სხირტლაძე სიგრძეზე ხტომაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. წლეულს ზამთარში იგი სხვა ქართველ სპორტსმენებთან ერთად მოგილიოვში (ბელარუსი) ემზადებოდა.
თებერვლის მიწურულს დიდუბის მანეჟში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი 7,72 მეტრით მოიგო. ერთი კვირის წინ ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ღია ჩემპიონატში 7,75 მეტრი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
მას ერევნელმა ვარდან პახლევანიანმა აჯობა. სომეხმა ათლეტმა 8,12 მეტრით ლონდონის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა.
მაშინ ჩვენთან საუბრისას
ისრაელში კი თავის მწვრთნელს - ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანს გაჰყვა საქომაგოდ და ყოველი შემთხვევისთვის იქაც მოსინჯა ძალები. პირველსავე ცდაზე საოლიმპიადე ნორმატივის ნიშნულს (8,10) 2 სანტიმეტრით გადაამეტა.
მაიკო გოგოლაძის (მან ბულგარეთში შეასრულა სიგრძეზე ხტომაში ლონდონის ოლიმპიადის ნორმატივი) შემდეგ სხირტლაძე მეორე სპორტსმენია, რომელმაც მძლეოსნობაში მოიპოვა ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლება.
თუმცა, შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან საამისო შანსი აქვთ დავით ილარიანს (გუშინ მან 110 მეტრი თარჯებით 13,89 წამში დაფარა და ნორმატივის შესასრულებლად 0,3 წამი არ ეყო), ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს, სამმხტომელ ლაშა ღულელაურს, მორბენლებს - ბაჩანა ხორავას და ენდრიკ ზილბერშტეინს.
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა გვითხრა, რომ ზილბერშტეინი, ხორავა და ილარიანი 5 ივნისს ლატვიაში იბრძოლებენ ოლიმპიადის საგზურებისთვის. მანამდე სხირტლაძეს კიდევ ერთი სტარტი ექნება 2 ივნისს საბერძნეთში. რიგიშვილი და ღულელაური კი, შესაბამისად, უკრაინასა და ყაზახეთში იასპარეზებენ.
ოცდამეათე ლიცენზია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"