შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ჩვენებმა მასპინძლებს, როზა და ლევონ გრეგორიანებს 132:122 მოუგეს, ლუკას დანიელისა და მადისონ შეპერსის ფრანგულ დუეტს ორი ქულით - 141:139 აჯობეს, ნახევარფინალში კი ასევე ორქულიანი უპირატესობით გერმანელები, მაქსიმილიან ვეკმიულერი და კატარინა ბაიერი დაამარცხეს
აღსანიშნავია, რომ ქვლივიძეს ბიჭებს შორის პირად პირველობაში ჩვენებურთაგან მეორე შედეგი ჰქონდა, კუტალაძე კი ეროვნული ნაკრების კორეელ თავკაც ან-იონ სეუნის კადრია - მან აღმოაჩინა და უკვე ორჯერ ეროვნულ ნაკრებშიც გამოსცადა. უფროსებთან ჭიდილი კუტალაძეს გაუჭირდა, აი, თანატოლებში კი ურიგოდ არ გამოსულა - 1318 ქულა დააგროვა, ოლიმპიური ნორმატივი კი 1350 ქულაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კუტალაძე ჯერ ჭაბუკთა ასაკისაა, ის შედეგი კი ბევრად უფროსებზეა გათვლილი, თან უცხოეთში მხოლოდ მესამედ ისროდა, ვფიქრობთ, საყურადღებო მაჩვენებელია - იმედია, წლებისა და გამოცდილების მატების კვალდაკვალ, ქულებიც აუცილებლად მოიმატებს და ოლიმპიურ ნორმატივამდე ააღწევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების გაწვრთნის გარდა, კორეელს ასაკობრივი გუნდების კოორდინატორობაც ევალება. ამიტომ ერევანში ჭაბუკთა ნაკრებს მთავარ მწვრთნელ გია მაკიევთან ერთად ისიც ახლდა და აქტიურადაც ეხმარებოდა შეგირდებს.
კორეელს სულ მალე - 27-31 მაისს მშობლიურ აზიაშიც მოუწევს წასვლა ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ოღონდ ბანგლადეშში და არა სულ მთლად სამშობლოში. ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში აზიის თასის მესამე გათამაშება ტარდება, რომელშიც ჩვენი ნაკრები ძველი, უცვლელი ტრიოთი მიიღებს მონაწილეობას: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მწვრთნელს, შესაძლოა, ნარიმანიძე დაესვენებინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წაყვანა გადაწყვიტა. თავდაპირველი გეგმით, ჩვენებს ახლა არა ბანგლადეშში, არამედ ფრანგულ ბოეში უნდა ეასპარეზათ ევროპის თასზე, რომელიც ხვალ იწყება, მაგრამ აზიელებმა უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს - საკუთარი ხარჯით იღებენ და ამათაც ამიტომ გადაწყვიტეს იქ წასვლა. თანაც აზიური სკოლა საუკეთესოა მსოფლიოში. ამიტომ, სავარაუდოდ, მშვილდოსნობის მთელი ელიტა იქ იქნება თავმოყრილი და არა საფრანგეთში ანუ უფრო ძლიერი ტურნირიც ის უნდა იყოს. ალბათ, ზემოაღნიშნული ტრიო გამოვა 6-12 მაისს ანთალიაში გასამართ მსოფლიოს თასზეც, თუმცა, შესაძლოა, იქ კორეელმა სხვებიც წაიყვანოს. მათ შორის - ვაჟებიც. ჯერჯერობით ამ რანგის მხოლოდ ერთი შეჯიბრება გაიმართა - ხორვატულ პორეჩში, სადაც ჩვენგან ყველაზე უკეთ ესებუამ ისროლა - ნახევარფინალში გავიდა. ქართველთაგან მსოფლიოს რეიტინგშიც ჯერ მხოლოდ ისაა შესული - 5 ქულით X-XVI ადგილებს იყოფს.