მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [დასასრული]

AutoSharing Option
მე და კიკიმ ჩამოვაყალიბეთ საქველმოქმედო ფონდი (მისი სახელწოდება იყო - Mike Tyson Cares - "მაიკ ტაისონი მზრუნველობას იჩენს"). ჩვენ ვშოულობდით ფულს დანგრეული ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის.

თუმცა, პირველ რიგში, ამ ბავშვების ფიზიკურ მდგომარეობაზე ვართ კონცენტრირებულნი. არ შეიძლება ბავშვებისთვის წარმატების შანსის მიცემა, თუ მათ არ განაწყობთ გამარჯვებულის ფსიქოლოგიაზე.

ვიცი, რას ნიშნავს, როცა ადრეულ ასაკში არასწორი დიაგნოზი დაგისვეს და გჭყიპავენ წამლებით, რომელმაც, შესაძლოა, ბოლო მოგიღოს. და ლაპარაკია არა მხოლოდ ბავშვებზე. იცით, რამდენი ადამიანია ციხეში, რომლებიც ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებენ და არა ციხის საკანში ჯდომას?
ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სიტუაცია.

ადამიანები ხშირად მეკითხებოდნენ - რას ვნანობ ცხოვრებაში. ვნანობ იმას, რომ ამდენ ქალთან ვიწექი. ჩვეულებრივ, ვტრაბახობდი ამით, მაგრამ ახლა ყველა ეს "გამარჯვება" ჩემს კომპრომეტირებას ახდენდა და უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა.

მე ძალიან ბედნიერი ვარ ერთ ქალთან ყოფნით. ძველებურად მომწონს გოგონების თვალიერებდა, მაგრამ აღარასოდეს შევტოპავ და რაღაც უმსგავსობას არ ვეტყვი მათ. უკვე ვეღარ მნახავთ სხვადასხვა ჟურნალში, რომლებიც ცნობილი ადამიანების ჭორებზე წერენ.

ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ უნდა მეძებნა დედაჩემისგან განსხვავებული ტიპის ქალი. მისი დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან არანორმალური იყო. რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა დედაჩემი, მით უფრო მეტად უყვარდათ ის მამაკაცებს.

რაც უფრო ხშირად ასხამდა ადუღებულ წყალს ან დანით ჭრილობას აყენებდა, მით უფრო მეტ საჩუქარს ჩუქნიდნენ. ასეთი იყო ჩვენს სახლში ძალაუფლების სტრუქტურა. ეს იყო სახლი, რომელშიც ქალები ომს აწარმოებდნენ მამაკაცებთან. მაგრამ კიკი ასეთი არ ყოფილა. და მოხარული ვარ, რომ შევძელი ამ სისტემის დამსხვრევა და თავი დავაღწიე ამ ცოდვილ წრეს.

კიკიმ ამომათრია კანალიზაციიდან და წესრიგში მომიყვანა. მე მას ვემადლიერები იმის გამო, რომ წარმატებას მივაღწიე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა და არა კრივის ვარსკვლავმა. არასოდეს მეგონა, რომ კრივის შემდეგ კიდევ ერთხელ გავხდებოდი ცნობილი, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის პირობებში. მეგონა, რომ უბრალოდ მოვკვდებოდი ან საუკეთესო შემთხვევაში, ჩემს მფლობელობაში იქნებოდა რაიმე ალკოჰოლური ბარი.

თავისუფლად შემეძლო წარმომედგინა, რომ შევეშვებოდი კოკაინის მიღებას, მაგრამ არასოდეს მეგონა, რომ უარს ვიტყოდი ალკოჰოლზე. ვვარაუდობდი, რომ ასე, ცხოვრების ბოლომდე ზედმეტი წონით დავიტანჯებოდი. სინამდვილეში კი მე დღეს სრულიად ვაგებ პასუხს ჩემს მოქმედებებზე, ვმუშაობ, საკუთარი შვილები სკოლაში მიმყავს. ამ ყველაფერს კიკის უნდა ვუმადლოდე.

ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი ქალების გადარჩენას, მაგრამ არ განვიხილავ კიკის, როგორც უბედურებაში მოხვედრილ ქალბატონს, რომელზეც მე უნდა ვიზრუნო. მას განვიხილავ, როგორც ჩემთან გათანაბრებულ ადამიანს. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ.

თუ ვინმე სამუშაოს შემომთავაზებს, საქმეს სრულყოფილად გავაკეთებ. მხოლოდ მაშინ, როცა გასაკეთებელი არაფერი მაქვს, მიჩნდება ცდუნება - უსაქმური ვიყო, ათასგვარი სისულელით დავკავდე. ციხეში არ ვყოფილვარ მას შემდეგ, რაც კიკისთან ერთად ვცხოვრობ, რადგან საქმე მაქვს. და ამ საქმეს ერთად კარგად ვაკეთებთ. შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ასე არ არის, ჩვენთვის ყველაფერი მაინც კარგად მიდის.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესღაც რაღაც ამდაგვარს ვიტყოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს მეუღლეზე ვარ დაქორწინებული. ის საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მყოლია ჩემს ცხოვრებაში.

მასთან ერთად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა - სად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს - კანში სეირნობისას თუ ბრუკლინის ქუჩებში. და მე ვუპასუხე, რომ ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობდი საკუთარი ოჯახის წევრებს შორის, როცა ყველანი კარგად ვართ. როცა შემიძლია დილით გავიღვიძო და ყველა ერთად დავინახო.

ხანდახან მეჩვენება, რომ მე გადავრთე ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე ჩემი დამოკიდებულება ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე. ვიცი, რამდენიმე უბედურება და დამცირება შემიძლია მოვუტანო მას მხოლოდ ერთი პორცია ნარკოტიკით ან ერთი ყლუპი "ჰენესით". არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია მათი მოლოდინის მოტყუება. როგორც კრივში ვდებდი ბოლომდე საკუთარ თავს, ასევე აქ მინდა გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ გავაგრძელო ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. ვიცი, რომ ჩემში ყოველთვის იყო ერთგვარი სიცარიელე და მრავალი წელი ვცდილობდი შემევსო ის ნარკოტიკებით, სასმლით და სექსით.

ჩემი აზრით, ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დროებითია. შეიძლება ხვალ მოვკვდე, შეიძლება 10 წლის შემდეგ, ან თუ გამიმართლებს, 40 წლის შემდეგ, მაგრამ, როცა შენ საკუთარ ოჯახთან ხარ, გიჩნდება გრძნობა, რომ სამუდამოდ იქნები.

ოდესღაც აღწევ ისეთ ასაკს, როცა ღმერთის მადლიერი ხარ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე იცოცხლე. ის სულაც არ იყო ვალდებული, ეს დღე ეჩუქებინა ჩვენთვის. და შენ ვალდებული ხარ, ყოველი დღე ისე იცხოვრო, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა. ვალდებული ხარ, ყველაფერზე პირადი პასუხისმგებლობა ატარო. შენ არ გაქვს უფლება, დაადანაშაულო საზოგადოება. თუ გინდა უკეთესი გახდე, საკუთარ თავს უნდა დაუკვირდე და გადალახო საკუთარი ნაკლი. შენი უბოროტესი მტერი - თავად შენ ხარ. მე ვიცი, რომ ჩემი უბოროტესი მტერი - მე ვარ. თუ ვინმე მზად არის, სიცოცხლეს გამომასალმოს, ეს მხოლოდ მე ვარ. თუ ვინმე ისევე მომეპყრობა, როგორც მე ვეპყრობი საკუთარ თავს, მაშინ მე, ჯანდაბა, მას ტვინს გავასხმევინებ.

არ ვაპირებ მორალის კითხვას. არ მინდა, ვინმეს ცხოვრება ვასწავლო, რადგან ისიც კი არ შემიძლია, რომ საკუთარი ცხოვრება მოვაწყო. უბრალოდ, დინებას მივყვები. ხომ გესმით? მივყვები ამ ფლეიტის ხმებს. ერთი დღით ვცოცხლობ. ვერ ვიტან ამ ფრაზას, მაგრამ ხშირად მივმართავ მას, რომ საკუთარი თავი ვაკონტროლო. ხანდახან ისევ ვიწყებ ფიქრს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც სარეაბილიტაციო ცენტრებში გავატარე და ასობით მილიონი დოლარი დავხარჯე, სიტუაცია კონტროლის ქვეშ მაქვს. ეს არის უდიდესი სისულელე.

მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ რაღაცას წარმოვადგენ, მაგრამ სინამდვილეში, არარაობა ვარ. შვებას ჩემს მტრედებში ვპოულობდი. სადაც არ უნდა მეცხოვრა, ისინი ყოველთვის ჩემთან იყვნენ. ვაგროვებ განსაკუთრებული ჯიშის მტრედებს. მათ როლერები ჰქვია. სერ ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც სახელგანთქმულ "კრავთა დუმილში" ითამაშა, მათზე ასე ლაპარაკობდა:

"იცით ბარნი, როგორები არიან მტრედი როლერები? ისინი ძალიან სწრაფად და მაღლა ადიან, შემდეგ ბრუნდებიან და ასევე სწრაფად ეშვებიან ქვემოთ, ზედ მიწამდე. არსებობენ როლერები, რომლებიც არ რისკავენ და მაღლა დაფრინავენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ძალიან ქვემოთ ჩამოდიან. მათი შეჯვარება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო ქვემოთ დაშვებას ეცდებიან და მიწაზე დაცემისას დაიღუპებიან".

გასაკვირი არ არის, რომ როლერების მიმართ მაქვს გატაცება. არის რაღაც მიმზიდველი იმაში, რომ ისინი სხვა ჩიტებზე ზემოთ ადიან, გზას იკვლევენ ცისკენ და ღრუბლებისკენ და შემდეგ, უბრალოდ, მოწყვეტით ეშვებიან ქვემოთ და თუ გაუმართლებთ, მოასწრებენ ზედ მიწასთან შემობრუნებას იქამდე, სანამ დედამიწას შეასკდებიან.

როლერები, რომლებიც შეჩვეულნი არიან ქვემოთ ჩამოვარდნას, ისე სწრაფად პიკირებენ, რომ მათ გარშემო ხდება ჰაერის გაუხშოება და მათ არ შეუძლიათ ფრთების გაშლა. ამიტომაც, უბრალოდ, ფეთქდებიან დარტყმის მომენტში. გვერდიდან ეს საშინლად მოჩანს, მაგრამ თუ ამ ჩიტად წარმოიდგენ თავს, სულაც არ იქნება შეგრძნება, რომ სწრაფად ვარდები ქვემოთ. ეს ჰგავს შვედურ მაგიდას ენდორფინით, დოფამინით (ჰორმონები, რომლებიც ახშობენ ტკივილს და მოჰყავს ეიფორიის მდგომარეობაში) და ადრენალინით. ეს იგივეა, რომ კოკაინი შეიყნოსო და "ჰენესი" დალიო, სანამ მორფის წვეთოვანაზე ხარ შეერთებული.

ჩემი მშობლები როლერები იყვნენ - შეჩვეულნი იყვნენ ქვემოთ ვარდნას. მე დავიბადე იმისთვის, რომ მწვერვალზე ავსულიყავი და ქვემოთ ჩამოვვარდნილიყავი. და გულწრფელად მადლობელი ვარ იმის, რომ ვიპოვე ფრთები, რათა გამეშალა ისინი იქამდე, სანამ დედამიწაზე დავენარცხებოდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ მაიკლ!
კ ო მ ბ ლ ე
02:04 24-12-2018
0
მართლა მაგარი იყო და პიროვნულადაც მაგარი ვინმე ყოფილა. უფრო მაგარი შთაბეჭდილება გამიხდა მასზე. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ესეთი იქნებოდა.
Geo_Dinamo
22:45 27-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული