შედეგად, ოლიმპიურმა კომიტეტმა სეზონის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა. დეკემბერში ესებუამ სეულში თანაგუნდელებთან ერთად ერთთვიანი შეკრება გაიარა.
ახლაც შეკრებაზეა, ამჯერად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც ნაკრები მიმდინარე სეზონისთვის იწყებს მზადებას. თუმცა ესებუას მანამდე შევხვდით, როცა კლუბ "გეო-გენის" შემადგენლობაში თავის დარბაზში ვარჯიშობდა, 161-ე საჯარო სკოლის შენობაში. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს კი არა, ისეთ მოუწყობელ დარბაზში ვარჯიში დამწყებს არ
- კმაყოფილი ხართ სეულში გავლილი შეკრებით და პირობებით?
- პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი შეკრება იყო, საუკეთესო პირობებით - ისეთით, ვარჯიში რომ არ დაგეზარება. შინიდან გახვიდოდი და ოღონდ გევარჯიშა, სითბოც იყო, სისუფთავეც და სხვა საზრუნავ-სადარდელი არაფერი გვქონდა.
საცხოვრებელი პირობებიც მშვენიერი იყო. ვცხოვრობდით სეულში, ჩვეულებრივ ახალაშენებულ კორპუსში, სადაც ჯერ ხალხი შესახლებულიც არ იყო. ვვარჯიშობდით ძირითადად სეულის სპორტულ უნივერსიტეტში, რომელიც უზარმაზარი კომპლექსია სპორტის ძალიან ბევრი სახეობისთვის. ასეთი კომპლექსი ჩვენი ოცნებაა.
თქვენც ხედავთ, ამ დარბაზში რა პირობებია - არც რემონტია, არც - გათბობა... დღეში, მინიმუმ, 300 გასროლა უნდა გავაკეთო, მაგრამ 100-ს, მაქსიმუმ 150-ს ძლივს ვაკეთებ, რადგან ვიყინებით და მეტს ვერ ვუძლებთ. სამი საათი ძლივს ვჩერდებით ამ დარბაზში, თუმცა ორი დღის წინ ამდენსაც ვერ გავუძელით და ადრე გავიქეცით. ელემენტარული პირობები რომ იყოს - თუნდაც მხოლოდ გათბობა, არაფერს ვიტყოდით. იყოს ეს კედლები ასე, თანახმა ვარ, ოღონდ დარბაზი თბებოდეს. ძალიან ცუდია, რომ მშვილდოსნობას ერთი ნორმალური ბაზა არ აქვს. კორეაში ყველანაირი პირობა გვქონდა, რაც სპორტსმენს ესაჭიროება. მთლიანად დარბაზი ხომ თბებოდა, სპეციალურად იატაკსაც ათბობდნენ. ერთი სიტყვით, არანაირი პრობლემა არ გვქონია. დიდი მადლობა ნაკრების მწვრთნელსაც და ფედერაციის პრეზიდენტ მამუკა ქაცარავასაც ამ შეკრების მოწყობა-დაფინანსებისთვის.
- იქაურ ან სხვა ქვეყნების მშვილდოსნებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
- კი, ცხადია. იქ ვარჯიშობდნენ უნივერსიტეტის როგორც დამწყები ჯგუფები, ასევე - პროფესიონალები, ოღონდ არა იქაური ნაკრების წევრები. ისინი სულ სხვაგან ემზადებოდნენ, თუმცა ესენიც პროფესიონალი მსროლელები იყვნენ და არაა გამორიცხული, ხვალ-ზეგ რომელიმე ნაკრებშიც მოხვდეს. შეჯიბრებებიც ჩავატარეთ მათთან - ხან გუნდური, ხანაც - პირადი.მოკლედ, ყველანაირად კარგი შეკრება იყო, წამოსვლაც არ მინდოდა აქეთ. კარგი იქნება, კიდევ თუ მოგვიწყობენ ასეთ შეკრებას. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ხანმოკლე ვარჯიშები გამოდგა - 40 დღე გამოგვივიდა, რაც საკმარისი არაა. აჯობებდა, 2-3 თვე ყოფილიყო.
- ვარჯიშებში რამე ტექნიკური სიახლე თუ იყო, რაც აქამდე არ იცოდით?
- ტექნიკური სიახლეები არ ყოფილა. იქაც იმას ვაკეთებდით, რასაც - აქ: ფიზიკური მომზადება, სროლა... უბრალოდ, ჩვენთან არაა იმის საშუალება, ფიტნეს-კლუბში წახვიდე და ივარჯიშო. იქ არც სროლებისა და ფარების დეფიციტია - ეს წარმოუდგენელია.
- იქაურები როგორ შეხვდნენ ჩვენს მწვრთნელს, მთლიანად – გუნდს. ჰიუნ სანისადმი იგრძნობოდა რაიმე განსხვავებული დამოკიდებულება?
- კორეელებმა ძალიან თბილად მიგვიღეს და დამშვიდობებისას კვლავ მიგვიპატიჟეს. სანისადმი რამე განსაკუთრებული მოწიწება არ მიგრძვნია, თუმცა იცოდნენ კი, მსოფლიოზე ვერცხლი რომ მოიპოვა. ჩემზეც ეკითხებოდნენ, რომელია ის მედალოსანიო და უკვირდათ, რომ დროის ისეთ მცირე მონაკვეთში ამხელა შედეგს მივაღწიეთ. მას ხომ იმ დროისთვის ერთი წელიწადიც არ ჰქონდა ნამუშევარი ჩვენთან.
- რა შეცვალა ნაკრებში მან ისეთი, რომ მცირე დროში დიდ შედეგს მიაღწია?
- უპირველესად, დისციპლინა შეცვალა. ძალიან მკაცრია, მომთხოვნი და ჩვენგანაც მკაცრად ითხოვს. თან ისეთი მწვრთნელია, ნებისმიერი ვითარებიდან იპოვის გამოსავალს. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ პირობები არაა, მაგრამ ის აუცილებლად მოძებნის შემოვლით გზას, რომ დეფიციტი აღმოფხვრას. დუშეთში რომ ვიყავით შეკრებაზე, იქ სარბენი ბილიკი არ იყო, მაგრამ დაგვაყენა და მთა-გორებზე გვარბენინა.
- თქვენ როგორ ეგუებით ამ სიმკაცრეს და მოთხოვნებს?
- ცოტა გვიჭირს შეგუება, მაგრამ ვიცით, რომ ეს საჭიროა და მაინც ვაკეთებთ. ენობრივი ბარიერიც სერიოზული პრობლემაა - ხან იოლად ვუგებთ ერთმანეთს, ხანდახან კი ეს დიდი დაბრკოლებაა. ხშირად გვიბრაზდება, გვიყვირის კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იოლად გვარდება და ვთანხმდებით. თან ვიცით, რომ ამას ისევ ჩვენთვის აკეთებს. დროთა განმავლობაში ჩვენც გავუგეთ ხასიათი - რა მოსწონს, რას ვერ იტანს და ესეც გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში.
კორეაშიც იყო ერთი შემთხვევა, როცა გამიბრაზდა. თოკით 500-ჯერ ხტუნაობა დამავალა. მე ვუთხარი, ამას ვერ ვიზამ და სანაცვლოდ რამე სხვას გავაკეთებ-მეთქი. არაო, ამას გააკეთებო და როცა შევეწინააღმდეგე, იმდენად გაბრაზდა, ფედერაციაში წერილიც კი გამოაგზავნა. თუმცა საბოლოოდ შევრიგდით და ვარჯიში ძველებურად გავაგრძელეთ.
- ესე იგი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობის მიუხედავად, არანაირ შეღავათს არ გაძლევთ.
- არა, არანაირს და ასეც უნდა იყოს. პირიქით - იმ მედლით მეტი სტიმული მომეცა. წინ კი მნიშვნელოვანი შეჯიბრებებია - ჯერ სალიცენზიო ტურნირი, მერე კი თვით ოლიმპიადა. გუნდურ ლიცენზიას თუ მოვიპოვებთ, უფრო გახარებული წავალ ლონდონში. იმედია, მოვიპოვებთ გუნდურ ლიცენზიას, თუმცა ეს არ იქნება იოლი. მსოფლიოზე ძალიან ძლიერი გუნდები დარჩნენ უსაგზუროდ.
- პირადად თქვენს ვარჯიშებში ტექნიკურად ბევრი რამე შეცვალა კორეელმა?
- კი, საკმაოდ და მივესალმები ამას, კმაყოფილი ვარ. იმასაც კი ვამბობ, რომ წავა, მერე რა მეშველება-მეთქი. მშვილდოსნობაში ძალინ ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაც აუცილებელია ზუსტად სროლისთვის. მაგალითად, თავი როგორ პოზიციაში უნდა დააყენო, თითები ან მხარი როგორ უნდა გეჭიროს, როგორი დგომი უნდა გქონდეს - ეს ყველაფერი და მსგავსი კიდევ უამრავი ვითომ წვრილმანი, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ოდნავაც რომ მობრუნდე, ან ფეხი სულ ცოტათი გადაანაცვლო, უკვე სულ სხვანაირი პოზიციაა.
ამასთან ექსპერიმენტებსაც ხშირად ატარებს - დღეს თუ ასე მასროლინებს, ხვალ შეიძლება მითხრას, მოდი, ახლა ასე ვცადოთო... ის ყველაფერს აკვირდება და ხშირად ისეთ რამეებსაც ამჩნევს, რასაც მე ვერ ვხედავ.
- კორეელი, როცა მწვრთნელად მოდიოდა, წარმოიდგენდით, რომ ასე მალე ამხელა შედეგს მიაღწევდა?
- თავიდან ისე ვიცოდით, რომ სამი თვით მოდიოდა. როცა ჩამოვიდა და ვნახეთ მისი ვარჯიშები, მოგვეწონა, თუმცა იქვე იმაზე ვდარდობდით, რომ წავა, მერე რა იქნებაო. მას უკვე იმ ტესტებზე შევატყვეთ, რომ საჭირო კაცი იყო. მისი ვარჯიშები მაშინვე დავაფასეთ და ვამბობდით, სულ ასე თუ ვივარჯიშებთ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებიც გავხდებითო. მოგვიანებით, როცა გავიგეთ, რომ რჩებოდა ნაკრებში სამუშაოდ, ყველა ოვაციიით შევხვდით ამ ცნობას. პირადად მე ძალიან გამიხარდა მისი დატოვება.
- საახალწლო დღეები როგორ გაატარეთ, ისვენებდით?
- მხოლოდ ოთხი დღით დაგვასვენა. კორეული შეკრების შემდეგ ის საახალწლოდ სეულში დარჩა, მაგრამ ჩვენ რომ გვიშვებდა, ყველას სათითაოდ ჩამოგვიწერა ფურცელზე, რომელ დღეებში უნდა გვევარჯიშა და როდის დაგვესვენა. თან ხელიც მოგვაწერინა. დასვენების დღეები ხობში გავატარე, სადაც უკრაინიდან ჩემი ძმა და მშობლებიც იყვნენ ჩამოსულები. თითქმის ყველა შევიკრიბეთ და ერთად ვართ, თუმცა რამდენ ხანს იქნებიან აქეთ, არ ვიცი. ოღონდ დედაჩემი დარჩება, არ წავა უკრაინაში. დედა ინვალიდი მყავს და ჩემთან იქნება.
- როგორც მახსოვს, მშვილდოსნობაში ძმაც ვარჯიშობდა უკრაინაში. ისევ აგრძელებს თუ დაანება თავი?
- ძმაც ვარჯიშობდა და დაც, მაგრამ ახლა ორივე დაოჯახებულია და დაანებეს თავი სროლას.
- ამ შეკრების შემდეგ უახლოესი შეჯიბრება რომელია?
- 1 თებერვალს ამერიკაში მივფრინავთ, სადაც მსოფლიოს პირველობა ტარდება დარბაზში. იქიდან დავბრუნდებით, მერე ისევ შეკრება და ჩვეულებრივად მზადება სეზონისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"