კორეა უმედლოდ დავიწყეთ

AutoSharing Option
კორეულ ჩანჯოუში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შაბათ-კვირას სპორტული პისტოლეტიდან სროლის შეჯიბრება გაიმართა. მოგეხსენებათ, იქ ჩვენგან ორი სპორტსმენი გამოდის - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. აღნიშნულ პაექრობებში ორივე გამოვიდა, ფინალში კი მხოლოდ სალუქვაძე მოხვდა. მან საბოლოოდ 778.9 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე დარჩა. რაც შეეხება ქადაგიძეს, ის 534 ქულით 58-ე იყო.

ქალთა შეჯიბრებაში საკმაოდ მაღალი შედეგები აღინიშნა, თუმცა ტურნირი საინტერესო სულ სხვა კუთხით გამოდგა - აქ რამდენიმე ისეთმა ლიდერმა "გამოიღვიძა", რომლებიც ბოლო შეჯიბრებებში დიდად ვერ
ბრწყინავდნენ. ასეთთა შორის, უპირველესად, ჩინელ მსოლფიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ინგ ჩენს დავასახელებთ, რომელმაც შესარჩევი ტურნირი 589 ქულით მოიგო (ბოლო სერიაში მან ქულათა მაქსიმუმი - 100 ქულა გააკეთა).

საკვალიფიკაციოში მეორე ბულგარელი ანტოანეტა ბონევა იყო 587-ით, რომელსაც წლეულს, პირიქით, მეორე სუნთქვა გაეხსნა და საკმაოდ კარგად ისვრის - წინა, ანალოგიურ შეჯიბრებაზე სიდნეიში მესამეზე გავიდა და საბოლოოდ ახლაც ეს შედეგი გაიმეორა. 586 ქულა დააგროვა უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა, რომელიც წლეულს ასევე ჩინებულად ასპარეზობს - სიდნეიში პნევმატურში მესამე იყო, სპორტულიდან შეჯიბრებაში კი გაიმარჯვა. 585-585 დააგროვეს ჩინელმა ჯინგ იუანმა და მონღოლმა მსოფლიოს ბრინჯაოს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა გუნდეგმაა ოტრიადმა, რომელიც პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ასევე ჩრდილშია მოქცეული. მეექვსე შედეგი აღმოაჩნდა კიდევ ერთ მონღოლს, ოღონდ უკვე გერმანიაში გადაბარგებულ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელ მუნკბაიარ დორჯსურენს - 584. 583 ქულა ჰქონდა სალუქვაძეს, რომელმაც პირველი სამი სერია კარგად ჩაატარა - 97, 98 და 99 ქულა გაარტყა. აი, მეორე ნახევარში კი მოუკლო შედეგს, რამაც ჩამოაქვეითა კიდეც. ფინალში ბოლო, მერვე ნომრად სახელოვანი ბულგარელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა შევიდა 581-ით.

ბოლო ხანებში ვერც გროზდევა ბრწყინავს და ახლაც ფინალის საგზურისთვის დამატებით სროლები დასჭირდა, რადგან ამდენივე ქულა კიდევ ოთხმა მონაწილემ დააგროვა. ფრიად გასაკვირია, რომ იმ კვარტეტში ინდოელი მსროლელიც აღმოჩნდა - ანისა საიიედი, რომელიც სულაც მეცხრეზე გავიდა და ცოტა დააკლდა, კინაღამ გროზდევა ჩატოვა საკვალიფიკაციოში. ინდოეთისთვის სროლა ნამდვილად არაა უცხო სპორტი, მაგრამ ტყვიის სროლაში აქამდე წარმატებები არ ჰქონიათ. ეტყობა, იქ სპორტს სათანადო ყურადღება ექცევა და ჭიდაობის გარდა (აქ ქართველი მწვრთნელების დიდი დამსახურებით, უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჰყავთ) სხვა სახეობებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

ფინალი ჩინელთა დაძაბული პაექრობის ასპარეზად იქცა - ყველაზე უკეთ მათ ისროლეს. ახალგაზრდა იუანმა 206,3 ქულა დააგროვა და ცოტათი აჯობა ტიტულოვან თანაგუნდელს, რომლის მონაგარი 205,6 აღმოჩნდა. თუმცა ჩენი შესარჩევიდანვე საგრძნობლად უსწრებდა და საჩემპიონოდ ეს შედეგიც ეყო - 794.6 დააგროვა. იუანს 791,3 გამოუვიდა და ვერცხლს დასჯერდა, თუმცა, ვფიქრობთ, ამით ძალიან კმაყოფილიც დარჩება, რადგან მინიმალური სხვაობით აჯობა მესამეზე გასულ ბონევას - 791,2. აღსანიშნავია, რომ მათ სიდნეიშიც იმავე ხარისხის მედლები მოიპოვეს ასევე სპორტულში ანუ მათი პაექრობა ჯერ კიდევ იქიდან დაიწყო.

რაც შეეხება სალუქვაძეს, ფინალში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 195,9, რითაც ჯამში 778.9 დაუგროვდა და მერვე ადგილზე დარჩა.

ამ ტურნირის შემდეგ ლონდონის ლიცენზიანტთა სიას ინგ ჩენი, დორჯსურენი და ოტრიადი შეემატნენ.

ვაჟთა შეჯიბრება იტალიელმა ფრანჩესკო ბრუნომ მოიგო 662,2 ქულით. ვერცხლი რუსმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლეონიდ ეკიმოვმა მოიპოვა - 660,6, მესამეზე კი კორეელი დაემიუნგ ლეე გავიდა 659,1 ქულით. სიდნეიში ორივე დისციპლინაში გამარჯვებული იაპონელი ტომოუკი მაცუდა ამჯერად სუსტად გამოვიდა და მხოლოდ 17-ე იყო.

დღეიდან ჩანჯოუში პნევმატური პისტოლეტით სროლაში გაჩაღდება ორთაბრძოლები. დღეს სტარტზე ქადაგიძე დადგება, სალუქვაძე კი ამ დისტანციაზე ხვალ ისვრის.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული