ფრიად მოულოდნელად, ჩვენებურთაგან მესამე შედეგი ბათუმელმა ლანა ვერულიძემ აჩვენა და თან არცთუ ცუდად იასპარეზა - 1239 ქულა და 19-ე ადგილი. არადა, ვერულიძე
ვერ გეტყვით, ჩვენს მშვილდოსნებს კორეელის ხელი მოუხდათ თუ - ანთალიაში გავლილი შეკრება, მაგრამ პროგრესი აშკარაა. ტურნირის წინ მშვილდოსნები თურქეთში ჩვენი ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა მოინახულა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტსმენებს უკვე მაშინვე ეტყობოდათ მოტივაცია და მობილიზება. ტან თურმე გუნდში საბრძოლო განწყობა და კონკურენტული ატმოსფერო იგრძნობოდა. მისგანვე ვიცით, რომ ანთალიაში გუშინაც ცუდი ამინდი იყო, ქარიანი, რამაც შედეგებზეც იქონია გავლენა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ საბოლოოდ გაირკვა კორეელი მწვრთნელის საკითხიც - ჯერჯერობით ის ივლისში ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე იმუშავებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, მერე კი დრო გვიჩვენებს.
ოლიმპიადამდე მის დარჩენას სწორედ მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგი განსაზღვრავს. კორეელი ქალთა ნაკრებში სამივე ლიცენზიის მოპოვების პირობას გვაძლევს და საგზურს არც ვაჟებისგან გამორიცხავს. მისი ხელფასის დიდ ნაწილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაფარავს, დანარჩენს - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ესებუამ შესარჩევი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მოკლე - 50 და 30-მეტრიან დისტანციებზე შედარებით გაუჭირდა. მან მოიგო 70 და 60-იანი დისტანციები, 50-იანზე მესამე იყო, ბოლო სერიაში კი მეცამეტემდე დაქვეითდა. მთელი შეჯიბრების განმავლობაში მას ფეხდაფეხ მისდევდა იტალიელთა მოლდოველი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა, რომელმაც სწორედ მოკლე დისტანციებზე იყოჩაღა. მას ბოლო სერიაში 7-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებამდე ერთადერთი ქულა დააკლდა, მხოლოდ ექვსი ქულით მოუგო ესებუას და საერთო ჩათვლაში ერთით ჩამორჩა - 1294 ქულა დააგროვა. პირველი სამი ეტაპის შემდეგ ნარიმანიძე მეექვსე იყო, მაგრამ ბოლო სერიაში სროლები არ წაუვიდა. მეოთხე ეტაპი მან 45-ე ადგილზე დაასრულა, თუმცა წინა სამ სერიაში დაგროვილმა მონაგარმა უშველა და მეცხრეზე მაინც გავიდა. სამი სერიის შემდეგ 14-ე იყო ვერულიძეც, რომელმაც მესამე ეტაპი მეშვიდეზეც კი ჩაამთავრა, მაგრამ ბოლო სერია ამანაც ჩააგდო - 46-ზე გავიდა, თუმცა მისთვის არც 19-ე ადგილია ურიგო შედეგი. რაც მთავარია, ის ძალზე ახლოსაა ოლიმპიურ ნორმატივთან - 1250 ქულა, რასაც ესებუამ და ნარიმანიძემ გვარიანად გადააბიჯეს. წესით მათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ შედეგის გამეორება არ უნდა გაუჭირდეთ. შეგახსენებთ, რომ ლიცენზიების მოპოვების შემდეგ სპორტსმენი ვალდებულია, ეს ნორმატივი ერთი სეზონის განმავლობაში ერთხელ მაინც აჩვენოს, თორემ საერთაშორისო ფედერაციას საგზურის ჩამორთმევა შეუძლია. ცოტა არ იყოს, ეს წესი უცნაური კი გვგონია, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
თავად ტურნირი ევროპის რეგიონისთვის უძლიერესია. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მსოფლიოს თასებს საერთაშორისო ფედერაციაც ატარებს, ევროპამ კი `დიდი პრიზის~ შეჯიბრებები დაიტოვა. ეს ევროპელთათვისაა განკუთვნილი, თუმცა ორგანიზატორებს არაევროპელთა მიწვევაც შეუძლიათ, ისიც მხოლოდ პირადში და თანაც მხოლოდ უკონკურსოდ თუ გამოვლენ. ამჯერად ტურნირში ერთადერთი არაევროპელია - ერაყელი რანდ საადი. ცხადია, აზიელების, ამერიკელების და სხვათა მონაწილეობა შეჯიბრებას ბევრად უფრო სოლიდურს გახდიდა, მაგრამ ევროპის მასშტაბით ახლაც უძლიერესია. ტურნირში 71 მსროლელი გამოდის. მათ შორის - ყველა ლიდერიც, უკრაინელ ტატიანა დოროხოვას გარდა. თურქეთის ნაკრებში სპორტში დაბრუნებული ნატო ნასარიძეც კი გამოდის, მაგრამ ჩვენებურმა თავი დიდად ვერ გამოიჩინა.
პლეი ოფები ხვალ გაიმართება. ესებუა პირველ ორ წრეში ისვენებს, მესამეში კი ბელარუს ელენა იაჩნიკსა და პოლონელ მალგოჟატა გვინზცეკს შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველ წრეში ისვენებს ნარიმანიძეც, მეორეში კი ბრიტანელ ნიკი ჰუნტსა და თურქ ბეგულ ლუკლუოღლუსთან გაარკვევს ურთიერთობას. პლეი ოფში მეორე წრიდან ჩაერთვება ვერულიძეც - მისი მეტოქე თურქ დერია ურაზსა და ესტონელ რეენა პარნატს შორის გაირკვევა. დანარჩენი ჩვენებურები პირველივე წრეში იასპარეზებენ: დიასამიძეს მეტოქედ ბრიტანელი რებეკა მარტინი ერგო, ცინცაძეს - იტალიელი გვენდალინა სარტორი, კუტალაძეს - ბრიტანელი ემმა დონიე.
გუნდურ ტურნირში 13 ნაკრები გამოდის. ამიტომ ჩვენები პირველ წრეში ისვენებენ, მათი მეტოქე კი ბელარუსისა და პოლონეთის შეხვედრაში გაირკვევა. ბადის ამავე ნახევარში არიან გერმანია და რუმინეთიც, რუსეთი, ბრიტანეთი და უკრაინა კი მეორე მხარეს განლაგდნენ.