წინასწარი ინფორმაციით, იქ თითქოს დიდი აურზაური უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ შენობის პირველი სართულის ფოიეში მხოლოდ რამდენიმე სახელოვანი ათლეტი შევნიშნეთ უკმაყოფილო იერით - ყრილობაზე დასწრების უფლებას არ გვაძლევენო.
სხვა "არსაიდამ ხმა, არსით ძახილი"... თუმცა ამ ერთგვარ ხელოვნურ სიმშვიდეში მცირე ქარიშხლის მოლოდინი მაინც იგრძნობოდა...
ყრილობაზე დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგა ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, რომელმაც დამსწრეთ ორგანიზაციის ბოლო ორი წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.
კერძოდ, ითქვა, რომ 2011 წელს ახმეტელმა ლაშა ღულელაურმა ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდობის
ახალციხელმა ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მეტრზე რბენაში დარბაზებისთვის ქვეყნის მიღწევა გააუმჯობესა (48,07). წლეულს ღულელაური ბარსელონაში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე სამხტომელთა შორის მე-6 იყო.
2012 წელი წარმატებული გამოდგა სიმაღლეზე მხტომელ ზურაბ გოგოჭურისთვის. იგი "დინამო-არენაზე" 2,26 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და 1984 წელს სერგეი გოლუბოვის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა, თუმცა ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიამდე 2 სანტიმეტრი დააკლდა.
სამაგიეროდ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იასპარეზეს დავით ილარიანმა, ბოლესლავ სხირტლაძემ და მაიკო გოგოლაძემ, რომლებმაც სალიცენზიო ტურნირებზე ოლიმპიადის საგზურები ქვეყნის რეკორდების დამხობით მოიპოვეს: ილარიანმა - 110 მეტრზე თარჯრბენში (13,58), სხირტლაძემ (8,12 მ) და გოგოლაძემ (6,67 მ) - სიგრძეზე ხტომაში.
ახალგაზრდა მძლეოსანმა თემურ აბულაშვილმა ბადრო 54-მეტრიან ნიშნულს გადააცილა, გიორგი ონიანმა ურო 57,60 მეტრზე ტყორცნა, რაც ევროპაში წლის საუკეთესო შედეგია. მინსკის საერთაშორისო ტურნირზე თეონა მაჭარაშვილმა და მარიამ ჩაკაბერიამ 60 და 200 მეტრზე რბენაში პირველი ადგილები დაიკავეს.
ამჟამად ჩვენთან მძლეოსნობაში 81 მწვრთნელი მუშაობს, რომელთა ხელმძღვანელობითაც 876 სპორტსმენი ვარჯიშობს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მწვრთნელთა რამდენიმე სემინარი გაიმართა უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით; ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გარემონტდა დიდუბის მანეჟი: დამონტაჟდა და ფუნქციონირებს გათბობა, კეთილმოეწყო გასახდელები და საშხაპეები...
საანგარიშო მოხსენების შემდეგ გაიმართა არჩევნები. პრეზიდენტის პოსტზე 39-დან 37-მა დელეგატმა მხარი ალექსი ახვლედიანის კანდიდატურას დაუჭირა.
პირველ ვიცე-პრეზიდენტად ზურაბ ჯიქია, ვიცე-პრეზიდენტად ვასილ ბერიშვილი აირჩიეს. გენერალურ მდივნად ახვლედიანმა მაია აზარაშვილი დაასახელა, სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა კი თავი შეიკავა და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. თუმცა მის კანდიდატურას კენჭი მაინც უყარეს და დელეგატთა უმრავლესობამ ხმა მისცა.
- არ მსურს, არალეგიტიმური ყრილობის არჩეული ვიყო, - გვითხრა მაია აზარაშვილმა. - არ გამართულა წინასაარჩევნო კამპანია, რადგან ფედერაცია ბოლო დრომდე მალავდა დღის წესრიგს.
აქამდე ვიცოდით, რომ მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა აერჩიათ. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფედერაციის პრეზიდენტობაზე გვინდოდა კენჭისყრა, კანდიდატურის წარდგენის საშუალება არ მოგვეცა - არც მე, არც ბირთვის კვრაში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონ ტარიელ ბიწაძეს და საქართველოს რეკორდსმენ ბესიკ გოცირიძეს.
თბილისის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბედოშვილი საერთოდ, ყრილობის დელეგატიც არ ყოფილა, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თამარ შანიძე, რომელიც ერთიოდე თვის წინათ თანამდებობიდან ისე მოხსნეს, არც გაუფრთხილებიათ და მის ადგილას სხვა დანიშნეს მწვრთნელთა საბჭოს გვერდის ავლით.
ასე რომ, ჩემი გენერალური მდივნის პოსტზე დასახელება შოუ იყო. ეს რომ ნდომოდათ, თავის დროზე არ მაიძულებდნენ, ფედერაციიდან წავსულიყავი.
ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ სამართლიანი რიგგარეშე ყრილობა ჩატარდეს, სადაც დელეგატები რეგიონებიდანაც იქნებიან და ყველა მსურველს ექნება კანდიდატურის წარდგენის შანსი, რათა არჩევანის საშუალება იყოს.
- ყრილობაზე თქვენ ვაკის მანეჟის გაყიდვაში დაგადანაშაულეს.
- საინტერესოა, ამ საკითხით მანიპულირება როდის დამთავრდება. არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: 1991 წელს, როცა სახელმწიფომ ეს მანეჟი ნულოვან აუქციონზე გაყიდა, მძლეოსნობის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა თამაზ მდინარაძემ საერთაშორისო ფედერაციისგან 19 ათასი დოლარი ისესხა და იმ ფულით მანეჟის აქციათა ნაწილი შეიძინა.
სულ, მგონი, 39-მდე აქციონერი იყო. ბოლოს მანეჟი რომ გაყიდეს, ფედერაციაც იძულებული გახდა, თავისი წილიც გაეყიდა. იმ ფულის ნაწილით ვაკეში ჩვენი ორგანიზაციისთვის ოფისი შევიძინეთ, 300 ათასი დოლარი კი ფედერაციის ანგარიშზე დავტოვეთ. შემდეგ რა ბედი ეწია ამ თანხას, ვერ გეტყვით...
ალექსი ახვლედიანი: "არჩევნები ობიექტურად ჩატარდა. ყველაფერი წინასწარ იყო გამოცხადებული პრესაში, ანუ იმის თქმა მინდა, რომ წესდებისთვის არ გადაგვიხვევია.
როგორც ნახეთ, კენჭისყრა ღია და გამჭვირვალე იყო - 39 დელეგატიდან 37-მა მხარი დამიჭირა. რაც შეეხება აზარაშვილის კანდიდატურის გენერალურ მდივნად დასახელებას, ეს არ ყოფილა შემთხვევითი - ჩემი და ჩემი კოლეგების კეთილი ნებაა, პროფესიონალებს ფართო გზა მივცეთ, რადგან უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
წლეულს ოთხმა ჩვენმა სპორტსმენმა საგაისოდ მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ ლიცენზიები მოიპოვა.
კიდევ ორი ათლეტის იმედი გვაქვს. თან მედლებზეც ვფიქრობთ. საამისოდ კი ინფრასტუქტურის განვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასე რომ, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. ვისაც ქართული მძლეოსნობისთვის სიკეთე უნდა, გვერდით დაგვიდგეს და ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე".
რობერტ შავლაყაძე, ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში: "მე ვეთანხმები ბატონ ალექსი ახვლედიანს. ამ პიროვნების მოსვლის შემდეგ ჩვენთან შეჯიბრება შეჯიბრებას დაემსგავსა, პირველად ვიხილეთ მსაჯები ტურნირებზე ერთიანი ფორმით.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდუბის მანეჟი გათბა და სპორტსმენებს ნორმალურ პირობებში ვარჯიშის საშუალება მიეცათ. მძლეოსნობაში მასობრიობამ იმატა, შედეგებიც წამოვიდა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. ასე რომ, ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსვამთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"