მე.
და როგორც კი მღვდელი შემეხო, მაშინვე მოცელილივით დავეცი.
ჩემი და-ძმა პატარა კათოლიკურ სკოლაში დადიოდნენ. თუ არ ვცდები, მეც დავდიოდი იქ, მაგრამ ჩემს მოგონებაში დარჩა მხოლოდ მონაზვნების ყვირილი და მათი მკაცრი მოპყრობა. ჩვენ არ ვყოფილვართ სუპერკათოლიკები, მაგრამ, ძირითადად, ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც დედა მიბრძანებდა.
თუ ბოროტებას ჩაიდენ, სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიწვები. მიირთვი ქრისტეს სხეული, დალიე "კულეიდი" (ხსნადი ფხვნილი ხილის გამაგრილებელი სასმელის დასამზადებლად; ამ შემთხვევაში სიტყვებით თამაში, რადგან ინგლისურიდან "დალიე კულეიდი" (to drink the kool-aid) ითარგმნება, როგორც "ბრმად გწამდეს რაღაცის, თუნდაც სახიფათოსი"). მე უბრალოდ ღარიბი შავი ნაძირალა ვიყავი, რომელიც ელოდა, როდის შეძლებდა "კულეიდის" დალევას. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეკლესია ის ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა ღმერთისთვის გეთხოვა, რომ სხვა რაიონის ბიჭებს აღარ ვეცემე.
არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ჩვენი ღარიბი რაიონის მღვდელი ყველაზე კარგად იცვამდა, ჰყავდა ყველაზე მდიდრული მანქანა და მთელს ოლქში ყველას ცოლთან, დასთან თუ ქალიშვილთან იწვა. და ყველა აღმერთებდა მას. მღვდელი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი იყო მთელს ოლქში. ჩვენ განვიხილავდით და დავცინოდით მას, მაგრამ, როცა სადმე წასვლას ან რაიმეს გაკეთებას გვიბრძანებდა, ყველაფერს ვუსრულებდით. აი, ასეთი ძალაუფლება გააჩნდა მას. ვიცოდით, რომ ბინძური ნაძირალა იყო, მაგრამ, როცა გვიბრძანებდა: "აბა, სწრაფად!" მაშინვე ვასრულებდით. ასე იმიტომ ვიქცეოდით, რომ გულის სიღრმეში ვგრძნობდით - ჩვენც რომ მსგავსი ძალაუფლება გვქონოდა, ზუსტად ასევე მოვიქცეოდით.
მეკითხებიან - შეირყა თუ არა ჩემი რწმენა ღმერთზე მას შემდეგ, რაც ამდენი მეგობარი დამეღუპა. ეს ასე არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი რომელიმე მეგობარი დაიღუპა მხოლოდ იმის გამო, რომ თავად უნდოდა ვინმეს მოკვლა და რაიმე სხვა სახით ვინმეს წინააღმდეგ ძალადობა. ეს თამაშის დაუწერელი წესი იყო. როცა სიცოცხლეს რისკავ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუშვა შეცდომა და წახვიდე ამ ქვეყნიდან. სახალისო ისტორიაა ჩემი ისლამამდე მისვლა. ახალგაზრდობაში, ჩემს მეგობართან ერთად ვურტყამდი და ვძარცვავდი მუსულმანებს. ვერ ვიტანდით მათ.
- შენი დედაც, ამდენ სისულელეს ლაპარაკობ, თითქოს უცხოელი ზანგი იყო! - აღშფოთებულები ვამბობდით ჩვენ.
ახლა კი ღმერთმა სწორედ ეს მომცა. ბოლოს, გახდები ის, რასაც რასაც თავად დასცინოდი. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ჯერიც დადგება. ვიღაც ბოღმას ანთხევს მუსულმანებზე და შავ დღეში ჩამაგდებს.
ვიხიბლებოდი ისლამით, როცა ციხეში მუსულმან ბიჭებს ვაკვირდებოდი. ციხეში ყოფნისას, გაზრდას ვცდილობდი, ყოველთვის მომწონდა ადამიანების მოსმენა და მათგან ცოდნის მიღება. მომწონდა ისლამის საფუძვლების შესწავლა და მათ მიმდევრად ჩამოყალიბება, მთელი სამყაროსა და ღმერთის ყველანაირი ქმნილების შეყვარება. აი, რატომ აღარ ვკლავდი შევარდნებსა და მიმინოებს.
ადრე, ვესროდი მათ და ხაფანგებს ვუგებდი, როცა ჩემს მტრედებს მოაკითხავდნენ ხოლმე. მაგრამ, შემდეგ მივხვდი, რომ ისინიც ღმერთის შექმნილები იყვნენ. ეს ის გზა იყო, რომელიც ღმერთმა მათ განუსაზღვრა. თუ ალაჰი გიყვართ, უნდა გიყვარდეთ მისი ყველა ქმნილება. ეჭვი მაქვს, ბევრ მუსულმანს მიაჩნია, რომ ღორი სატანამ შექმნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ღორიც - ალაჰის ქმნილებაა, ამიტომაც უნდა გიყვარდეთ ის (მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჭამდეთ მას).
აი, ასე შევისწავლე ისლამი, მივყევი მას და თანდათან, ქადაგებაც დავიწყე. ეს არ ყოფილა ჩემთვის რაღაც გამონათება. უბრალოდ, თანდათან მივედი იმ აზრამდე, რომ მუსულმანი - ეს ის არის, რაც ვარ. ყველას ისე ვექცეოდი, როგორც მინდოდა ჩემს მიმართ მოქცეულიყვნენ. ის, რაც ჩემთვის მინდოდა, მინდოდა სხვებისთვისაც. როცა ციხეში პირველად დავიწყე ისლამის შესწავლა, ყველაფრის მიმართ მტრულად ვიყავი განწყობილი. და გავხდი ძალიან რადიკალური მუსულმანი.
ზედმეტად ფეთქებადი და სასტიკი ვიყავი და ეს თვისებები ჩემს რელიგიაში მივიტანე. ისლამი - არ არის ომის რელიგია, ეს არის - ჰუმანურობის რელიგია. თავიდან ეს არ მესმოდა. მტრულად ვიყავი განწყობილი ყველაფრის მიმართ. თუ თქვენ არ გჯეროდათ იმის, რისიც მე მჯეროდა, მაშინ, თქვენი ჩემი მტერი იყავით. უბრალოდ, მთელს სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული. მაგრამ შემდეგ წინ წავედი, რაღაცეებს დავაკვირდი, რაღაცეები შევისწავლე და მივხვდი, რომ ეს ის გზა არ იყო, რომელსაც უნდა გავყოლოდი. აი, რატომ გავხდი უფრო მორჩილი, უფრო თვინიერი - იმიტომ, რომ ისლამმა მასწავლა ასე. ისლამი - ეს არის სიყვარული, მშვიდობა და მორჩილება. თუ თქვენ ჩუმი მორჩილი ხართ - ეს სულაც არ არის თქვენი სისუსტის დემონსტრირება, უბრალოდ, ღმერთის წინაშე ასეთი ხასიათით წარსდგებით.
ისლამისგან ვისწავლე, რომ ყველას საკუთარი დამოკიდებულება გვაქვს ღმერთთან. ღმერთი არ აპირებს ვინმე ჯოჯოხეთში გაუშვას ჩემი ცოდვების გამო. ასე რომ, მხოლოდ მე და ღმერთმა უნდა გადავწყვიტოთ ჩემი გადარჩენის საკითხი. თუ დავაკვირდებით, ყველა რელიგია იმას ქადაგებს, რომ უნდა გიყვარდეს გვერდზე მდგომი. ჩემს შვილებს უყვართ შობა. მე ხომ ვერ ვეტყვი მათ, რომ ეს ცუდია, რომ ეს არის წარმართული დღესასწაული და რომ ჩვენ არ აღვნიშნავთ ქრისტიანულ დღესასწაულს? არა, მე არ ვეტყვი მათ ამას.
ამის ნაცვლად, ვამბობ: "მოდით, ავიღოთ ნაძვის ხის სათამაშოები და შობა ყოველდღე აღვნიშნოთ". მათ იციან, რომ მე სანტა-კლაუსი ვარ. თუ მათ მოსწონთ შობის დღესასწაული - ეს შესანიშნავია. თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი - ქრისტიანია ან იუდეველი. მე რომ მეზობლად ათამდე სახლს ჩამოვუარო, არ მგონია რომელიმეში მუსულმანური ოჯახი დამხვდეს. მაგრამ, როცა სალოცავად მივდივარ, იქ ყველანი - მუსულმანები არიან.
ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მუსულმანები მოხვდებიან ზეცაში. მაგრამ, თუ მე იქ მოვხვდები და მხოლოდ მუსულმანები დამხვდებიან, მაშინ ჩემი მეგობრების გარეშე მომიწევს დარჩენა, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს. ასეთ შემთხვევაში, არ მინდა იქ მოხვედრა. მინდა იმ ადგილას ვიყო, სადაც შემიძლია ვიცინო და ვეკამათო ყველა ჩემს მეგობარსა და ახლობელს, განსუზღვრელად მათი რელიგიისა.
არ მინდა ზეცაში ვიყო იმ ბიჭებთან ერთად, რომლებსაც იმ ღმერთის წამა, რომელსაც მე ვაღიარებ, მაგრამ არ ვიცნობ მათ. მინდა ვიყო იმათთან ერთად, ვისაც ვენდობი, თუნდაც განსხვავებული ღმერთები გვყავდეს. სამყარო უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი რელიგია. როგორ გავაკეთებ სიკეთეს, თუ ზეცაში მთელი დრო ლოცვაში გავატარე?
მუხლები დასვრილი მექნება, თავში ქაოსი, ჩემთან არ იქნებიან ჩემი მეგობრები. შევაჯამებ და ვიტყვი: არ მინდა ცაში, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მარტოობაში უნდა ვიყო. სრულიად სერიოზულად ვამბობ: წამიყვანეთ ჯოჯოხეთში, სადაც ჩემს მეგობრებთან მოვხვდები - იმათთან, ვისაც ვიცნობდი და ვაფასებდი.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ღრმა ცოდნა აქვს ღმერთზე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ასე არ ვაკეთებ. ჩემთვის ღმერთი - მიუღწეველია. ღმერთის მსგავსად ვართ შექმნილები? არც კი უნდა გავიფიქროთ, რომ შეიძლება ერთ დონეზე ვიყოთ. განა ღმერთი - ღორი, მატყუარა და გარყვნილია? ეს ჩვენ ვართ ასეთები. ეს ჩვენ ვართ ეროტომანები, ნარკომანები, იდიოტები, ინტრიგანები და ეგოისტები.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრება - მხოლოდ ილუზიაა. წარმოიდგინეთ: მე დავკარგე ბავშვი, ვფიქრობ ამაზე - და თითქოს ის არც ყოფილა. სინამდვილეში, როგორ მოვიქცე ჩემს შვილთან მიმართებაში? კასთან მიმართებაში? ყოველთვის ვფიქრობ მათზე. ორივეს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. რაც უფრო მეტს ვფიქრობ სულიერ თემებზე, მით უფრო მეტად მესმის, რომ არაფერი ვიცი.
ღმერთის არსებობის კონცეპცია ძალიან რთულად მეჩვენება. სულიერ საწყისზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ამ ცნებას საკუთარი მუსულმანური თვალსაზრისით განვიხილავ. ვერაფრით ჩავწვდი - რა არის რელიგია და რა არის ღმერთი. მინდა გავიგო, მაგრამ არ შემიძლია. ამგვარი არგუმენტი - "დაე, თქვენი გონება განიმსჭვალოს რწმენით და ყური მიუგდოს გულს" - მე არ მაწყობს, რადგან ის, ბრმად მიჰყვება რაღაცას.
არ მაქვს სურვილი ეს სისულელე მოვისმინო, არ მინდა ეს გავაკეთო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იქამდე დადის, რომ თქვენ უკან მიყვებით ვიღაცას, ვინც ზუსტად არ იცის არსებობს თუ არა ღმერთი. რომც თქვათ: "მე არ მჯერა ოფიციალური რელიგიის. მე მხოლოდ სულიერი საწყისის მწამს". სულიერი საწყისის რომელ კონცეპციას ენდობით? თქვენს საკუთარს? ასეთ შემთხვევაში, თქვენ თავს იტყუებთ როგორც მოსწავლე და როგორც მასწავლებელი.
შეხედეთ რა გამოდის: გვეუბნებიან, ვინ არის ღმერთი და ჩვენც გვჯერა მათი ნათქვამის. არ შემიძლია ჩაწვდე იმას, რასაც ღმერთზე მიყვებიან. ეს არაფერს არ არგებს ჩემს დაჭრილ სულს და არ მოაქვს სიმშვიდე. მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს რაღაც აზრი ამ სამყაროში?!
მასში ძალიან ბევრი ქაოსია, ამიტომაც უნდა მიიღწეოდეს რაღაც ჰარმონია, რომელიც ორიენტირების საშუალებას მოგვცევს და გამოარჩევს ყველაზე მნიშნელოვანს ამ გიჟურ არეულობაში. მაგრამ, მორწმუნეთა უმრავლესობას, რომლებიც ეკლესიაში დადიან - კომერციული მიზნებით იყენებენ. აი, ამის მჯერა. ამიტომაც, უნდა გამაჩნდეს გადარჩენის საკუთარი გზა - ღმერთთან შეთანხმებული. მომწონს ალაჰის კონცეპცია. არ ვიცი, ასეა თუ არა სინამდვილეში, მაგრამ ეს ის კონცეპციაა, რომელიც მიყვარს. ჩემი აზრით, ის შესანიშნავია.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"