განსაკუთრებით ძნელი რუსებთან ნახევარფინალში ბრძოლა გამოდგა, რომლებსაც დამატებით ბრძოლებში მოუგეს. ეს ჩვენი ნაკრების ყველაზე სოლიდური გამარჯვებაა.
ეს შეჯიბრება პირველი ოფიციალური ტურნირი იყო კორეელ იონგ სონგ ანისთვის, რომელიც ჯერ ოფიციალურად არაა დამტკიცებული ნაკრების თავკაცად, დანიშვნას ფინანსები აფერხებს თუმცა ეს დროის საკითხია.
გუშინვე სამშობლოში დაბრუნებული გუნდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიიღო და წარმატება მიულოცა. მან
ფედერაციის გენერალურ მდივან არტიომ სანიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც თან ახლდა გუნდს ესპანეთში.
- შედეგიდან გამომდინარე, ჩანს, სპორტსმენებმა კარგად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები...
- მთავარი, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, ეს იყო მობილიზებული და საერთო მიზნისთვის შეკრული გუნდი. ყველა აღნიშნავდა, რომ წინა წლებთან შედარებით, ჩვენები ამჯერად ბევრად მოტივირებულნი იყვნენ. მწვრთნელი მათ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც დღეში ორჯერ დროს უთმობდა, რამაც შედეგი გამოიღო.
პლეი ოფში იოლად მოუგეს პოლონელებს, რუსებთან თავიდან ვაგებდით 2-3 ქულით, მაგრამ ნელ-ნელა დავეწიეთ და ბოლოს გავუთანაბრეთ ანგარიში. დაინიშნა დამატებითი სროლები, რომელიც ისევ ფრედ დასრულდა, მეორე დამატებით სროლებში კი ორი ქულით მოვიგეთ.
უკრაინელებთანაც ვაგებდით ფინალში, მაგრამ გოგოები არ გატყდნენ და აქაც მიაღწიეს მიზანს. ალბათ, უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ რომელიმე ჩვენგანი გააფუჭებდა სროლას, მაგრამ ესებუა რომ ისროდა, მერე დიასამიძეც ზუსტად მიაყოლებდა, რასაც ნარიმანიძის ნასროლი აბოლოებდა. საბოლოოდ დაძაბულობას სწორედ უკრაინელებმა ვერ გაუძლეს. საინტერესოა, რომ შეჯიბრებისას კორეელი საერთოდ არ უყურებდა სამიზნეს, გოგოებს მხოლოდ ტექნიკური სახის რჩევებს აძლევდა. მთავარია, ტექნიკურად სწორად ისროლოთ და ისარი თავისით მონახავს გზასო, ამბობდა ის.
- საინტერესოა, ფინალის დამთავრების შემდეგ რა თქვა კორეელმა, როგორ შეაფასა გუნდის გამოსვლა?
- შეფასება ის იყო, რომ გუნდი დარბაზში გაიყვანა სასროლეთზე და იქ გააგრძელა წვრთნა - სპორტსმენებს შეცდომებზე უთითებდა. თუმცა ის ასე იქცეოდა ყველა შეხვედრის შემდეგ. მოგებით ეიფორიაში არ ჩავარდნილა. თქვა, რომ ჩემპიონობა კარგია და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელმაც ლიცენზიები და სხვა წარმატებები უნდა მოგვიტანოს, ამით ვაგრძელებთ ბრძოლას ოლიმპიადის საგზურებისთვისო. ეს უკვე გუნდია და არა უბრალოდ ნაკრებიო, ასე შეაფასა მან ნაკრების გამოსვლა. იგი კმაყოფილია შეგირდებით, მიჯერებენო. მის მუშაობას ხათუნა ნარიმანიძემაც მაღალი შეფასება მისცა. კორეელს ეჭვიც არ ეპარება, რომ ქალთა ნაკრები სამივე ლიცენზიას მოიპოვებს, თუმცა ერთ საგზურს არც ბიჭებისგან გამორიცხავს.
- გადაწყდა თუ არა კორეელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა და ამ შემთხვევაში რა ბედი ელის ნაკრების ახლანდელ მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძეს?
- მე რამდენადაც ვიცი, კორეელის დანიშვნა გადაწყვეტილია, ფუტკარაძე კი, ალბათ, მის გუნდში არ დარჩება, რადგან არ იზიარებს აზიელის მეთოდიკას. მწვრთნელი ამბობს, რომ ვინც მის მიდგომებს არ ეთანხმება, არც გუნდში იქნება - ეს ეხება როგორც სპორტსმენებს, ისე - მწვრთნელებს.
P.S. ბუნებრივია, კორეელის დანიშვნას მივესალმებით, როგორც, ზოგადად, უცხოელ მწვრთნელთა მოწვევას. მართალია, მათ ძალიან უჭირთ აქაურ რეალობასთან შეგუება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი მენტალიტეტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლურს, თუმცა არც ის გვინდა, მოწვეულთა ხარჯზე ქართველ მწვრთნელებს უდიერად მოვექცეთ. იგივეს ვიტყვით თამაზ ფუტკარაძეზეც! არ ვამბობთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დატოვონ - ეს ფედერაციის საქმეა, მაგრამ იქნებ ისე მოვახერხოთ, არც გულნატკენი დარჩეს და ნაკრებიდან ცივილური ფორმით გავუშვათ.
რაც უნდა იყოს, ამ კაცმა და მისმა ბათუმურმა გუნდმა შეინარჩუნა მშვილდოსნობა საქართველოში, ხოლო ნაკრებს თუ ევროპის ჩემპიონობა ვერ მოაპოვებინა, ორჯერ ვერცხლი და ბრინჯაო ააღებინა. ამიტომ, ვფიქრობთ, მისი მუშაობა დაფასებას იმსახურებს.
.
P.S. ამათ ყურმოჭრილი მონები ჭირდებაააააააათ!!!