ქართველთა მძიმე ხვედრი შანხაიში

AutoSharing Option
შანხაიში, მსოფლიოს თასის ბოლო, მეოთხე გათამაშებაში გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ ამჯერად ქრისტინე ესებუამ ისროლა - 638 ქულა და 24-ე ადგილი. ხათუნა ნარიმანიძე 627 ქულით 36-ზე გავიდა. პლეი ოფში მოხვდა ასმათ დიასამიძეც - 618 ქულა და 50-ე ადგილი. ერთადერთი, ვინც სანუკვარ მიჯნას, ანუ მომდევნო ეტაპზე გამსვლელ 64-ეულს ვერ უწია, ახალგაზრდა ნათია ცინცაძეა - 570 ქულა და 76-ე ადგილი 83 მონაწილეს შორის.
პლეი ოფის შეხვედრები დღეს გაიმართება. სამწუხაროდ, ჩვენებს ძლიერი მეტოქეები ერგოთ. ესებუა პირველ წრეში უკრაინელ კატერინა პალეკნას ხვდება,
რომელიც ამჯერად 41-ზე კი გავიდა, მაგრამ მსოფლიოს პრიზიორია. მომდევნო ეტაპზე ამათში გამარჯვებულს საკმაოდ ძლიერ ბრიტანელ ნაომი ფოლკარდსა და ავსტრალიელ დეონე ბრიდგერს შორის მოგებული შეხვდება.

ვფიქრობთ, არც ნარიმანიძეს გაუმართლა - ჩინელ იუნლი ჭანგს ხვდება. პეკინის ოლიმპიდის ჩემპიონისა და ოლიმპიურ თამაშებზე კორეელთა 16-წლიანი ჰეგემონიის დამამხობელი ჟუან-ჟუან ჭანგის მოგვარე ნაკრებში აქამდე არც გვახსოვს, მაგრამ იქაურ ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, შემთხვევით ვერავინ მოხვდება. თან ურიგო შედეგი არც ახლა უჩვენებია საკვალიფიკაციოში - 29-ე იყო, მაგრამ ნარიმანიძეს ჩინელებთან სიურპრიზების შემოთავაზების გამოცდილება გააჩნია - 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დამატებით სერიაში მოუგო ჩინელ მსროლელს. იმედია, არც ამჯერად გაგვაწბილებს, თუმცა წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად უფრო ძლიერ ჩინელთან, შესარჩევში მეოთხეზე გასულ მინგ ჩენგთან მოუწიოს შეხვედრამ, რომელიც მანამდე ავსტრალიელ ალექსანდრა ფინეის ხვდება. თუმცა ჩვენებურთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე მაინც დიასამიძეს ერგო - ფრანგი ევროპის ჩემპიონი ბერენჟერე შუ. დღეს პლეი ოფები ნახევარფინალური ეტაპის ჩათვლით გაიმართება და გამოვლინდებიან როგორც ოქროს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი წყვილები.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის პირველ შეხვედრას აშშ-ის გუნდთან გამართავს. ამერიკელთა გუნდში ამჯერადაც გამოდის ბარსელონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში ხათუნა ქვრივიშვილი, რომელიც ახლა ლორიგის გვარით ასპარეზობს. გუნდურ ტურნირში პლეი ოფები, აგრეთვე ფინალური შეხვედრები ინდივიდუალურ პირველობაში 4 სექტემბერს, შეჯიბრების დასკვნით დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული