ანთალია ჩვენთვის დაიხურა

AutoSharing Option
ანთალიაში გრძელდება მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი, თუმცა ჩვენთვის ის ნაადრევად დასრულდა - ასპარეზობას ქალთა ნაკრებიც გამოეთიშა და პირად პირველობას შემორჩენილი ბოლო ჩვენებური ლანა ვერულიძეც. ამის მიუხედავად, მას საყვედური მაინც არ ეთქმის, რადგან ორი წრე გაიარა და 1/16-ფინალში გავიდა, გუნდის სტაჟიანი წევრები კი პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

ეტყობა, კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი ტყუილად არ უცხადებს ვერულიძეს ნდობას - უკვე მეორე შეჯიბრებაში გამოსცადა და შეგირდმაც ორივეჯერ მიიქცია ყურადღება. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენებურმა ბრიტანელ ნაომი ფოლკრადთან მოგების შემდეგ უკრაინელთა ახალბედა ნინა მილჩენკოსთან
წააგო. უკრაინის ნაკრები, როგორც გუნდი, იქნებ უფრო დაბალანსებული და ცოტათი ძლიერია (ეს ამ ტურნირზეც გამოჩნდა - ბრიტანელები პირველივე წრიდან გამოვარდნენ, უკრაინა კი დღეს ბრინჯაოსთვის იასპარეზებს), მაგრამ გამოცდილებით ფოლკარდი აღემატება მილჩენკოს. თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანაა - უკრაინელთან შეხვედრაში ვერულიძემ მხოლოდ ერთი სეტის ფრედ დამთავრება მოახერხა, სამი კი დათმო და გავარდა. მილჩენკოს ჯავრი აშშ-ს სახელით მოასპარეზე ხათუნა ლორიგმა (ქვრივიშვილი) ამოგვყარა - მომდევნო წრეშივე მოუგო.

სხვათა შორის, მანამდე მან იაპონელ კაორი კავანაკასაც სძლია, ვინაც ასმათ დიასამიძე დაგვიმარცხა, თუმცა მეორე იაპონურ ბარიერთან - რენ ჰაიაკავასთან მეოთხედფინალში ლორიგმაც ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, მერე დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის ნაკრების გუნდურ წარმატებაში და დღეს ფინალში კორეელებთან იბრძოლებს. საკმაოდ კარგად გაისარჯა კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ თურქთა სახელით მოასპარეზე ევროპის სამგზის ჩემპიონი ნატო ნასარიძეც - ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუს მოუგო, თუმცა მერე ჩინელ მინ ჩენთან წააგო. ამის მიუხედავად, ისეთ ტიტულოვან მშვილდოსანთან გამკლავება მაინც აღსანიშნავია. მით უფრო, რომ ნასარიძე რამდენიწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს. მაშინ მან საქართველოში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ ქართულმა მხარემ რატომღაც დაინტერესება არ გამოიჩინა.

გუნდურ ტურნირში ჩვენები განწირულნი იყვნენ - პლეი ოფში მე-16 ნორმად შესულებს პირველივე შეხვედრა შეჯიბრების და მსოფლიოს მშვილდოსნობის ფავორიტ სამხრეთ კორეელებთან მოუწიათ. სასწაული არ მომხდარა - აზიელებმა 222:203 მოიგეს, მერე გერმანელები და უკრაინელებიც დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. როგორც გითხარით, მეორე ფინალისტი აშშ-ია, რომელმაც გზიდან ზემოხსენებული ბრიტანეთი, მეზობელი მექსიკა და ინდოეთი ჩამოიცილა. საყურადღებოა ინდოელთა მიერ რუსთა ძლევა და უკრაინის გამარჯვება იტალიასთან, რომელსაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა ჰყავს შემადგენლობაში. ბრინჯაოსთვის ასევე დღეს უკრაინა და ინდოეთი იბრძოლებენ.

მსოფლიოს თასი დღეს მთავრდება ფინალური შეხვედრებით, თუმცა ქალთა პირად პირველობაზე ნახევარფინალებიც დღეს გაიმართება, სადაც ოთხივე მონაწილე აზიელია. უფრო ზუსტად - სამი კორეელი და ერთი იაპონელი, ზემოხსენებული ჰაიაკავა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ბო ბაე კის ხვდება, მეორე წყვილი კი მთლიანად კორეულია - შესარჩევში მეორეზე გასული დასომი იუნგი მესამეადგილოსან გიეონგჰეე ჰანს გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული