ჩვენი ნიჩბოსნობა, 30 წლიანი შესვენების შემდეგ, ოლიმპიური ლიცენზიის მოლოდინშია

AutoSharing Option
შარშან მინგეჩაურში საზეიმოდ გაიხსნა უნიკალური სანიჩბოსნო ოლიმპიური ბაზა, რომელსაც, სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. კომპლექსის მშენებლობა 48 მილიონი ევრო დაჯდა. სწორედ ამ სპორტულ სარბიელზე შეიკრიბნენ მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის ნიჩბოსნები "მინგეჩაურის რეგატაში" საასპარეზოდ.

მედლები ორ ასაკობრივ ჯგუფში გათამაშდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 23-წლამდელ კანოისტთა პაექრობა იყო, რადგან აქ 200 და 500 მეტრ დისტანციებზე გამოდიოდა მცხეთელი ზაზა ნადირაძე, რომელსაც წლეულს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად მცირედი დააკლდა.

ზაზამ მინგეჩაურის რეგატაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ახალგაზრდებში მსოფლიოს
ჩემპიონებს - უკრაინელ სერგეი ბეზუგლისა და რუს მაქსიმ პროკოპენკოს, რომლებმაც წლევანდელ მსოფლიოს ფორუმზე ლონდონში გასამგზავრებელი საგზურები დაიბევეს. 200 მეტრზე სამივე კანოისტი ფინიშთან ერთდროულად მიიჭრა, გამარჯვებული და პრიზიორები ფოტოფინიშმა გამოავლინა: მთავარი ჯილდო ბეზუგლიმ მოიგო, მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, პროკოპენკომ და ნადირაძემ გაინაწილეს. ქართველი კანოისტი 500 მეტრზეც ბრინჯაოს დასჯერდა, კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხურები კი ამჯერად რუსმა და უკრაინელმა გაცვალეს.

საგულისხმოა, რომ გუშინ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციამ კიეველი კოლეგების წერილი მიიღო - უკრაინელები 27 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ზაზა ნადირაძეს შეღავათიან ფასებში თავიანთ პირველ ნაკრებთან სამკვირიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე იწვევენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ ნადირაძეს ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა შეუძლია. საგზურისთვის პაექრობა მას გაისად 16-18 მაისს პოზნანში (პოლონეთი) მოუწევს. ამდენად, კიევური შეკრება დაოსტატებაში დიდად დაეხმარება.

"მინგეჩაურის რეგატაში" 18-წლიანთა შორის თავი ისახელა თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც ორი წლით უფროსებთან ბაიდარათი პაექრობაში 200 მეტრზე ყველას აჯობა, 500 მეტრზე კი მესამე ადგილზე გავიდა, დუშელმა ეკა შაბურიშვილმა კი პირიქით - 500 მეტრზე იყოჩაღა: მისი ბაიდარა აქ პირველი იყო ფინიშთან, 200 მეტრზე კი მხოლოდ უკრაინელმა მეტოქემ აჯობა. ორადგილიანი ბაიდარათი გიორგი მარტოლეკმა (მცხეთა) და გიორგი ტაბატაძემ (ფოთი) 200 და 500 მეტრზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ორადგილიანი კანოეთი დუშელებს - გიორგი ჭინჭარაშვილსა და გიორგი შაბურიშვილს თითო ვერცხლი (200 მ) და ბრინჯაო (500 მ) ერგოთ.

რეგატაში აკადემიური ნიჩბოსნებიც მონაწილეობდნენ. 23-წლიანებში ქუთაისელი თორნიკე სინატაშვილი 2000 მეტრზე ერთადგილიანი ნავით მესამე იყო, ხოლო მცხეთელმა ძმებმა - ლაშა და გიორგი ოთიაშვილებმა ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მეორე ადგილი დაიკავეს. 18-წლიანებში პირველი ფინიშთან მცხეთელი ნიკოლოზ კანდელაკი მიიჭრა. მისი თანაქალაქელები - არჩილ ბაიაშვილი და ირაკლი მჭედლიშვილი ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ.

- აზერბაიჯანულ ბატალიებში მოპოვებული 3-3 ოქრო-ვერცხლითა და 8 ბრინჯაოთი ქართველმა ნიჩბოსნებმა წლევანდელი სეზონი დაამთავრეს, - გვითხრა საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - ახლა სპორტსმენები ცოტას დაისვენებენ და დეკემბრიდან ახალი შეჯიბრებებისთვის მზადებას შეუდგებიან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ზაზა ნადირაძეს ყოველმხრივ დავეხმაროთ, რათა მან ქართველ ნიჩბოსნებს 30-წლიანი "შესვენების" შემდეგ ოლიმპიური საგზური მოგვიტანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული