ნარიმანიძემ ყველაზე უკეთ 60-მეტრიან დისტანციაზე ისროლა - 342 ქულით მესამე იყო, სხვებში კი ასე ვერ იყოჩაღა. ჩვენი გუნდიდან მეორე შედეგი არა ნაკრების სტაჟიან წევრებს, არამედ ლანა ვერულიძეს აღმოაჩნდა, თუმცა ამჯერად მისი მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ანთალიაში წინა სტუმრობისას, ევროპის "დიდ პრიზზე" - 1274 ქულა და 69-ე ადგილი. დანარჩენთაგან ასმათ დიასამიძეს კიდევ არა უშავს
ცხადია, ასეთმა შედეგებმა გუნდურ ასპარეზობაზეც მოახდინა გავლენა - ნარიმანიძის, ვერულიძისა და დიასამიძის საერთო მაჩვენებელი 3860 ქულა აღმოჩნდა, რაც 16-ე შედეგი გამოდგა ანუ პლეი ოფში ბოლო ადგილით შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე წრეში შესარჩევის მომგებ კორეელებს დაუპირისპირდებიან. ვერაფერს იტყვი, ძალიან ცუდი პერსპექტივაა.
იმის მიუხედავად, რომ კორეელები თურქეთში გადახალისებული გუნდით ჩავიდნენ, პირადი პირველობა მაინც მათი ტრიუმფით წარიმართა - სამეულში მხოლოდ ისინი არიან, შესარჩევის გამარჯვებული კი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბო ბაე კი გახდა. 1353 ქულით მეხუთეა ჩვენი ამერიკელი თანამემამულე ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), ხოლო თურქთა ქართველი ნატო ნასარიძე 1300-ით 45-ე ადგილზეა.
ვაჟთა შორის ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ტარიელ ქადიძე. მან 1202 ქულა დააგროვა, რაც 130 მონაწილეს შორის 122-ე შედეგი აღმოჩნდა.