რობერტ შავლაყაძეს 78 წლის იუბილე მიულოცეს

AutoSharing Option
სახელოვან ქართველ მძლეოსან რობერტ შავლაყაძეს ქართული სპორტის მატიანეში საპატიო ადგილი უკავია. სიმაღლეზე ხტომის დიდოსტატმა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე.

ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა (1962), სსრკ ჩემპიონმა (1964) და სამგზის მეორე პრიზიორმა სოციალისტური ქვეყნების თამაშები შვიდჯერ (1957-1963) მოიგო, ხუთჯერ ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირზე იყო პირველი, 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებში კი ამერიკელ სიმაღლეზე მხტომელთა ჰეგემონია დაამხო: 216 სანტიმეტრზე გადებული თამასას პირველსავე ცდაზე გადაევლო და თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური რეკორდით ავიდა. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე
შეურყია მან ოკეანისგაღმელებს ტახტი, როცა აშშ-სსრკ „გიგანტთა მატჩში“ ყველა დაჯაბნა სიმაღლეზე ხტომაში. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მან მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილა.

სეოკ-ის აღმასკომის წევრის, ლეგენდარული ათლეტის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა - დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით. უაღრესად კეთილშობილი და ჭეშმარიტდა რაინდი პიროვნება სპორტის სამინისტრომ შარშან სპორტის რაინდის ორდენითაც დააჯილდოვა.

დიდუბის მძლეოსნობის მანეჟში ოლიმპიურ ჩემპიონ რობერტ შავლაყაძეს გუშინ დაბადებიდან 78-ე წლის აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს და ფულადი ჯილდოც გადასცეს.

ლადო ვარძელაშვილი, სპორტის მინისტრი: „რობერტ შავლაყაძე - ეს არის კაცი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა სამშობლოს, მრავალ ახალგაზრდას გაუკაფა გზა დიდი სპორტისაკენ. წელთა სიმრავლის მიუხედავად, მხნედ გამოიყურება და ჯერ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია ქართული მძლეოსნობისთვის. ეს კი ის სპორტის სახეობაა, რომლის განვითარებაც დიდწილად განსაზღვრავს სხვა სახეობების შედეგიანობასაც. ამდენად, მისი საქმიანი რჩევები ბევრად წაადგება „სპორტის დედოფალს“. ბატონ რობერტს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“.

გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი: „რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ შეუძლებელი შეძლო - ფავორიტად მიჩნეულ ამერიკელ მხტომელებს აჯობა. ეს იგივეა, დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს რომ მოუგოს. ამიტომაც აღიქვეს თავის დროზე ქართველი მძლეოსნის წარმატება სენსაციად. ამ შორეული გადასახედიდანაც ის გამარჯვება მსოფლიო სპორტის ისტორიაში უნიკალურ მოვლენად მიგვაჩნია. ოლიმპიური ჩემპიონის მდიდარი გამოცილება ახალგაზრდა მძლეოსნებს დაოსტატებაში დაეხმარება“.

ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „სპორტის დედოფლის“ წარმომადგენლებს რობეტ შავლაყაძის წარმატება დღემდე საამაყოდ გვაქვს და მომავალშიც ასე იქნება. რომის ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვებით მან ქართველ მძლეოსნებს გზა გაუკაფა ოლიმპისკენ. 78 წლის მოუხედავად, იგი აქტიურად არის ჩართული ქართულ სპორტში და საქმიანი რჩევა-დარიგებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მძლეოსნობის განვითარებაში“

რობერტ შავლაყაძე: „ოლიმპიური ჩემპიონობა საოცარი გრძნობა და დიდი სიამაყეა. გამარჯვება კი უდიდესი შრომით მოდის. გარჯა და სიძნელეთა დაძლევა უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს და დარწმუნებული ვარ, წარმატებებიც კვლავაც მოვა. ბედნიერი ვარ, რომ არ ავიწყდებათ ჩემი წვლილი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. სასიამოვნოა, როცა გაფასებენ. მომავალშიც „სპორტის დედოფლის“ გვერდით ვიქნები“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული