ქართველმა მშვილდოსნებმა ერევანში წარმატებით იასპარეზეს

AutoSharing Option
ქართველმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - ქალთა შორის პირად პირველობაში ქართული ფინალი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ იულია ლობჟანიძე დაამარცხა.

ვაჟთა შორის ასევე პირადში ლაშა ფხაკაძე მესამეზე გავიდა, გუნდურში ქალებში თბილისის გუნდმა, ვაჟებში კი ხელვაჩაურის პირველმა ნაკრებმა გაიმარჯვეს. შერეულ წყვილებში ლობჟანიძეს და ფხაკაძეს ვერცხლი დარჩათ.

ორგანიზატორები ირანმა და ზოგიერთმა შეპირებულმა ქვეყანამ დააზარალა - არ ჩავიდნენ შეჯიბრებაზე, რის გამოც ტურნირს მხოლოდ მასპინძლები, თბილისისა და ხელვაჩაურის გუნდები შემორჩნენ.

ამის მიუხედავად, ეს ასპარეზობა მაინც კარგი სტარტი იყო ჩვენებისთვის, რადგან
მათი უმეტესობა ახალგაზრდაა და სატურნირო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის; მით უფრო - უცხოურისას.

ქალების პირად პირველობაში საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენების დიდი უპირატესობით წარიმართა და მოწინავე სამეული მხოლოდ მათ შეავსეს.

ჩვენებურთაგან ყველაზე კარგად უკრაინიდან გადმობირებულმა ლობჟანიძემ ისროლა - 650 ქულა დააგროვა. ის ორივე სერიაში ლიდერობდა, ესებუა კი ასევე ორივეში მეორე იყო და 617-ით საბოლოოდაც მეორეზე გავიდა.

მესამე თეონა კუტალაძე აღმოჩნდა 582-ით. სამივე მათგანი თბილისელია, დედაქალაქელთა ასეთი ლიდერობა კი არცაა გასაკვირი იმ ფონზე, რომ ბათუმელთა წამყვანი სპორტსმენები - ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე ტურნირში არ მონაწილეობდნენ.

ერევანში ხუთეულში კიდევ ერთი ქართველი შევიდა და ის სწორედ აჭარის რეგიონიდანაა - ხელვაჩაურელი ნინო დევაძე 547 ქულით მეხუთეზე გავიდა.

ჩვენი გუნდის ლიდერებს არც ფინალში გასვლა გასჭირვებიათ. მით უფრო, მერვედფინალში ორივე თავისუფალი იყო, ნახევარფინალშიც უპრობლემოდ იმარჯვეს და მთავარი ჯილდოსთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ფრიად დაძაბულიც გამოდგა და ფრედ დასრულდა - 131:131. ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი სროლა დაინიშნა. ისარი ორივემ 10-იანში გაარტყა, მაგრამ ესებუამ პირდაპირ ცენტრში დასვა, ანუ უფრო "ახლო ათიანი" იყო და ოქროს მედალიც მას დარჩა. მესამეზე სომეხი გოარ შახნაზარიანი გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელი როზა გრიგორიანი დაამარცხა. დევაძე მეხუთეზე გავიდა, კუტალაძე - მეშვიდეზე.

ვაჟებში საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენგან ყველაზე უკეთ თბილისელმა ფხაკაძემ ისროლა - 613 ქულით მესამე იყო. აქ პირველ-მეორე ადგილები 640-640 ქულით მასპინძლებმა - არშაკ პეტროსიანმა და ვასილ შახნაზარიანმა გაინაწილეს, უკეთესი კოეფიციენტებით კი პირველობა პეტროსიანს ერგო.

შესარჩევში მეოთხე ისევ მასპინძელი დავით ხაჩატრიანი გავიდა 608-ით, მომდევნო სამი ადგილი კი ხელვაჩაურელებმა გაინაწილეს - გიგა კაკაბაძემ 588 ქულა დააგროვა, ტარიელ ქადიძემ - 585, დავით ლეკვეიშვილმა - 574.

ამათგან კაკაბაძის გამოსვლას გამოვარჩევთ - პირველი სერიის შემდეგ ის მერვე ადგილზე იყო, მაგრამ მეორეში ბევრად უკეთ ისროლა და ფხაკაძესთან ერთად იმ სერიაში მესამე-მეოთხე ადგილი გაიყო. აღსანიშნავია, რომ ერევანში მისი ძმა - გოგიტა კაკაბაძეც ისროდა.

პლეი ოფში ნახევარფინალში ჩვენგან მხოლოდ ფხაკაძე გავიდა, რომელიც იქ შახნაზარიანთან 75:86 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ შახნაზარიანი ხელვაჩაურში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა მაშინ ფხაკაძეს არ შეხვედრია. მასთან წაგების შემდეგ ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ზემოხსენებულ ხაჩატრიანს 109:96 მოუგო და პრიზიორიც გახდა.

ქალთა გუნდური პირველობის ფინალში თბილისის გუნდმა (ლობჟანიძე, ესებუა, კუტალაძე) მასპინძელთა პირველ გუნდს (გოარ შახნაზარიანი, როზა გრიგორიანი, გოარ აკოფიანი) 201:180 აჯობა და მთავარ პრიზსაც დაეუფლა.

მესამეზე ხელვაჩაურელები (დევაძე, მედეა აბულაძე, ციალა ფუტკარაძე) გავიდნენ. საამისოდ მათ ერევნელთა მეორე ნაკრებს დიდი სხვაობით - 181:158 მოუგეს.

ბიჭებში კარგად გამოვიდა ხელვაჩაურელთა ახალგაზრდული გუნდი - გიგა კაკაბაძე, ქადიძე, ლეკვეიშვილი, რომელმაც ფინალში გადამწყვეტ პაექრობაში დრამატული ბრძოლა მოუგო მასპინძელთა პირველ გუნდს.

ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა - 211:211 და წესისამებრ, დამატებითი სერია დაინიშნა, რომელშიც სამივე მონაწილე თითო ისარს ისვრის. აქ ჩვენები უფრო ზუსტნი იყვნენ - 27:25 მოიგეს. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ხელვაჩაურელთა მეორე გუნდი (არჩილ ფარსენაძე, მამუკა შუშაძე, გოგიტა კაკაბაძე) მასპინძელთა ასევე მეორე შემადგენლობასთან დამარცხდა - 179:195.

შერეულ წყვილებში ჩვენგან ამჯერად ლობჟანიძე და ფხაკაძე გამოვიდნენ, რადგან თავიანთ გუნდებში საუკეთესო შედეგი მათ ჰქონდათ. თავიც არ შეურცხვენიათ და ფინალშიც გავიდნენ, სადაც ერევნელ და-ძმასთან - ვასილ და გოარ შახნაზარიანებთან 136:141 წააგეს.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძისთვის ეს მეორე ტურნირი იყო საქართველოს სახელით ხელვაჩაურში მოგებული ზემოხსენებული შეჯიბრების შემდეგ.

თამაზ ფუტკარაძე, რომელიც ამჯერად მთავარ მწვრთნელად ახლდა გუნდს ერევანში, მისი გამოსვლით კმაყოფილია და ამბობს, თუ ლობჟანიძეს სათანადო პირობებს შეუქმნიან და ძველ ფორმას დაიბრუნებს, ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნება.

იმედია, მას მართლაც მიეცემა სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალება, რაც ჩვენს ნაკრებს დიდად წაადგება.

თუმცა ჯეროვანი სავარჯიშო პირობები პრობლემა არა მხოლოდ ლობჟანიძისთვის, არამედ ნაკრების სხვა წევრებისთვისაცაა.

ერევნული შეჯიბრებით ჩვენი მშვილდოსნებისთვის სეზონის ძირითადი ნაწილი დასრულდა, თუმცა ჰორიზონტზე 1-2 შეჯიბრების კონტურები ჯერ კიდევ ჩანს, ოღონდ, ძირითადად, ბათუმელებისთვის, რომლებიც პირად მიწვევას ელოდებიან აზერბაიჯანიდან და იტალიიდან.

აზერბაიჯანელები ხელვაჩაურშიც იყვნენ ჩასულები და მაშინ გამოთქვეს სურვილი, დეკემბერში ბაქოში გასამართ საერთაშორისო ტურნირში საპასუხო ვიზიტით ბათუმელებიც მიიწვიონ. მათგან საბოლოო პასუხს ჩვენები თვის ბოლოს ელოდებიან.

ხელვაჩაურში მასპინძლებს იტალიის გუნდიც ჰყავდათ მიწვეული, რომლებიც არ ჩავიდნენ, მაგრამ იმათმა პრეზიდენტმა მარიო სკარცელამ, რომელიც, ამავდროულად, მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, აღუთქვა, რომ ასევე დეკემბერში იტალიაში მიიწვევდა ერთ-ერთ ტურნირზე.

მის პასუხსაც ამ დღეებში ელოდებიან. თუ მართლაც მიიღეს მიწვევა, მხოლოდ გზის ფულის შოვნა დასჭირდებათ, რადგან ადგილზე ცხოვრების ხარჯებს იტალიური მხარე იღებს საკუთარ თავზე. აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირი დარბაზში იმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბავშვებო, სულ ეგრე წარმატებით გევლოთ
0

სიახლეები პოპულარული